ვალერი ლიპარტელიანმა ბილბაოში ბასკ მოზარდებს მასტერ-კლასი ჩაუტარა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობის ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ვალერი ლიპარტელიანი (90) ბასკეთის დედაქალაქ ბილბაოში მასტერ-კლასს ატარებს იქაური მოზარდებისთვის.

ჩვენებური იქ ადგილობრივმა კლუბმა მიიწვია და მაროკოში ჩატარებული მასტერსის ტურნირიდან დაბრუნებისთანავე გაემგზავრა.

ლიპარტელიანმა უკვე გამართა რამდენიმე პრაქტიკული სემინარი, რამაც იქაურთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ესაა ერთობლივი კემპოი, სადაც ესპანელების გარდა, პორტუგალიელებიც მონაწილეობენ.

ლიპარტელიანი თბილისში დღეს, 2 ივნისს დაბრუნდება და აქ გააგრძელებს ვარჯიშს. 4 ივნისს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ყვარელში გაემგზავრება, სადაც ევროპულ თამაშებზე გამგზავრების წინ დასკვნით შეკრებას გაივლის.

გუნდი იქ 20 ივნისის ჩათვლით
დარჩება, ბაქოში, ევროპულ თამაშებზე კი 22-ში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ბაქოში ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) მიჰყავს. შეგახსენებთ, რომ ესაა პირად-გუნდური შეჯიბრება.

დასასრულ, გეტყვით, რომ ორი ჩვენებური - გიორგი გუგულაშვილი (66) და გიორგი ქავთარაძე (100) ამ უქმეებზე, 6-7 ივნისს მინსკში იჭიდავებს ევროპის ღია თასზე. ეს ტურნირი ჩვენი ნაკრების კალენდარში არ შედის და ამიტომ ფედერაცია იქ არავის აგზავნის, ეს დუეტი კი საკუთარი ხარჯით მიდის საასპარეზოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული