მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ ძიუდოში გუნდური შეჯიბრება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევა, ოღონდ - შერეული გუნდის პრინციპით. გუნდში 6 წონითი კატეგორია იქნება, საიდანაც სამი ვაჟებისა იქნება (73, 90, +100) და ამდენივე - ქალებისა (57, 70 და +78).

აქამდე ოლიმპიადების პროგრამაში გუნდური შეჯიბრება საერთოდ არ იყო, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე კი ვაჟებსა და ქალებში ცალ-ცალკე ტარდებოდა. მოგვიანებით გაჩნდა იდეა ოლიმპიადაში მისი შეტანისა და ამ მიზნით გამორჩეული გამოდგა 2013 წელს რიო დე ჟანეიროში გამართული შეჯიბრება, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლამის მთელი ხელმძღვანელობა
ჩაიყვანეს.

მაშინ მართლაც სამაგალითო შეჯიბრება ჩაატარეს, თუმცა სოკ-ი სახეობების გაზრდას ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ამიტომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შარშან კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა მას - შეექმნათ შერეული გუნდი, სადაც თანაბრად იქნებოდნენ წარმოდგენილი ქალები და ვაჟები. ამას ფემინისტური ფაქტორიც დაემატა - ყველა სოლიდური საერთაშორისო გაერთიანება ცდილობს, ქალთა როლი გაუთანაბროს ვაჟებისას.

ოღონდ ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 12 საუკეთესო გუნდი და ძალიან საინტერესოა მათი შერჩევის კრიტერიუმი. მთავარი წინაპირობაა, რომ უნდა მოიპოვო საგზური ამ ექვსივე წონაში, ან, მინიმუმ, 4-ში მაინც. მერე დაჯამდება ცალკეული ქვეყნებიდან ამ წონებში ლიცენზირებულთა ქულები და ასე გამოვლინდება 12 საუკეთესო გუნდი, რომელიც დაიშვება ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში. ამათგან 4 საუკეთესო განთესილი იქნება.

პირდაპირ ვიტყვით, რომ ეს წესი არცთუ მისაღებია ჩვენთვის, რადგან ამ ეტაპზე არ გვყავს მაღალი დონის ქალი ძიუდოისტები. ჩვენთვის ბევრად აჯობებდა, ეს შეჯიბრება ორივე სქესისთვის კვლავაც ცალ-ცალკე ჩატარებულიყო - ამ პირობებში ვაჟები ფავორიტები იქნებოდნენ. ვაჟების წონებში ახლაც შეგვიძლია, არხეინად ვიყოთ, აი, ქალებიდან კი, მინიმუმ, ერთი ლიცენზია მაინც გვჭირდება, თორემ ისე აზრი არ აქვს, ვერ მოვხვდებით იმ 12-ში.

თუმცა მთლად უიმედოდ არც ქალთა წონებში ვართ: გაჩნდა ჭორი, რომ 70 კილოგრამში ისევ აგრძელებს ჭიდაობას ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი და აგვისტოში, ბუდაპეშტშიც გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზეო.

ამასობაში ძიუდოს დარბაზს მიაკითხა სავარჯიშოდ სამბოში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა. 57-ში ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტმა და მართლაც ნიჭიერმა მარიამ ჯანაშვილმა აინაცვლა, მძიმე წონაში კი ჯერ ლიდერი სამბოში ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ელენე ქებაძე გვყავს, ახალი თაობიდან კი ძალიან კარგი გოგოა სოფიო სომხიშვილი, თუმცა ჯერ პატარაა, ჭაბუკთა ასაკში გამოდის. ოღონდ ოლიმპიადამდეც 3 წელიწადია დარჩენილი, თაობა კი ძალიან ნიჭიერი მოდის.

დავუბრუნდეთ ისევ გუნდურ ტურნირს, სადაც იმ ფონზე, როცა ქალებიდან დიდ შევსებას არ ველოდებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, რომ ვაჟები იმ სამ წონაში რეიტინგში რაც შეიძლება, მაღლა იყვნენ, რათა მეტი ქულა დაგვეწეროს და მეტად წავიწიოთ წინ.

როგორც უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ გვითხრა, თუ ოლიმპიადაზე გუნდურში შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდება, უპირველესად, ყურადღება მიექცევა იპონების რაოდენობას. ეს მაჩვენებელიც თუ თანაბარი აღმოჩნდება, მაშინ დაითვლიან წუთებს - ვინ უფრო ნაკლები დრო მოანდომა გამარჯვებას.

ამასობაში ვრცელდება ხმები, რომ აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში, მსოფლიოს წლევანდელ პირველობაზეც ამ ახალი წესებით სურთ გუნდური პირველობის ჩატარება, თუმცა, ნუცუბიძის თქმით, ამას ხელს ის უშლის, რომ მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობა რეიტინგით და ქულებით არ ხდება, იქ გამოსვლა ყველას შეუძლია. ამიტომ ახლა იმაზე ბჭობენ, რა პრინციპით შეარჩიონ გუნდურისთვის გუნდები.

ამ რეფორმით სოკ-ი ცდილობს, გაზარდოს ქალთა წარმომადგენლობა ოლიმპიადაზე და ვაჟებისას დაუახლოვოს ის. თურმე ლონდონში ქალები მონაწილეთა 44 პროცენტი ყოფილა, რიო დე ჟანეიროში - 46, ტოკიოში კი ხუთი სახეობის რამდენიმე დისციპლინაში მიქს-გუნდების დაშვებით 48 პროცენტამდე გაზრდის.

ფემინისტური მოძრაობის გავლენა კიდევ ერთ სეგმენტში შეეხო ძიუდოს: აქამდე თუ ვაჟებში ოლიმპიადის ლიცენზია რეიტინგის 22 მოწინავე ქევაყნას გადაეცემოდა, ქალებში კი - მხოლოდ 14-ს, ახლა "ძლიერ სქესს" 4 ადგილი მოაკლეს და ქალებს დაუმატეს. ამით მათი რაოდენობა გათანაბრდა ანუ ტოკიოს თამაშების საგზურს ქალებშიც და ვაჟებშიც რეიტინგის 18-18 მოწინავე ათლეტი მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ამ შემთხვევაში უშანსოდ ვართ ზუსტად რომ ქალების გამო!!!!
mamuka
20:59 15-06-2017
0
აზრი არ აქვს მონაწილეობას ქალები გვყავს ამ ეტაპზე სუსტები
kakha
10:15 16-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული