თავისუფალი ჭიდაობა, 84 კგ.
დაიბადა: 1991 წლის 30 მარტს ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში.
ევროპის ჩემპიონი (2012) და ვიცე-ჩემპიონი (2011), მსოფლიოს მესამე პრიზიორი (2011); ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი (2011) და ვიცე-ჩემპიონი (2009), მსოფლიოს ჩემპიონი (2011) და მესამე პრიზიორი (2009); ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2007). ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2007).
პირველი მწვრთნელი: ლევან მარსაგიშვილი; მწვრთნელი: დავით ხურცია.
ჰობი: მუსიკა.
ოლიმპიადის დებიუტანტი.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი (84) ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ 10-12 წლის წინათ მოსულ ტალღას მოჰყვა ყაზბეგიდან.
საქართველოს ამ ულამაზესი მონაპირე
ლევან მარსაგიშვილი ადრე თვითონაც ჭიდაობდა და იმდენად სურდა, შვილებიც მოჭიდავეებად გაეზარდა, ალბათ, ღმერთს მხოლოდ გოგოები რომ მიეცა, იმათაც ავარჯიშებდა. ბიჭებს კი სულაც ხმალშემართული ადგა თავზე. შეიძლება ითქვას, პატარა დათოს არჩევანი არც ჰქონდა, მამა იმდენად მკაცრი მწვრთნელი იყო - საკუთარ სახლში პატარა დარბაზი მოაწყო და სპორტის სხვა სახეობების გაგონებაც არ უნდოდა, შვილებს გამუდმებით ჭიდაობაში ავარჯიშებდა.
პატარა ბიჭის ცხოვრებაშიც ხშირად ყოფილა მომენტი, როცა ჭიდაობა ეჯავრებოდა, მაგრამ მშობელს ხათრს ვერ უტეხავდა. დღეს იმ დროს ღიმილით იგონებს და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ მამა არ მოეშვა, ბოლომდე მიჰყვა და აიძულა ვარჯიში.
ახლა მისი ყველაზე ერთგული და ემოციური ქომაგი მამაა - იყო შემთხვევები, როცა მან შვილის ფინალურ შეხვედრებს ნერვიულობისგან ვერ უყურა.
ახალგაზრდულიდან ეროვნულისკენ - ჩავარდნის გავლით
15 წლისა იყო დავით მარსაგიშვილი, როცა თბილისში გადმოიყვანეს სავარჯიშოდ და დავით ხურციას ჩააბარეს.
მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება და ჭაბუკთა ნაკრებშივე მოიპოვა წარმატება, თუმცა მისი ვარსკვლავი მთელი სიკაშკაშით მაინც ახალგაზრდულში ამობრწყინდა. იმ პერიოდში მარსაგიშვილს ერთდროულად უწევდა გამოსვლა ახალგაზრდულსა და ეროვნულ გუნდებში.
ორივეგან წარმატებით გამოდიოდა, თუმცა სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება პირველი და ერთადერთი ჩავარდნა, რაც, სავარაუდოდ, ორ გუნდში გამოსვლას, ძალების არათანაბარ განაწილებას უკავშირდება.
2010 წელს მას ახალგაზრდებში ელოდა ჯერ ევროპის, მერე კი მსოფლიოს პირველობა. პარალელურად, უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც ამზადებდნენ, თუმცა მანამდე - ივნისში, თბილისის სპორტის სასახლეში ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირზე გამოვიდა. ამას ახალგაზრდულის თავკაცი ნუგზარ სხირელი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეროვნულის ხელმძღვანელობა დასაშვებად მიიჩნევდა და აჭიდავეს.
მარსაგიშვილი კარგადაც გამოვიდა - მხოლოდ ფინალში დამარცხდა უკრაინელ ევროპის ჩემპიონთან, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ტარას დანკოსთან.
ამის მიუხედავად, მისი გამოსვლა მაინც დადებითად შეფასდა, რადგან ფინალამდე სხვებთან ერთად თურქთა ნაკრების მაშინდელი ლიდერი სერდარ ბოკეც ჩამოიცილა და თან ასაკიდან გამომდინარე, არც ვერცხლი იყო ურიგო შედეგი.
ამ მედალმა ყველა ოპტიმიზმით დამუხტა, მაგრამ მარსაგიშვილი ისე ერთბაშად მოიშალა, როგორც აწყობილ მანქანას გაუფუჭდება ხოლმე რაღაც მექანიზმი. ეროვნულს ვინღა დაეძებდა, ახალგაზრდულშიც კი წააგო ევროპისა და მსოფლიოს პირველობები.
2010 წელიწადი მის კარიერაში მხოლოდ ეროვნულში სადებიუტო წლად დარჩა - მსოფლიოზე იჭიდავა მოსკოვში. თავად იმ ჩავარდნის მიზეზად გადაღლას მიიჩნევს, თუმცა ახლა მთავარი ისაა, რომ პრობლემა გამოსწორდა და შარშან სპორტსმენს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა.
მარსაგიშვილი VS რუსები
მსაჯთა უნამუსობა რომ არა, მარსაგიშვილი ახლა ევროპის ორგზის ჩემპიონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2011-ში უსამართლობით ისედაც განთქმულმა საჭიდაო თემიდამ საერთოდ გააკვირვა ევროპა - დორტმუნდში, კონტინენტის პირველობის ფინალში, რუს ანზორ ურიშევთან შეხვედრაში ლეიბის მსაჯი გამარჯვებულად ქართველს აცხადებდა, მაგრამ მაგიდის არბიტრმა და მსაჯთა გილდიამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.
ნახევარი წუთით ვიყავი ევროპის ჩემპიონიო, ხუმრობდა თბილისში დაბრუნებული მარსაგიშვილი.
რუსებთან მარსაგიშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება შარშანვე გაიმართა მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე, სადაც ფინალში დედით ქართველი ოსი გიორგი რუბაევი ისე გააცამტვერა, მეტოქე სიმწრისგან ტიროდა და წამოდგომა არ უნდოდა. სიმწრისა თუ სირცხვილის ცრემლებს ის ვერც ფიცარნაგიდან ჩასვლისას იკავებდა.
2011 წელი ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მის კარიერაში - თამაშ-თამაშ, უპრობლემოდ მოიგო ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ახალგაზრდებში, უფროსებში ევროპაზე - ვერცხლი, მსოფლიოზე კი ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა ჭიდაობის ხარისხის მხრივ წლეულს გაცილებით მაღალ დონეზეა, ბევრად უფრო დახვეწილი და დაოსტატებულია.
ბელგრადში ისე მოიგო კონტინენტის პირველობა, სერიოზული წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. მას ძალიან წაადგა ეროვნულ ნაკრებში გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები, თუმცა "ფიზიკა" მაინც მის ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლად რჩება.
იმავე ურიშევთან ამანაც აზარალა, თორემ იქნებ ბევრად იოლად მოეგო. ის ძირითად დროს ბევრად იოლად უმკლავდება, მაგრამ საქმე თუ დამატებით მესამე პერიოდზე მიდგა, ეს მისთვის უკვე სერიოზული პრობლემაა.
იმედების ოლიმპიადა
მარსაგიშვილი წლეულს პირველად იჭიდავებს ოლიმპიადაზე და რა გასაკვირია, ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის გულდაგულ რომ ემზადება, თუმცა ამ გზაზე მცირე პრობლემებიც არის.
- ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ პირველ შეკრებაზე სომხურ წახკაძორში კოჭი ვიტკინე - გვიყვება მარსაგიშვილი. - ჯერ ერთ ფეხზე და იმის მოფრთხილებაში, როცა სიმძიმე მეორეზე გადამქონდა, ისიც ამტკივდა. ამიტომ ის შეკრება სრულყოფილად ვერ გავიარე. მომდევნოებში კი არავითარი პრობლემა არ მქონია. ტრავმებიც მომირჩა და ორი დღის წინ საკონტროლო შეხვედრებიც კარგად ჩავატარე - სუნთქვაც ნორმალური იყო, გამძლეობაც და დიდად არც დაღლა მეტყობოდა.
შეიძლება ის შეფერხება კარგიც იყო, რადგან სხვანაირ, სპეციფიკურ ვარჯიშებს ვაკეთებდი, უფრო გამძლეობაზე, ელასტიურობაზე, სუნთქვაზე ორიენტირებულს. თან იქ მეორე ფეხი შეკრების ბოლოს ვიტკინე და მზადება არც გამიცდენია. საბედნიეროდ, ახლა იმ დაზიანებების კვალიც აღარაა დარჩენილი.
ოლიმპიადაზე პირველად ვიჭიდავებ, მაგრამ ჯერჯერობით მშვიდად ვემზადები, ემოციურად დატვირთული არ ვარ. არც იმაზე ვფიქრობ, რომ ეს განსხვავებული ტურნირია და ნეტავ, როგორი იქნება-მეთქი. ვემზადები ჩვეულებრივად და მოსაგებად ვარ განწყობილი.
ვნახოთ, რა იქნება. ვიცი, რომ ფავორიტად მიმიჩნევენ, მაგრამ ეს, პირიქით, იქნებ სტიმულიცაა. ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტორი არ მთრგუნავს. ეს შემაფერხებელი უფრო ახალგაზრდებში იყო, როცა პარალელურად ორ გუნდში გამოვდიოდი.
ოლიმპიადაზე მთავარ კონკურენტად აზერბაიჯანელ მსოფლიოს ჩემპიონ შარიფ შარიფოვს მივიჩნევ, რომელსაც კარიერაში არასოდეს შევხვედრივარ. შარიფოვის შემდეგ რუს ურიშევსა და უზბეკ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანზორ სოხიევს დავასახელებ.
ცხადია, სხვებიც ძლიერები არიან, მაგრამ ამ სამეულს გამოვარჩევ. ბოლო შეკრებაზე ძირითად აქცენტს სისწრაფესა და ამგვარ ფაქტორებზე გავამახვილებთ. დატვირთული ვარჯიში არ მექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტები. დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი
ლიცენზიანტი. მაიკო გოგოლაძის იღბლიანი წელიწადი
ლიცენზიანტი. ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება
ლიცენზიანტი. რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა
ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან
ლიცენზიანტი. სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი. ირაკლი თურმანიძე
ლიცენზიანტი. ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ლიცენზიანტი. ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა