ლიცენზიანტი: ნუგზარ ტატალაშვილი - მოთმინებით, ლონდონამდე

AutoSharing Option
ფოტოზე: ტატალაშვილი შუაში
ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილი
ძიუდო, 73 კგ
დაიბადა: 1990 წლის 20 მარტს, გორში
დიდებში - გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი (2012) და მესამე პრიზიორი (2011), თბილისის მსოფლიო თასის (2012) გამარჯვებული, მადრიდის მსოფლიო თასის მესამე პრიზიორი (2010); ახალგაზრდებში - ევროპის მესამე პრიზიორი (2009), თურქეთის და უნგრეთის ევროპის თასების გამარჯვებული.
მწვრთნელები: ნიკო ბიბილაშვილი, ანზორ თენაძე
ჰობი: სპორტული ავტომანქანები
ოლიმპიადის დებიუტანტი

მეექვსე წელიწადია, რაც 22 წლის ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილი საქართველოში ცხოვრობს და გორში ვარჯიშობს. ადრე მათი ოჯახი ჩელიაბინსკში იყო და ტატამთან მისი
ნაცნობობა სწორედ რუსეთის ამ ქალაქში დაიწყო. მშობლიურ გორში საცხოვრებლად დაბრუნებულმა გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზს მიაშურა, სადაც მისი დაოსტატება ანზორ თენაძემ და ნიკო ბიბილაშვილმა ითავეს.

"ჩვენთან მოსვლისას ბაჩოს საჭიდაო არსენალში ფანდების სიმწირე შევნიშნეთ, თუმცა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა თავიდანვე არ აკლდა. ზუსტად ამ ელემენტებზე დაყრდნობით შევუდექით მასთან მუშაობას" - იხსენებს ნიკო ბიბილაშვილი.

მაშინ, ალბათ, ოცნებაც კი გაუჭირდებოდათ მწვრთნელებს, რომ ბაჩო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებდა. 16 წლის ჭაბუკისთვის უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვნად მოჩანს. ამასთან, გორის ძიუდოს სკოლას კარგა ხანს ძლიერი ფალავნების გაზრდის ტრადიციაც აღარ გააჩნდა.

ბაჩო ტატალაშვილი იყო პირველი, რომელიც ნაკრებში გორის განახლებული ძიუდოს სკოლიდან თავის წონით კატეგორიაში პირველ ნომრად დააყენეს.

იქამდე ბაჩომ ახალგაზრდულ პირველობებზე ისახელა თავი. 2009 წლის ზაფხულში (ივლისი, აგვისტო) უნგრეთისა და თურქეთის ევროპის თასებზე ზედიზედ მოიპოვა გამარჯვება.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა იკმარა. სეზონის მიწურულს ტატალაშვილი საქართველოს ჩემპიონატზე დიდებში ასევე ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

მაშინ სამივე საპრიზო ადგილზე თვითონ და მისი თანადარბაზელები (ჩემპიონი დილებაშვილი გახდა, მეორე იყო ხმიადაშვილი) გავიდნენ. ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა არჩევანისთვის სამივე გამოსცადა ჯერ ჩვენს დედაქალაქში და შემდეგ უცხოეთის არენებზე.

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ბაჩო გორში დაბადებულ იოსებ ფალელაშვილთან (ისრაელი) დამარცხდა, რომელთანაც მომდევნო წელიწადს პარიზში მიაღწია რევანშს. თუმცა პარიზშივე 2010 და 2011 წლებში მის რისხვად იქცა კორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი კი ჩუნ ვანგი.

ტიტულოვანმა აზიელმა 2010 წელს ეს ტურნირი რომ მოიგო, პირველ წრეშივე ზუსტად ტატალაშვილი დაამარცხა, მაგრამ საგულისხმოა, რომ მხოლოდ მას სძლია გაფრთხილებებით; სხვა დანარჩენი ოთხი მოწინააღმდეგე კორეელმა წმინდა გამარჯვებებით ჩამოიცილა გზიდან. მომდევნო წელს ვანგი პარიზში ისევ, ამჯერად მეოთხედფინალში გადაეყარა ქართველს და ისევ მოუგო.

ასეა თუ ისე, ესოდენ ტიტულოვან ფალავანთან წაგება ახალბედა ძიუდოისტს ნაკრების მწვრთნელებმა ტრაგედიად არ შეუფასეს. მით უფრო, რომ უცხოურ ასპარეზზე ბაჩომ თავის წონაში მაინც სხვებზე უკეთ წარმოაჩინა თავი და 73 კგ-ში ლიდერობა ანდეს. დიდებში ბაჩოს პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მადრიდის მსოფლიო თასზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.

"მჯერა, ეს პირველი საფეხურია უკეთეს მიღწევებამდე. დიდი გამარჯვებები ყველას უნდა, მაგრამ საამისოდ მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს სპორტსმენს. ბევრი შრომა მმართებს და რწმენა იმისა, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია! შთამბეჭდავ შედეგს ხომ უმალ ვერავინ იმკის" - გვითხრა მადრიდიდან დაბრუნებულმა ტატალაშვილმა.

მოთმინების და ამასთან, ძლიერი ფიზიკური ვარჯიშების ატანის უნარი რომ მართლაც ჰქონდა, შარშანაც გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების ავსტრიელი თავკაცის, პეტერ ზაიზენბახერის უმკაცრესი რეჟიმი და ვარჯიშები ნაკრების წევრთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ აიტანა. ზოგმა ტრავმა მიიღო და ზოგიც ფიზიკურად "გამოიფიტა".

ჩვენი წერილის გმირს კი ეს პრობლემა არ შეხებია. სულ შეკრებებზე მყოფი ტატალაშვილი გორში სანახავადაც სანატრელი გაუხდათ. მახსოვს, გურამ პაპიტაშვილის დარბაზში იშვიათი სტუმრობისას როგორ შემოეხვეოდნენ თანადარბაზელები და უამრავ კითხვას დააყრიდნენ ხოლმე მონატრებულ თანაგუნდელს.

მიმდინარე სეზონი თბილისის მსოფლიო თასის მოგებით დაიწყო. "თბილისის მსოფლიო თასის მოგება ჩემი წლევანდელი მიზნებიდან პირველი იყო, რომელსაც მივაღწიე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი მოვიგო. ჩემპიონატი ჩემი ბავშვობის ქალაქში, ჩელიაბინსკში ტარდება.

უპირველესი მიზანი კი, რასაკვირველია, ოლიმპიური თამაშები და იქ წარმატებული ასპარეზობაა" - გვითხრა ტატალაშვილმა თბილისის ტურნირის მერე. ამ მოგებით და შემდეგ ობერვარტის (ავსტრია), დიუსელდორფის (გერმანია) ტურნირებზე ჩამთვლელი ქულების მოპოვებით მან ოლიმპიურ რეიტინგში საჭირო ქულები დააგროვა.

ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაშიც არ უასპარეზია ურიგოდ. მართალია, გუნდურში, მაგრამ ოქროს მედლის გარეშე ხომ მაინც არ დაუტოვებია დარბაზი, სადაც ძიუდოში პირველი ნაბიჯები გადადგა. წლეულს მისი მესამე და უმთავრესი მიზანიც, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისა, შესრულებულია, თუმცა თავად მხოლოდ ამით დაკმაყოფილებას არ ფიქრობს.

"მონდომება არ მაკლია და კარგ სპორტულ ფორმაშიც ვარ. თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ ოლიმპიადიდან მშობლიურ საქართველოს მედლით დავუბრუნდე".

ლონდონში მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლება - კორეელი ვანგი, იაპონელი ნაკაია, ფრანგი ლეგრანი, რუსი ისაევი და უკრაინელი სოროკა.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი ბეთქილ შუკვანი - ძიუდოისტების მედროშე ორმაგი პასუხისმგებლობით
ლიცენზიანტი ლაშა შავდათუაშვილი - გამართლებული ნდობა
ლიცენზიანტი ლადო ხინჩეგაშვილი - მიულერას ბიჭი
ლიცენზიანტი დავით მარსაგიშვილი - ფავორიტი ყაზბეგიდან
ლიცენზიანტი დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი
ლიცენზიანტი მაიკო გოგოლაძის იღბლიანი წელიწადი
ლიცენზიანტი ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება
ლიცენზიანტი რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა
ლიცენზიანტი რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან
ლიცენზიანტი სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი ირაკლი თურმანიძე
ლიცენზიანტი ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ლიცენზიანტი ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული