ლიცენზიანტი: ბეთქილ შუკვანი - ძიუდოისტების მედროშე ორმაგი პასუხისმგებლობით

AutoSharing Option
ბეთქილ შუკვანი
ძიუდო (60)
დაიბადა: 1988 წლის 30 აგვისტოს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2011); ევროპის ჩემპიონი გუნდურში (2007); ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში (2004); ევროპის მესამე პრიზიორი ახალგაზრდებში (2006), საქართველოს ჩემპიონი (2009) და ორგზის ვერცხლისმედალოსანი (2007, 2010); თბილისის მსოფლიოს თასის გამარჯვებული (2012), მეორე (2010) და მესამე პრიზიორი (2009); ბუქარესტის (2011), ობერვარტისა (2012) და ბუენოს აირესის (2012) მსოფლიოს თასების ჩემპიონი; რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადის" ჩემპიონი (2012).
პირველი მწვრთნელები: გურამ მოდებაძე, სპარტაკ გორგაძე; მწვრთნელი: ბორის ფირცხელიანი.
ოლიმპიადის დებიუტანტი

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი
ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ყველაზე ბოლოს გაინაღდა ადგილი ოლიმპიურ გუნდში. ოღონდ ამის მიზეზი არა ლიცენზიის მოპოვება, არამედ შიდა კონკურენცია იყო - მან საგზური ადრევე გაინაღდა, მაგრამ სალიცენზიო რეიტინგში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თანაგუნდელ ამირან პაპინაშვილს.

მათი დავა საბოლოოდ ორმა ფაქტორმა გადაწყვიტა - დასკვნით ეტაპზე შუკვანმაც მნიშვნელოვნად მოუმატა, ხოლო თავად პაპინაშვილი ავად გახდა. თუმცა ვინ იცის, ესეც რომ არა, იქნებ ნაკრების მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს მაინც მასზე შეეჩერებინა არჩევანი, შუკვანი ბოლო თვეებში იმდენად კარგად ჭიდაობდა.

ბეთქილ შუკვანი სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში იმთავითვე მოექცა. ჯერ ჭაბუკებში, მერე კი ახალგაზრდებში წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ნაკრებში დამკვიდრებას და ლიდერობას დიდხანს ვერ ახერხებდა.

ცხადია, ამის მიზეზი, დიდწილად, კონკურენციაც იყო - სხვებს რომ თავი დავანებოთ, მაშინ ამ წონაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ნესტორ ხერგიანი და დავით ასუმბანი ჭიდაობდნენ, თუმცა შუკვანს "დიდ ავიაციაში" მოსვლა რომ დაუგვიანდა, ვფიქრობ, უმეტესად მაინც მისი ხასიათის ბრალია - სათანადოდ არ ვარჯიშობდა.

ბორის ფირცხელიანს, ამ მართლაც მუყაით მწვრთნელს, ხშირად დაუჩივლია, რასაც ვთხოვ, თუნდაც იმის ნახევარსაც რომ ვარჯიშობდეს, რაღა მიჭირდაო. ბუნების რაღაც უცნაური ლოგიკაა - რაც მეტად ნიჭიერია ადამიანი, მით მეტად ზარმაცია, მით მეტი შრომაა საჭირო მისი ნიჭის სრულად გამოსაყენებლად.

შუკვანის შემთხვევაშიც ასეა, თუმცა მის კარიერას მთლად სიზარმაცესაც ვერ დავარქმევთ - დარბაზშიც დადიოდა და რაც იქ ევალებოდა, მეტ-ნაკლებად ყველაფერს ასრულებდა, ანუ ვარჯიშს არ იზარებდა, მაგრამ მისი პრობლემა (თუ შეიძლება ასე ითქვას) დარბაზიდან გასვლის შემდეგ იწყებოდა - არ იცავდა რეჟიმს, მასაც სძლევდა ახალგაზრდული გატაცებები და არად დაგიდევდათ სპორტსმენისთვის აუცილებელ ისეთ მცნებებს, როგორებიცაა დასვენება, ძალების აღდგენა, დროულად დაძინება, სათანადო კვება, მომზადება მეორე დღისთვის. აი, სწორედ ამაში იყო მისი პრობლემა, ეს ახდენდა გავლენას მის გამოსვლაზე.

მართალია, დიდად არც ძალისმიერი ვარჯიშები (შტანგა, ბაგირზე ცოცვა, სირბილი) იზიდავდა, ლეიბზე შესვლა და ილეთები უფრო ეიოლებოდა, მაგრამ ამას როგორღაც აგვარებდა; დღის რეჟიმი კი მისი "აქილევსის ქუსლი" იყო.

შემობრუნება...
წლებთან ერთად ახალგაზრდული გატაცებები ძნელად, ნელ-ნელა, მაგრამ თანდათან მაინც განელდა, მისი ადგილი კი უფრო პროფესიულმა თვისებებმა დაიკავეს. ნელ-ნელა თვითონაც მიხვდა, რომ მეტი შრომა იყო საჭირო.

მის მეტამორფოზაში ფირცხელიანმაც შეიტანა წვლილი, რომელიც შეგირდებისადმი განსხვავებული, უფრო ახლობლური მიდგომით გამოირჩევა, თითქოს საკუთარი ოჯახის წევრი იყოს. თუმცა შუკვანისთვის არც უცხო კაცია - ნათესავები არიან. ფირცხელიანის წვლილს არც შუკვანი ივიწყებს: "მან მამასავით მიპატრონა, გადაყოლილია ჩემზე სპორტული თუ ფინანსური თვალსაზრისით" - ამბობს ის.

მწვრთნელმა გამუდმებული მცდელობით მიზანს მიაღწია. შეგირდმაც მხარი აუბა და ორივეს ერთობლივი ძალისხმევით ათლეტის ბუნებრივი მონაცემები კიდევ უფრო განავითარეს.

შუკვანისთვის ქართული ჭიდაობა და მისი სხარტი ილეთები უცხო არაა, არც სისწრაფე დაეწუნება და სწორედ ამას ეფუძნება მისი საჭიდაო სტილი - გავიხსენოთ, რამდენი შეხვედრა მოიგო ეფექტური გდებით თბილისში, ბუქარესტში, ობერვარტში და სხვაგან.

შუკვანის შემობრუნება შარშან სტამბულში, ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო. მაშინ საყოველთაო აზრით, ის მორიგი დაკარგული ტალანტი იყო, მაგრამ მოულოდნელად მშვენიერი ჭიდაობა აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა - დაამარცხა სომეხი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ჰოვანეს დავთიანი, ამავე ტიტულის მფლობელი აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და რუსთა სომეხი ევროპის ჩემპიონი არსენ გალსტიანი.

მაშინ ფინალი უკრაინელთა ქართველ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ გიორგი ზანთარაიასთან პირწმინდად წააგო, მაგრამ ამისთვის არავის დაუძრახავს - ერთი იმიტომ, რომ ზანთარაია ძლიერი მოჭიდავეა და მეორეც იმის გამო, რომ მასში უკვე დავინახეთ მაღალი დონის ძიუდოისტი.

მართლაც - მისი სისწრაფე და ტექნიკა ნებისმიერს დიდ პრობლემებს შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ილეთს გრძნობს, ტატამზე ფიქრობს, თორემ მისი გამოსვლა ასე თვალსასეირო არ იქნებოდა.

ამის შემდეგ ბუქარესტის ტურნირი კი მოიგო და მერე ხანგრძლივი ჩავარდნა დაეწყო, რის მიზეზადაც თავად გაზრდილ ფიზიკურ დატვირთვებს ასახელებს. ნაკრების მაშინდელი სამწვრთნელო შტაბი ამას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მაგრამ ფაქტია - სპორტსმენი გადაღლის გარდა, თიაქარმაც შეაწუხა.

აქ სხვებთან ერთად ისევ ფირცხელიანმა ჩაიცვა "რკინის ქალამნები" და თავზე დაადგა შეგირდს - საგანგებო ვარჯიშებით ცდილობდა ძველ კონდიციებში დაბრუნებას. მართალია, ამისთვის უკვე ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელად დაბრუნებულს დროდადრო საყვედურობდნენ, მარტო მაგის მწვრთნელი ხომ არ ხარო, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწია და წლეულს უკვე შუკვანის ხელმეორე შემობრუნება ვიხილეთ.

მცირე ტრავმით - ოლიმპიადაზე
მან გუნდთან ერთად გაიარა ოლიმპიადისთვის მზადების მთელი ციკლი, თუმცა არცთუ უტრავმოდ. საბედნიეროდ, ისეთი საშიში არაფერი ყოფილა, ვარჯიშში ხელი შეეშალა.

მცირე ტრავმა ახლაცაა - რამდენიმე დღის წინ კარებში თითი მოიყოლა (ისე, ფათერაკებიც მისი კარიერის თანამდევია), მაგრამ არც ესაა იმდენად სახიფათო, ოლიმპიადამდე არ მოუშუშდეს და ხელი შეუშალოს. აი, რას ამბობს ის საკუთარ მომზადებაზე: "ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, კარგად ვარ მომზადებული.

თითი კი მტკივა, მაგრამ იქამდე დარჩენილ დროში სრულად მომიშუშდება. ახლა ძველებური დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ ეს კარგიცაა - ცოტას დავისვენებ და ჭიდაობაც უფრო მომწყურდება. ტურნირის წინ ისედაც მუდამ ასე ვაკეთებ - რამდენიმე დღით ვისვენებ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს".

რამდენად მოქმედებდა მასზე გამუდმებით მოლოდინის რეჟიმში ჭიდაობა, მუდამ მდევრის როლში ყოფნა? ამაზე მტკიცე ხმით გვიპასუხა, მოლოდინი არ ვიცი, ამაზე არ ვფიქრობდი, მე მჯეროდა, რომ ოლიმპიადაზე ვიჭიდავებდი და ასეც მოხდაო.

ესეც მისი ხასიათის დამახასიათებელი თვისებაა - სიმტკიცე და თავდაჯერება, რაც ცხოვრებაშიც და ტატამზეც კარგ სამსახურს უწევს. შუკვანს ძიუდოისტებიდან პირველს უწევს გამოსვლა ოლიმპიადაზე - 28 ივლისს ჭიდაობს.

მის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული დანარჩენთა გამოსვლა. ასეთი პასუხისმგებლობისგან კი სხვები თავისუფალნი არიან. ამიტომ ორმაგად ვუსურვოთ წარმატება ორმაგი სირთულის დაძლევაში!

შუკვანი: მჯეროდა და ასეც მოხდა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტი ლაშა შავდათუაშვილი - გამართლებული ნდობა
ლიცენზიანტი ლადო ხინჩეგაშვილი - მიულერას ბიჭი
ლიცენზიანტი დავით მარსაგიშვილი - ფავორიტი ყაზბეგიდან
ლიცენზიანტი დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი
ლიცენზიანტი მაიკო გოგოლაძის იღბლიანი წელიწადი
ლიცენზიანტი ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება
ლიცენზიანტი რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა
ლიცენზიანტი რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან
ლიცენზიანტი სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი ირაკლი თურმანიძე
ლიცენზიანტი ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ლიცენზიანტი ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული