ქართული ჭიდაობით გერმანელებიც დაინტერესდნენ

AutoSharing Option
სასიამოვნოა, რომ ქართული ჭიდაობის პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.

ყველაზე უწინ ქართული ჭიდაობის ასოციაცია 1980 წელს იაპონიაში, ტოკიოში დაფუძნდა, რომლის ხელმძღვანელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ძიუდოში საიმო ფუძი გახდა.

შემდეგ ქართული ჭიდაობით დაინტერესდნენ ბელგიელი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერ ვან დერ ვალლე და ინგლისელი გორდონი. რამდენიმე წელია, მოსკოვში ჩამოყალიბდა ქართული ჭიდაობის ფედერაცია, რომლის ფილიალებიც შეიქმნა პეტერბურგსა და ვლადივოსტოკში.

ფილიალის გახსნა იგეგმება სოჭშიც. ტაჯიკებს დიდი სურვილი აქვთ, ქართული ჭიდაობა განავითარონ მთელ შუა აზიაში.

ქართული ჭიდაობის ფედერაციები უკვე ფუნქციონირებენ ამერიკაში, საბერძნეთში, უზბეკეთსა და
უკრაინაში. უახლოეს ხანში განზრახულია ქართული ჭიდაობის ფედერაციების ჩამოყალიბება ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და ირანში.

ამ ბოლო დროს ქართული ჭიდაობით გერმანელებიც დაინტერესდნენ. კერძოდ, წლეულს, 9-10 მაისს, ქ. ჭიათურაში გამართულ საქართველოს ზონალურ პირველობას ქართულ ჭიდაობაში, სპეციალური დავალებით სტუმრობდა გერმანელი სპორტული ჟურნალისტი და პროდიუსერი, ჰამბურგელი მარსელ ჰაუპტი, რომელიც დიდი ინტერესით და გულმოდგინებით აფიქსირებდა ქართული ჭიდაობის ფანდებს, შეჯიბრებების წესებს, მონაწილეთა ჩაცმულობას და სხვა ატრიბუტებს.

შეჯიბრებაში, რომელიც ჩატარდა ჭიათურის ცენტრალურ სპორტულ კომპლექსში, მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების, - ცაგერის, ფოთის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერის და ჭიათურის 1993-95 წლებში დაბადებული სპორტსმენები.

ასპარეზობას მეტ ელფერს შემატებდა, შეჯიბრებაში მონაწილეობა რომ მიეღო მესტიის, ლენტეხის, ტყიბულის და თერჯოლის რაიონების წარმომადგენლებს. კარგი იქნება, ამ რაიონების სპორტის სამსახურებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ჩვენს ეროვნულ საუნჯეს - ქართულ ჭიდაობას.

შეჯიბრება ჩატარდა მაღალ სპორტულ დონეზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჭიათურის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურისა და სპორტსკოლის ხელმძღვანელობას.

გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით. I-IV ადგილებზე გასულები საქართველოს პირველობის ფინალში იასპარეზებენ.

გამარჯვებულები და პრიზიორები
55 კგ. 1. ვოლდიმ გაბიანი (ქუთაისი), 2. ლადო გელენიძე (ზესტაფონი), 3. დემურ შუშანია (ფოთი).
60 კგ. 1. ანზორ ნასარიძე (საჩხერე), 2. იაკობ დიხამინჯია (ქუთაისი), 3. ზურაბ კუპატაძე (ზესტაფონი).
65 კგ. 1. ნუგზარ ქურასბედიანი (ქუთაისი), 2. გოგა კაპანაძე (სამტრედია), 3. დავით ჩაფიჩაძე (ზესტაფონი).
70 კგ. 1. ირაკლი ტალახაძე (საჩხერე), 2. ლევან მარაქველიძე (ზესტაფონი), 3. მირიან ენუქიძე (ჭიათურა).
75 კგ. 1. გიორგი კაცაძე (სამტრედია), 2. მიშიკო ბუზალაძე (ჭიათურა), 3. დავით გაბიანი (ქუთაისი).
80 კგ. 1. ომარ ვაშაკიძე, 2. უშანგი მარგიანი (ორივე - სამტრედია), 3. ზურაბ ქომეთიანი (ცაგერი).
90 კგ. 1. ფრიდონ შარიქაძე (ზესტაფონი), 2. გაგა სამინავა (ფოთი), 3. ჯაბა ჩეჩელაშვილი (ქუთაისი).
+90 კგ. 1. გუგა ლაზუაშვილი (ზესტაფონი), 2. დავით ქომეთიანი (ცაგერი), 3. ცოტნე ხურცილავა (ქუთაისი).

იური იმერლიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული