ევროპის ჩემპიონატი. II დღე: "მფრინავი ფალავანი" ახალ წონაშიც ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
"მფრინავი ფალავანი" ზურაბ დათუნაშვილი (80) ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ოღონდ ამჯერად თავისი ეფექტური "ავაზას ნახტომი", როცა ადგილიდან მოწყვეტილი თავზე გადაევლება ხოლმე მეტოქეებს, არ გამოუყენებია, რადგან არც ჰქონია ამის საჭიროება. ის ხომ ყველა შეხვედრას დამაჯერებელად იგებდა და დომინირებდა, ამ ნახტომს კი წაგებისას იყენებს, როცა სხვა საშუალება არ რჩება.

თუმცა, ტიტულის შენარჩუნების გარდა, ამ გამარჯვებაში საინტერესო ერთი გარემოებაა: თბილისელი ფალავანი შარშან ჩემპიონი 75 კილოგრამში გახდა, ახლა კი ახალ წონაში გაიმარჯვა. ძალზე საყურადღებო ფაქტია, რომ 80 კილოგრამში ის შინ თუ გარეთ მყისვე
იქცა ლიდერად.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსგავსად, "ბერძენ-რომაელებმაც" წარმატებით იჭიდავეს კონტინენტის პირველობაზე - ბექა როყვას და ვლადიმერ გეგეშიძის გუნდმა 3 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. მესამეპრიზიორები გოგა გოგიბერაშვილი (66) და ლევან არაბული (130) გახდნენ.

დათუნაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებდა, მერვედფინალში კი ბულგარელი დანიელ ალექსანდროვი 3:2 დაამარცხა. ჩვენებურმა ეს შეხვედრა ჩაატარა შედარებით მდორედ, დიდი "სიჩქარეები" არ გამოუვლენია, თუმცა საქმე მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

სამაგიეროდ, მეორე წრეში გრიგალივით გადაუარა და 1.17 წუთში წმინდად გაანადგურა ჩეხი პიოტრ ნოვაკი, ვინც ჯერ კიდევ 34-ე წამზე მოგვერდით 4-ქულიანზე წამოიღო. დათუნაშვილი იქვე ბეჭებზე დაწვენასაც ცდილობდა, თუმცა მეტოქე გაექცა და თვითონ დაუპირა ზურგიდან შემოვლა. გამოცდილმა ქართველმა კარგად დაუბლოკა ხელი და ისევ გადააგდო უკან ბეჭებზე დასადებად, თუმცა ვერც ამჯერად შეძლო. სამაგიეროდ, ამ განზრახვაზე ხელი აიღო და ზედიზედ ორჯერ დაატრიალა, რითაც სუფთა გამარჯვება დააფიქსირა: 8:0.

ჩვენებურმა ნახევარფინალიც შტურმით დაიწყო რუს ადლან აკიევთან, ვინც უკვე მე-16 წამზე გადააგდო წრის გარეთ 2-ქულიანზე. ასეთ შანსს "ტაქტიკოსი კლასიკოსი" დათუნაშვილი ხელიდან არ გაუშვებდა და იმის მიუხედავად, რომ მთელი შეხვედრა წინ იყო, შეტევებში აღარ წასულა, უფრო ჩახურულ ჭიდაობას და მეტოქის "დაჭერას" ეძალებოდა, ოღონდ გამოკვეთილად პასიურიც არ ყოფილა. აკიევი მხოლოდ ერთ ქულას გამორჩა და დათუნაშვილი ფინალში გავიდა, სადაც რუსივით გამოუცდელი ბელორუსი რადზიკ კულიეუ ელოდა.

ქართველი მასთანაც გამოკვეთილი ფავორიტი იყო და სასტვენისთანავე დაესხა თავს: რომ გვეგონა, აკიევთან მოპოვებული ქულა უსწრაფესი იქნებოდა მისთვის, ბელორუსი უკვე მე-10 წამზე გაიყვანა წრიდან და 1:0 დაწინაურდა. მოგვიანებით კონტრშეტევაზე დაბლაც ჩაიყვანა და ანგარიში 3:1 გახადა, თუმცა ეს ეპიზოდი ბელორუსებმა გააპროტესტეს, რაც მსაჯებმა არ დააკმაყოფილეს და დათუნაშვილს კიდევ ერთი ქულა დაუმატეს: 4:1. გამოცდილი ქართველი არც ასეთ რეალურ შანსს გაუშვებდა ხელიდან და ტაქტიკა შეცვალა - აღარ უტევდა, მეტოქე ხელებით ეჭირა და ამისთვის ქულები კი დაკარგა, მაგრამ საქმე მაინც მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე: 4:2, რითაც ზედიზედ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.
იხილეთ ფინალის ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge

არაბული ლიდერებში დამკვიდრდა
მძიმე წონაში ჯერ იაკობ ქაჯაიას, მერე კი ზვიად პატარიძის მოლოდინში ლევან არაბული საერთოდ გამოგვრჩა, თუმცა ამაში თავადაც "შეგვიწყო" ხელი - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ჯერ დიდებში ვერ ჩაერთო სათანადოდ, მერე კი დოპინგის მიღებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, დრო უქმად არ დაუკარგავს და წონის კიდევ ერთ ლიდერად დაგვიბრუნდა.

სერბეთში არაბული თურქთა მომავალ გამარჯვებულთან, ოლიმპიურ მედალოსანსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ რიზა კაიაალპთან 1:3 დამარცხდა, ვინც მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

არადა, ქართველი ამ ტურნირზე ფიზიკურად ჩინებულად იყო მომზადებული. თავდაპირველად ნორვეგიელი ოსკარ მარვიკი 2.05 წუთში 9:0 დაჯაბნა, სანუგეშოში კი ჯერ სლოვაკი ტამაშ სოოსი 1.15 წამში, ხოლო დამამშვიდებლის ფინალში გერმანელი კრისტიან ჯონი 4 წუთზე ოდნავ მეტში ერთნაირი ანგარიშით, 8:0 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამივე შეხვედრა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს - ჩვენებურს ჩოქბჯენში გადაჰყავდა მეტოქეები, იქ კი მიდგებოდა და კომბინაციაში მანამ ატრიალებდა წინ და უკან, ვიდრე 8-ქულიან სხვაობას არ დააფიქსირებდა.

ამით 25 წლის მცხეთელმა ფალავანმა კარიერაში პირველად მოიპოვა მედალი პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე. ფაქტია - ვაჟა თინიკაშვილის შეგირდი ამ წონის კონკურენციაში ხმაურიანად ჩაება, რაც აუცილებლად დაეტყობა შედეგებს.

ახალი კადრი სამტრედიიდან
კარგად იჭიდავა სამტრედიელმა გოგა გოგიბერაშვილმა, თუმცა განსაკუთრებით გამოვარჩევთ ბრინჯაოსთვის შეხვედრას თურქ ატაკან იუკსელთან, ვინც 0:3-ზე მშვენიერ მოგვერდზე წამოიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოგიბერაშვილიც მომავალ ჩემპიონთან, რუს არტემ სურკოვთან დამარცხდა პირველივე შეხვედრაში - 4:7, სანუგეშოში კი პოლონელი მატეუშ ლუკიან ბერნატეკი 4:3, ხოლო თურქი 6:3 დაამარცხა. 27 წლის ფალავანიც ასევე პირველად დაეუფლა მედალს მთავარ შეჯიბრებაზე, რაც ორიგინალურად, ლამაზი ყირამალათი აღნიშნა.

ჩვენი ნაკრების სხვა წევრები ისე დამარცხდნენ, სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდნენ. თან უმეტესობამ პირველივე წრეში წააგო. საწყისი ეტაპი მხოლოდ ახალგაზრდებმა გადალახეს: პირველ პაექრობაში ტურნირის დებიუტანტმა ლერი აბულაძემ (59) ბელორუსი მაქსიმ კაზარსკი 2:1 დაჯაბნა, მერე კი ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 1:5 დათმო.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა გელა ბოლქვაძემ თავდაპირველად გერმანელი ფლორიან ნეუმაიერი 3:2 ჩამოიცილა გზიდან, მაგრამ უნგრელთა ევროპის სამგზის ჩემპიონსა და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტ ტამაშ ლორინცთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრები პირველივე წრიდან გამოვარდნენ: გოგა აფრიამაშვილმა (71) 1:2 დათმო შვედ კნუტ ზაქარიას ტალროტთან, ხოლო რობერტ კობლიაშვილი (85) იმავე ანგარიშით დამარცხდა სომეხ მაქსიმ მანუკიანთან. კუკური კირცხალიამ (98) 1:4 წააგო არდო არუსაართან.

ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სტილში. კვარცხლბეკი
59 კგ.
1. კრისტიან ფრისი (სერბეთი); 2. ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი); 3. მინგიან სემენოვი (რუსეთი), ივან ლიზატოვიჩი (ხორვატია); 7. ლერი აბულაძე (საქართველო).

66 კგ.
1. არტემ სურკოვი (რუსეთი); 2. დავორ სტეფანეკი (სერბეთი); 3. გოგა გოგიბერაშვილი (საქართველო), სოსლან დაუროვი (ბელორუსი).

71 კგ.
1. ბალინტ კორპასი (უნგრეთი); 2. პაველ ლიახი (ბელორუსი); 3. ალექსანდარ მაქსიმოვიჩი (სერბეთი), აბუიაზიდ მანციგოვი (რუსეთი); 18. გოგა აფრიამაშვილი (საქართველო).

75 კგ.
1. ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი); 2. ტარეკ მოჰამედ აბდელსლამ შებლე მოჰამედი (ბულგარეთი); 3. ყაზბეგ კილოუ (ბელორუსი), ტამაშ ლორინცი (უნგრეთი); 9. გელა ბოლქვაძე (საქართველო).

80 კგ.
1. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო); 2. რადზიკ კულიეუ (ბელორუსი); 3. ადლან აკიევი (რუსეთი), ასლან ატემი (თურქეთი).

85 კგ.
1. ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი); 2. მეტეჰან ბასარი (თურქეთი); 3. ნიკოლაი ბაირიაკოვი (ბულგარეთი), რაზმინ აზიზსირი (გერმანია); 13. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო).

98 კგ.
1. ფელიქს ბალდაუფი (ნორვეგია); 2. ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელორუსი); 3. ბალას კისი (უნგრეთი), არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 15. კუკური კირცხალია (საქართველო).

130 კგ. 1 რიზა კაიაალპი (თურქეთი); 2. ბალინტ ლამი (უნგრეთი); 3. ლევან არაბული (საქართველო), ვიტალი შჩური (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული