მინსკში ვაჟთა ნაკრები არასრული და გადახალისებული შემადგენლობით გამოვა: მონაწილე არ გვეყოლება 60 კილოგრამში და თან არ იჭიდავებს ლიდერთა დიდი ნაწილი.
თუმცა ირაკლი ცირეკიძეს ბაქოში ყველა მიჰყავს, რადგან ნაკრები ტურნირის შემდეგომ ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩება და უცხოელებთან გამართავს სპარინგებს.
60 კილოგრამის გამოტოვება იმან განაპირობა, რომ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ამირან პაპინაშვილს ამ ეტაპზე შეჯიბრება აღარ სჭირდება და
დარჩება თუ არა ის ამ წონაში, ან სამომავლოდ სად ეცდება თავის დამკვიდრებას, ამას მომავალი გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი ახალ წონაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა.
მეორე მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ მინსკში ტრავმა-ოპერაციებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იჭიდავებს ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90). იმედია, ის მალევე შეძლებს ძველებური ფორმის აღდგენას.
მინსკში ორი სპორტსმენი - ბექა შავდათუაშვილი (73) და ბექა დონღვანი (81) საკუთარი ხარჯით მიდიან, სხვებს კი საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აფინანსებს.
გუნდისთვის ეს შეჯიბრება უფრო სათადარიგო ფალავნების გამოსაცდელი შანსია, თუმცა შესარჩევის თვალსაზრისითაც ფრიად მნიშვნელოვანია: მწვრთნელებმა სწორედ აქ უნდა შეარჩიონ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი ბოლო, მეცხრე მონაწილე. ძირითადი შემადგენლობა მათ უკვე გარკვეული ჰყავთ, თუმცა მის გამოცხადებას ჯერ არ ჩქარობენ; დარჩენილია ერთი ვაკანტური ადგილი, სადაც სამი პრეტენდენტია: ლაშა გიუნაშვილი (66), ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე - 90). ნაკრებში იმას შეიყვანენ, ამ ტრიოდან მინსკში ვინც უფრო უკეთ იასპარეზებს.
გუნდი ბელარუსში ორ ნაწილად გაემგზავრება: ტურნირში მონაწილენი 19 ივლისს დილით წავლენ, შეკრებაზე წამსვლელები კი - 23-ში, გვიან ღამე.
სტამი ბრუნდება?
ამასობაში გაჩნდა რაღაც შანსი, რომ ისევ დაგვიბრუნდეს ნატურალიზებული ჰოლანდიელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70). ამ უქმეებზე მისი გვარი გაჩნდა გერმანულ ზაარბრიუკენში ჩატარებულ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე", წილისყრის ოქმშიც იყო შეტანილი, თუმცა საბოლოოდ მაინც ამოიღეს სიიდან. როგორც თენაძემ გვითხრა, მას თავის დანებება კი სურს, მაგრამ მისი მენეჯერი-მწვრთნელი, ჩვენი ქალთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გიორგი გვიჩიანი ძალიან ცდილობს, დაიყოლიოს კარიერის გაგრძელებაზე.სტამის დაბრუნება აქტუალური იმდენადაა, რომ ეს წონაც შედის გაერთიანებულ გუნდში. თუმცა თენაძე იმედიანადაა, რომ თუ ოძელაშვილი ბოლომდე შეძლებს ძიუდოზე გადმორთვას, ფიზიკურად იმდენად კარგადაა მომზადებული, 70 კილოგრამში სხვისი ძებნა არც დაგვჭირდება.
ვაჟები
66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, ბექა შავდათუაშვილი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"