ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან

AutoSharing Option
რევაზ ლაშხი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (60 კგ)
დაიბადა: 1988 წლის 26 მაისს ბორჯომში
ევროპის ჩემპიონი (2011 წ.) უფროსებში; ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში (2004), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში (2005), "ოქროს დიდი პრიზის" სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი (2008; 2009; 2010), მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონი (2010), "გერმანიის დიდი პრიზის" გამარჯვებული (2012).
პირველი მწვრთნელი: გოგა რაზმაძე, მწვრთნელი: აკაკი ჩაჩუა.

ოლიმპიადის დებიუტანტი
რევაზ ლაშხმა ბერძენ-რომაელთა ეროვნულ გუნდში ომახიანად შეაბიჯა - პირველივე ცდაზე მოიგო საქართველოს პირველობა, მაგრამ მერე გაუჭირდა დამკვიდრება.

უფრო სწორად - საერთაშორისო არენაზე წარმატების მოპოვება, თორემ ნაკრებში წონის ლიდერობას თითქმის მუდმივად
ინარჩუნებდა. გარდატეხა შარშან მოხდა, როცა ლაშხმა ევროპის პირველობა მოიგო.

არადა, იმ ტურნირის წინ მის გამარჯვებას იქნებ ბევრი ვერც იწინასწარმეტყველებდა და ფავორიტად უფრო სხვებს დაასახელებდა. უპირველესად - აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს, რომელსაც წაგების სიმწარე რამდენიმე წელიწადი არ ეწვნია.

აზერბაიჯანელის კარიერაში თბილისს მნიშვნელოვანი როლი უკავია - 2009 წელს აქ ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, როცა ფინალში არჩილ თურმანიძე დაგვიმარცხა და მისი ჩინებული კარიერაც აქედან დაიწყო.

მართალია, მან წინა წელსაც მოიგო იგივე ტურნირი, მაგრამ 2008-ში ახალგაზრდების მსოფლიოზე არ გამოსულა, ანუ იმ სეზონში ერთი ჩავარდნა ჰქონდა. 2009 წლიდან კი აიწყვიტა და მის შეჩერებას ვერავინ ახერხებდა - იმავე წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მომავალ წელს უფროსებში გადაინაცვლა და უკვე იქ შეასრულა დუბლი.

ერთი სიტყვით, ის იმ პერიოდში წონის გამოკვეთილი ლიდერი იყო, თუმცა იმასაც ყველა ხვდებოდა, რომ ასე წაუგებლად მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა და ალიევი სადღაც წაიფორხილებდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, სად მოხდებოდა ეს და ვინ დაუდებდა მას კვანტს.

საბედნიეროდ, ეს არცთუ იოლი ამოცანა ლაშხმა შეასრულა, რომელმაც დორტმუნდში გამართული ევროპირველობის ნახევარფინალში დამატებით დროში მოუგო ალიევს. ეს იყო ძალზე დაძაბული შეხვედრა, რომელშიც გამოცდილებამ, რაციონალურმა აზროვნებამ გაიმარჯვა.

ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხების შემდეგ ჩვენებურს ფინალში ბულგარელი ივო ანგელოვის ძლევა ევალებოდა კიდეც და იოლადაც აჯობა. ამდენად, ლაშხი პირველი ბორჯომელი გახდა, რომელმაც მშობლიურ რაიონს პირველი სპორტული ტიტული მოუტანა - მდიდარი ტრადიციების მიუხედავად, მანამდე იქაურებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არ ჰყავდათ.

სხვათა შორის, იმ წაგებამ ალიევი ფსიქოლოგიურად არია და მოშალა. მართალია, ის წონის პრობლემამაც შეაწუხა, მაგრამ ვერც დორტმუნდული ალიყური დაივიწყა.

ძილი გამიფრთხა და ღამეები არ მეძინა იმ მარცხის მიზეზებზე ფიქრითო, - გამოტყდა მსოფლიოს შარშანდელი პირველობის წინ აზერბაიჯანელი და დასძინა, ერთი სული მაქვს, სტამბულში რევანში ავუღო ქართველსო.

სამწუხაროდ, რევანში არ შედგა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თურქეთში ორივე ნაადრევად გამოვარდა და ერთმანეთს არ შეხვედრიან.

იყო შესაძლებლობა, ისინი ერთმანეთს სალიცენზიო ტურნირშიც დაჭიდებოდნენ, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება - ისე მოხდა, რომ ალიევმაც და ლაშხმაც ჩინეთში გადაწყვიტეს ჭიდაობა, თუმცვა მანამდე სოფიაში ტარდებოდა სალიცენზიო შეჯიბრება.

აი, იქ აზერბაიჯანელთაგან კამრან მამედოვმა მოიპოვა ლიცენზია და ალიევის ჩინეთში წასვლა საჭირო აღარ გახდა. ამის მიუხედავად, დიდი შანსია, ოლიმპიადაზე მაინც ალიევი წაიყვანონ, მამედოვი კი სახლში დატოვონ.

მართალია, მას შემდეგ ლაშხმა ანალოგიური წარმატება ვეღარ გაიმეორა და რამდენიმე სერიოზული ტურნირიც წააგო, მაგრამ იმის შემდეგ თავდაჯერებაც შეემატა და ფსიქოლოგიურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. იმ ჩავარდნის მიზეზად თვითონ სწორედ ფსიქოლოგიურ მომენტს მიიჩნევს, ყოველთვის მიჭირდა დაჯერება, რომ მე ეს შემეძლოო, - მითხრა ერთხელ.

დღეს, როცა შეჯიბრებაზე მიდის, თვითონაც დარწმუნებულია, რომ იმ ტურნირის მოგებაც შეუძლია და სხვებიც ფავორიტად მიიჩნევენ.

ამის მიუხედავად, ის მაინც ნერვიულობს ოლიმპიადის წინ, სადაც პირველად იჭიდავებს. ეს თუნდაც იმაზეც ეტყობა, რომ მაქსიმალურად გაურბის ჟურნალისტებთან ურთიერთობას, თუმცა დიქტოფონის გარეშე ჩვენთან მშვენიერ ურთიერთობაშია - არც თვალს გვარიდებს და ვერც სალამს დაასწრებ.

ისიც ხშირად მომხდარა, როცა შორიდანვე წამოსულა ხელის ჩამოსართმევად. კაცმა რომ თქვას, სანერვიულო მართლაც აქვს, რადგან ლონდონში უხერხული მეტოქეები ეყოლებიან. უპირველესად - კორეელი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ჯი-ჰიუნ იუნგი. მათი გზები ბოლო წლებში რამდენჯერმე გადაიკვეთა და - კორეელის სასარგებლოდ.

პირველად ეს 2010 წელს მოსკოვში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მოხდა, სადაც ლაშხმა ჯერ იაპონელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, კიდევ ერთ სტრატეგიულ მეტოქე რიუტარო მაცუმოტოსთან წააგო, მერე კი ბრინჯაოსთვის შეხვედრა კორეელთან დათმო.

მოსკოვში გამართული ეს ტურნირი ლაშხისთვის მედლის მოპოვების პირველი შანსი იყო, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. 30 წლის კორეელმა ჩვენებური შარშანაც დაჯაბნა სტამბულში, მსოფლიოს სალიცენზიო პირველობაზე.

სხვათა შორის, იქ წასვლამდე ლაშხი თურმე სულ ნატრობდა, ოღონდ ის კორეელი არ შემხვდესო... სტამბულში მაცუმოტოც შეხვდა, რომელსაც რევანში აუღო, იუნგთან კი კვლავ დამარცხდა...

სტამბულში გამართული ეს პირველობა ერთ-ერთი ცივი შხაპთაგანი იყო მისი ქომაგებისთვის. მოგეხსენებათ, იქ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდებოდა, წაგება კი უსაგზუროდ დარჩენას ნიშნავდა.

რეალობა მწარე იყო, მაგრამ არც უკან დასახევი გზა რჩებოდა და ლაშხიც შეუყვა ძნელ აღმართს. გაწბილება კიდევ უფრო გააძლიერა ჩინეთში გამართულმა ზემოაღნიშნულმა სალიცენზიო ტურნირმა, სადაც მას კვლავ ხელი მოეცარა.

თუმცა ლონდონში მიმავალი მატარებლის ბოლო ვაგონს მაინც შეახტა - ჰელსინკში, ბოლო სასაგზურე ტურნირზე გაიმარჯვა და ლიცენზიაც მიიღო.

მართალია, ეს ამ რანგის ბოლო შეჯიბრება იყო, სადაც უკვე ლიცენზირებული ათლეტები, ანუ წონის ლიდერთა უმეტესობა არ გამოდიოდა, მაგრამ არც სუსტი მეტოქეები ჰყავდა - ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოსმედალოსანი.

იქ მან ხუთი შეხვედრა გამართა და ოთხი ძირითად დროში მოიგო - მოლდოველ მაქსიმ მამულატთან, ხორვატ ტონიმირ სოკოლთან, შვედ ფრუნზე ჰარუთინიანთან და ნორვეგიელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ სტიგ ანგე ბერგთან. დამატებითი დრო კი მხოლოდ სერბ ევროპის მედალოსან დავორ სტეპანეკთან დასჭირდა.

იმ ტურნირში მან თავი ტექნიკური, მაღალხარისხოვანი ჭიდაობითაც გამოიჩინა - მთელ რიგ ორთაბრძოლებში მეტოქეებს ბლომად აართვა ქულები, თვითონ კი თითო-ოროლას თუ დათმობდა.

დაახლოებით ამავე ხელწერით ჩაატარა მან ამ შაბათს ისევ დორტმუნდში გამართული "გერმანიის დიდი პრიზის" ტურნირი, სადაც კვლავ მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე და კვლავაც გაიმარჯვა. იმედია, ეს ამაღლებული განწყობა ლონდონშიც გაჰყვება და კვლავაც გაგვახარებს წარმატებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტი. სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი - ირაკლი თურმანიძე
ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეზო მომავალი ოლიმპიური ჩემპიონია ლადო გეგეშიძესთან ერთად, დანარჩენი ბიჭებისაც დიდი იმედი გვაქვს.
gushematkivari
11:31 04-07-2012
0

სიახლეები პოპულარული