აქამდე მას ერთადერთი გამარჯვება აშორებს: ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ის გუშინ ნახევარფინალში გავიდა და თუმცა იქ თანაბარ ბრძოლაში, 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დამარცხდა ფრანგ ჟუსტინ ფანი ვიგუროსთან, მაგრამ დღეს დამამშვიდებლის ფინალში იჭიდავებს მარია კოვალენკოსთან და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
კარელიძეს თანატოლთა საერთაშორისო ტურნირებში მედალი აქამდეც მოუპოვებია, თუმცა ევროპირველობაზე ამ ეტაპამდეც კი არათუ ის, საქართველოდან არც ერთ
არადა, მას გუშინვე შეეძლო, ისტორია დაეწერა და გარანტირებული მედალი გაენაღდებინა.
საამისოდ ერთადერთი ქულა სჭირდებოდა ფრანგთან, თუმცა არა უშავს - იქნებ ამ წაგებაში მსაჯიც დავადანაშაულოთ, მას კი ეს ყველაფერი გამოცდილების მისაღებად და სამომავლო გაკვეთილად წაადგება. რაც მთავარია, ჩვენებურმა კარგი ხასიათი გამოავლინა, ნამდვილი საჩემპიონო.
სწორედ ამან მოაგებინა ისე იოლად მეოთხედფინალში ბელარუს ვალერია იაკუტას. ჩვენებურმა თავიდანვე უშიშრად შეუტია, მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და პირველივე პერიოდში, 1.36 წუთზე ბეჭებზე დააწვინა მეტოქე. თუმცა მანამდეც მნიშვნელოვანი ამბები დაატრიალა: ჯერ კარგად აიყვანა ფეხიდან და გამოცერვის მცდელობებმა უქმად კი ჩაუარა, მაგრამ ზურგიდან შეეკრა და წრის გარეთ ორქულიანზე გადააგდო, პაექრობის განახლებისთანავე კი ისევ ეკვეთა და ფეხში შესვლის შემდეგ ისეთ "წისქვილზე" დაატრიალა, მსაჯმა გდება უყოყმანოდ შეუფასა ოთხი ქულით. სწორედ ამ ილეთს მოჰყვა "ტუშე", სადაც ჩვენებურმა კარგი ფიზიკური მომზადებაც გამოავლინა.
კარელიძემ ნახევარფინალშიც შეუტია ფრანგს, ვისაც მალე პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო ჩაურთეს. ქართველმა არაფერი დაუთმო და ჯილდოდ 1 ქულაც მიიღო. პირველი პერიოდი ასეც დასრულდა, მეორეში კი ჩვენებური, ბუნებრივია, ზრუნავდა ანგარიშის შენარჩუნებაზე, თუმცა ეს არ იყო არც ყრუ დაცვა, არც ბრძოლიდან გაქცევა და პასიურობა.
სამწუხაროდ, მსაჯმა სხვანაირად განსაჯა და 30-წამიანი საჯარიმო დრო უკვე ჩვენებურს ჩაურთო.
თანაც ძალიან ცუდ დროს - დასრულებამდე 33 წამით ადრე. ცაიტნოტში ჩავარდნილ კარელიძეს
მაინც შეეძლო ფინალში გასვლა, ოღონდ საამისოდ ერთი ქულა მაინც უნდა მოეპოვებინა, თუნდაც წრიდან გაეყვანა მეტოქე, თორემ 1:1 ფრანგის მოგებას ნიშნავდა, რადგან ბოლო ქულას ის მოიპოვებდა. კარელიძეს ცდა არ დაუკლია, მაგრამ მატყლის საჩეჩად არც ვიგურო ჩასულა სარაევოში - თავი ბოლომდე წარმატებით დაიცვა და ფინალშიც გავიდა. იმედია, კარელიძე დღესაც ისეთივე შემართებით იჭიდავებს უკრაინელთან და ბესარიონ გუჩაშვილის ორკაციანი გუნდი სამშობლოში მედლით დაბრუნდება.
დღესვე ევროპის ჩემპიონატში ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ბიჭებიც ჩაებმებიან. დიმიტრი ხაჩიძე (42) პირველ წრეში სომეხ გარნიკ ჰოვანისიანს შეხვდება, აკაკი ოსიაშვილი (50) იმავე ეტაპზე - ფრანგ მუხამედ ამინ სანგარიევს, გიორგი შოთაძე (58) - პოლონელ კრისტოფ რობერტ სტეფანეკს, დავით სოლოღაშვილი (69) - გერმანელ მარკ ფიშერს, ლუკა ხუციშვილი (85) კი პოლონელ კამილ ბარტოსევიჩს გაეჯიბრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"