ლევან წიკლაური მორიგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის

AutoSharing Option
ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ლევან წიკლაური (81) მორიგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

მას რომ ფეხის ორმაგი ტრავმა აწუხებდა - მენისკისა და ჯვარედინი მყესების, უკვე იცით. პრობლემებმა ჯერ კიდევ სეზონის პირველ ნახევარში იჩინა თავი და აგვისტოს ბოლოს მსოფლიოს პირველობაზე მისი გამოსვლა სათუო გახადა.

მაშინ ბრაზილიაში გამაყუჩებლებით კი იასპარეზა, მაგრამ საქმე რომ სერიოზულად იყო, ესეც ცხადია. მსოფლიოს შემდეგ წიკლაური გერმანელმა ექიმებმაც გასინჯეს და მაშინვე ოპერაცია არ გაუკეთეს, მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა ვერც ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გამორიცხეს.

სამწუხაროდ, ეს ვერც დრომ და სამკურნალო კურსმა გამორიცხა,
შედეგად კი ცოტა ხნის წინ მას შპს "ტრავმატოლოგში" ოპერაცია გაუკეთეს, რამაც წარმატებით ჩაიარა და სპორტსმენი უკვე სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელი, თუმცა ჰემატომა და მსგავსი დაზიანება-ოპერაციებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები არის, მაგრამ ეს არაა საშიში და არც არაფერია ისეთი, განსაკუთრებულ გადახრად რომ მივიჩნიოთ - გამოჯანმრთელების პროცესი მაინც გეგმიურად მიდის.

ამ ეტაპზე ჯერ ვარჯიშზე ლაპარაკი გამორიცხულია. სამაგიეროდ, ექიმთა თქმით, გარკვეულია, რომ ის აპრილში გასამართ ევროპის ჩემპიონატს გამოაკლდება.

დასტაქართა ვარაუდით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და მომავალში რამე მწვავე გართულებები არ იქნება, თებერვლის ბოლოს ან მარტიდან წიკლაური უკვე შეძლებს ტრენაჟორებზე ვარჯიშს და შედარებით მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვებს მიიღებს, თორემ ლეიბზე გასასვლელად ვერც მაშინ იქნება მზად.

სრულყოფილად ვარჯიშს ის, სავარაუდოდ, სწორედ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუდგება და მსოფლიოს პირველობისთვის მოემზადება; იმ შეჯიბრებისთვის კი, თუ ყველაფერი უტრავმოდ წარიმართა, მწყობრში უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული