ოქროს დასასრული: ტიუმენში ადამ ოქრუაშვილმა ოქრო მოიპოვა

AutoSharing Option
ტიუმენში, ძიუდოისტთა მასტერსის ფინიში ქართული გამოდგა, რადგან ეს პრესტიჟული ტურნირი ქართული ოქროთი დასრულდა - შეჯიბრების ბოლო შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) ბრაზილიელი რაფაელ სილვა შებოჭა და სამშობლოს ეროვნულ დღესასწაულს რუსეთიდან შეუერთდა, მისი თანაგუნდელების ხმაშეწყობილი "საქართველოს გაუმარჯოს" კი ამჯერად შორეული ციმბირის მიწაზე გაისმა.

შედეგობრივად თუ სანახაობრივად, ჩვენთვის ეს ამ ტურნირის ჭეშმარიტი ფინალი გამოდგა, რადგან სხვა ფავორიტები მანამდე დამარცხდნენ და ოქროს მოპოვების ბოლო იმედს ვებღაუჭებოდით.

ამის გარდა, ქართველთა ანგარიშზე კიდევ სამი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ამირან პაპინაშვილმა (60), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა
(90) მოიპოვეს.

ევროპის წლევანდელი პირველობისა არ იყოს, ჩვენი ნაკრებისთვის ეს 4 მედალიც სარეკორდოა ამ რანგის ტურნირის ისტორიაში - აქამდე ერთადერთი ბრინჯაო გვქონდა მოპოვებული, რომელსაც 2010 წელს, სულ პირველ მასტერსზე ლომერ ჟორჟოლიანი (100) დაეუფლა, რომელმაც ახლა ტიუმენში ავადმყოფობის გამო ვერ იჭიდავა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მე-6 ადგილზე გავიდნენ, ვაჟებში - მეოთხეზე, მაგრამ ეს ხარისხობრივი მაჩვენებლებით; რაოდენობრივად კი ვაჟებში ყველაზე მეტი მედალი მოვიპოვეთ.

მართლაც "ოქრო-ბიჭმა" ოქრუაშვილმა ბოლო ხანებში ბრუნი კოზირად გაიხადა და ტიუმენშიც საიპონედ აბრუნ-აბზრიალა მეტოქეები - ჯერ კუბელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ოსკარ ბრისონი გაიქნია ბეჭებზე, მერე ნახევარფინალში მრავალნაცად და პან-ამერიკის სამგზის გამარჯვებულ ბრაზილიელ ვალტერ სანტოსს დაახვია თავბრუ;

ფინალში კი, როგორც გითხარით, მისი თანაგუნდელი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი სილვა დაჩაგრა პირწმინდად - ორჯერ გააფრთხილებინა, რასაც იუკო და ვაზარი მიაყოლა, თან იქვე შებოჭა კიდეც.

სასიხარულოა, რომ ეს ბიჭი ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს. ამჯერად წონის ფრანგი ლიდერი, ტედი რინერი არ გამოდიოდა, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს ჩვენებურის წარმატებას, იმდენად დამაჯერებლად ჭიდაობდა.

თან ბრაზილიელები მასზე ბევრად მაღლები არიან, რაც ზედა ჩავლების შანსს, პრაქტიკულად, უსპობდა. სამაგიეროდ, ქამრიდან შედეგიანად აჰყავდა ყველა. საყურადღებოა, რომ სანტოსს შარშანაც მოუგო ბრაზილიაში, რიოს "დიდი მუზარადის" ფინალში.

პაპინაშვილის მედალზე არანაკლებ გასახარია, რომ ჩვენებურმა, როგორც იქნა, შეძლო რუსთა ევროპის ექსჩემპიონ ბესლან მუდრანოვის დამარცხება - კარიერაში მეხუთე შეხვედრაში, რაც ამჯერად დამამშვიდებლის ფინალში გაიმართა.

ჩვენებურმა ზუსტად შეასრულა მწვრთნელის მითითება მეტოქის შეტევათა შეჩერების შესახებ და მსაჯთა მიკერძოების პირობებში, როცა გაფრთხილებების გამო მისი ბედი სასწორზე ეკიდა, წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ამ მედლით პაპინაშვილმა მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილიც შეინარჩუნა.

ეტყობა, ჭრიკიშვილს თავიდან "გახსნა" გაუჭირდა და პირველივე შეხვედრაში, მოულოდნელად, რუსთა შარშანდელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მურატ ხაბაჩიროვთან დამარცხდა.

სამაგიეროდ, საკუთარი შესაძლებლობები დამამშვიდებელში გამოავლინა, სადაც რუსთა ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი სულ რაღაც ერთთვიან პერიოდში უკვე მეორედ დაჯაბნა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი კანადელ ოლიმპიურ პრიზიორ ანტოინ ვალოის ფორტიერთან ნახევარი ძალით გაიმარჯვა. სხვათა შორის, წლეულს მასაც მეორედ აჯობა - პირველად დიუსელდორფში დაამარცხა.

ლიპარტელიანმა კვლავაც რუს კირილ დენისოვთან წააგო, კარიერაში უკვე მეექვსედ. მართალია, ახლა გდება არ გაუშვია და მხოლოდ ერთადერთი გაფრთხილებით დათმო, მაგრამ მარცხი მარცხია და ეს ნუგეშად არ გამოადგება.

ქვეჯგუფში ჩვენებურმა მეორე რუს გრიგორი სულემინსა და იაპონელ შოჰეი შიმოვადას უპრობლემოდ აართვა ვაზარები, დამამშვიდებლის ფინალში კი ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ აკერის შეაწყვეტინა ბრძოლა.

სამწუხაროდ, ჩვენი სხვა მონაწილენი - შალვა ქარდავა (66), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ლევან წიკლაური (81), ზვიად გოგოჭური (90) და ირინე ლეონიძე (+78) პირველივე წრეში დამარცხდნენ და ვერც სანუგეშოში გადავიდნენ.

კვარცხლბეკი
60 კგ. 1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); 2. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი); 3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ფელიპე კიტადაი (ბრაზილია).
66 კგ. სერგეი ლიმი (ყაზახეთი); 2. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია); 3. დავიდ ლაროსე (საფრანგეთი), გოლან პოლაცკი (ისრაელი).
73 კგ. 1. ნიამ-ოშირ საინჯარგალი (მონღოლეთი); 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია); 3. ცაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი), მირალი შარიპოვი (უზბეკეთი).
81 კგ. 1. ივან ნიფონტოვი (81); 2. კეიტა ნაგაშიმა (იაპონია); 3. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია).
90 კგ. 1. ილიას ილიადისი (საბერძნეთი); 2. კირილ დენისოვი (რუსეთი); 3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), ეშლი გონსალესი (კუბა).
100 კგ. 1. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი); 2. ხენკ ხროლი (ჰოლანდია); 3. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), სირილ მარე (საფრანგეთი).
+100 კგ. 1. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო); 2. რაფაელ სილვა (ბრაზილია); 3. რენატ საიდოვი (რუსეთი), ანდრეას ტოლცერი (გერმანია).

ქალები
48 კგ. 1. ჰირომი ენდო (იაპონია); 2. სარა მენეზესი (ბრაზილია); 3. დაიარის მასტრე ალვარესი (კუბა), რიო ოკამოტო (იაპონია).
52 კგ. 1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო); 2. ცოლმონ ადიიასამბუუ (მონღოლეთი); 3. ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი), ტაკუმი მიაკავა (იაპონია).
57 კგ. 1. სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი); 2. აუტომნე პავია (საფრანგეთი); 3. კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი), ტელმა მონტეირო (პორტუგალია).
63 კგ. 1. კანა აბე (იაპონია); 2. იარდენ გარბი (ისრაელი); 3. და-ვოონ იოუნგი (კორეა), ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია).
70 კგ. 1. კიმ პოლინხი (ჰოლანდია); 2. კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა); 3. ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია), ლუსი დეკოსი (საფრანგეთი).
78 კგ. 1. მაირა აგუიარი (ბრაზილია); 2. აბიგელ იოო (უნგრეთი); 3. გიეონგ-მი იეონგი (კორეა), ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი).
+78 გ. 1. სონ იუ (ჩინეთი); 2. მარია სელენ ალტემანი (ბრაზილია); 3. იდალის ორტისი (კუბა), ლუსია პოლავდერი (სლოვენია).

ასევე იხილეთ:
ქართველმა ძიუდოისტებმა ტიუმენის მასტერსის პირველ დღეს ბრინჯაო მოიპოვეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეტ და გამრავლდიტ ბიჯებო.სულ გამარჯვებიტ გევლოტ
bela oqruashvili
19:16 27-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული