თემურ ხუბულური - NO MONEY! ანუ გატეხილი ნეკნით მოპოვებული ჩემპიონობა

AutoSharing Option
...მის სოფელში ყველა ჭიდაობდა, ნახერხმოყრილ სარბიელს ეძალებოდა, მას კი ფეხბურთისკენ მიუწევდა გული. უფროსები კარებში რომ ანდობდნენ ადგილს, ის დღე მისთვის უბედნიერესი იყო. მეკარეობა კი უხაროდა, მაგრამ მძიმე წონის მოუქნელი ყმაწვილისთვის მეტოქეებს ისეთი გოლები გაუტანიათ, თავადაც რომ შერცხვენია.

იმ დღესაც სოფელ სკრას ვარიანელები ესტუმრნენ. ბურთაობაში აჯობეს მასპინძლებს. მერე ნახერხმოყრილ სარბიელზე გადაინაცვლეს. "ჰა, ბიჭო, იქნებ, ჭიდაობაში გამოგვადგეო", - უთხრეს მეზობლებმა. არ უნდოდა წრეში შესვლა, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა უფროსებს...

- წონით ჩემზე ბევრად მსუბუქი მეტოქე შემხვდა. ჯანიანი ვიყავი და ვიფიქრე, ჯავრს ამაზე
ვიყრი-მეთქი. ის იყო ვეძგერეთ ერთმანეთს, რომ ბეჭებით ნახერხზე აღმოვჩნდი. თავჩაღუნული გამოვედი სარბიელიდან. ბიჭებისთვის შეხედვის მერიდებოდა. მაშინ გადავწყვიტე, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა და ჭიდაობა მესწავლა.

და ისწავლა თემურ ხუბულურმა ჭიდაობა... და მერე როგორი! ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1979, 1981), სამჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა (1976, 1979 პირადში, 1977 გუნდურში), 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ნოვიკოვი დაამარცხა, ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, 1980 წელს მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა. მის სპორტულ კოლექციას სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოებიც ამშვენებს. იგი პირველი ქართველი ფალავანია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და დღემდე ერთადერთია, ვინაც ჩვენებურთაგან ეს ტიტული ორჯერ დაიმსახურა.

ეს ბიჭი გაგიჟდაო...
- ფიზიკურად ბავშვობიდანვე ძლიერი ვიყავი. მამას სახლის მშენებლობაში რომ ვეხმარებოდი, მეორე სართულზე ცემენტის ხსნარით სავსე ოთხ-ოთხი ვედრო ამქონდა ერთდროულად, - გაიხსენა ჭაბუკობის წლები თემურ ხუბულურმა, - თუმცა მოუქნელს ხშირად მერეოდნენ ბიჭები ნახერხმოყრილ სარბიელზე. 14 წლისა ახლა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან, მე კი მაშინ მივედი პირველად ჭიდაობის სექციაში საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ გივი ზაუტაშვილთან, რომელიც გორის ბამბეულის კომბინატის დარბაზში სამბისტებს ავარჯიშებდა.

ერთი მოზრდილი ოთახი იყო, მოუწყობელი, დღევანდელი ახალგაზრდები შიგ შესვლასაც რომ არ იკადრებდნენ. არადა, იქ სახელოვან ფალავნებს - შოთა ჩოჩიშვილსა და შოთა ხაბარელსაც უვარჯიშიათ. თავიდან ბიჭების ელვისებურ ფანდებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ასეთ ჭიდაობას ოდესმე თუ ვისწავლი-მეთქი. თავს არ ვზოგავდი. ყოველდღე დავდიოდი გორში. ხან - მატარებლით, ზოგჯერ სამგზავრო ფული რომ არ მქონდა, ფეხით დავადგებოდი გზას - ჯერ ძუნძულით, მერე ტემპს ვუმატებდი, რომ მიმესწრო, რადგან ბატონ გივის დაგვიანება არ უყვარდა, მისთვის საპატიო მიზეზები არ არსებობდა.

- მერედა, ეს "კროსები" ხომ გამოგადგათ?
- თან როგორ! ორი თვის შემდეგ სამბოში საქართველოს ჭაბუკთა პირველობა მოვიგე. 1972 წელს 18-წლამდელებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. იმ წელიწადს შოთა ჩოჩიშვილი მიუნხენის ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

- ...და ბატონი შოთა გახდა თქვენი კერპი?
- ცხადია. ის ხომ ჩემი რაიონიდან იყო. მაგრამ უფრო ადრე გივი კარტოზიათი მოვიხიბლე. ბავშვობისას სადღაც წავიკითხე მასზე სტატია - "გამძვინვარებული ვეფხვი შავი ხის დარბაზში". სათაურმა მომხიბლა. ვინ იცის, მაშინ რამ არ გამიელვა თავში. ეტყობა, მაგალითს დიდი ძალა აქვს. ბატონი გივი კარტოზია გახდა ჩემთვის მისაბაძი როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

- ძიუდოს როდის გაუგეთ გემო?
- 1973 წელს, როცა სტუდენტი გავხდი და გორის პედაგოგიური ინსტიტუტის დარბაზში სახელოვან მწვრთნელსა და პიროვნებას გურამ პაპიტაშვილს დავუკავშირდი. ძიუდოში სასახელო ტრადიციები ჰქონდა ჩვენს ქალაქს და მისი შელახვა არ მინდოდა. როგორც გითხარით, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მაგრამ ტექნიკაში მოვიკოჭლებდი. მის დასაუფლებლად კი შრომა არ მეზარებოდა. სხვები ორ საათს რომ მეცადინეობდნენ, მე ხუთ საათს ვვარჯიშობდი. მწვრთნელი რომ მეტყოდა, ეს ილეთი 100-ჯერ გაიმეორეო, მე 200-300-ჯერ ვიმეორებდი. დილაობით სოფელში ბევრს დავრბოდი - მტკვარზე გავდიოდი, მთაზე ავდიოდი... კვირაობით სხვები რომ ისვენებდნენ, მე 15-კილომეტრიან კროსებს ვაწყობდი. მეზობლები ერთმანეთს ეჭორავებოდნენ, ეს ბიჭი გაგიჟდაო. ყურს არავის ვუგდებდი - მიზანი მქონდა და მისთვის უნდა მიმეღწია. გარჯამ შედეგიც გამოიღო. 1974 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავედი, სადაც ამირან მუზაევთან დავმარცხდი.

იმავე წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიმიწვიეს და ბრაზილიაში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე წამიყვანეს. მძიმე წონაში დამაყენეს, არადა, 92 კილო ვიყავი. რიო დე ჟანეიროში აწონვისას გერმანელი ორმეტრიანი გიგანტი (130 კილო იყო) ოლბერგი დამადგა თავზე - შენი სასწორი იქით არისო, მითხრა და ქვემძიმეწონოსნებისკენ მიმითითა. არა, მძიმეში უნდა ვიჭიდავო-მეთქი. გადაიხარხარა. ნახევარფინალში სწორედ მას შევხვდი. დარბაზში 25 ათასამდე კაცი ესწრებოდა შეჯიბრებას. რამდენიმე ილეთი ჩავუტარე ოლბერგს. ოთხი იუკოთი შეაფასეს, არადა, ორისთვის ვაზარის მიცემაც შეიძლებოდა. ორთაბრძოლის დამთავრებამდე 30 წამი იყო დარჩენილი, მსაჯებმა რომ გამაფრთხილეს - წითელ ზოლზე ფეხი დააბიჯეო. "კეიკუკუ" მაშინ ვაზარის უდრიდა. ვიგრძენი, რომ ვაგებდი და ვეძგერე ოლბერგს - კიდევ ერთი იუკო ავართვი. მეტოქე გამირბოდა. მსაჯები კი შენიშვნასაც არ აძლევდნენ, მეტიც - მეორედ გამაფრთხილეს და გამარჯვებულად გერმანელი გამოაცხადეს.

დარბაზში გამაყრუებელი სტვენა და ყიჟინა ატყდა, ტრიბუნებიდან "კოკა-კოლის" ქილები წამოვიდა. არბიტრები დარბაზიდან გააპარეს. 40 წუთით შეწყდა შეჯიბრება, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილება არავის შეუცვლია. ოლბერგი მერე ფინალში იაპონელთან დამარცხდა. დაჯილდოებისას ის თავის ვერცხლის მედალს მაძლევდა, მაგრამ ხომ არ გამოვართმევდი?! ამ ეპიზოდის შესახებ მაშინდელ გაზეთ "კომუნისტში" სტატიაც დაიბეჭდა სათაურით - "წესი ყველასთვის წესია".

სამიოდე წუთი ჩემპიონობისთვის
- საბჭოთა სპორტის "მამებისგან" თუ გიგრძნიათ წნეხი?
- რამდენიც გნებავთ!.. 1954 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ვლადიკავკაზელ ვიქტორ ბეთანოვს ვძლიე. მერე კიევში გამოგვიძახეს საკავშირო შეკრებაზე. საკონტროლო შეხვედრაც მოვუგე, სამ წუთში სამჯერ დაეცა იპონზე. ისეთ დღეში ჩავაგდე, ტატამიდან გამექცა - შენთან ჭიდაობა აღარ მინდაო.

სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, სამედიცინო ჯგუფი შეკრიბეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეჯიბრებისთვის ფუნქციურად არ ვიყავი მზად - ეტყობა, გადაიღალეო და მწვრთნელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რამაზ ხარშილაძე და ვიქტორ ბეთანოვი წაიყვანეს. ვლადიკავკაზელი, როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეევი, დინამოელი იყო, მე კი ბურევესტნიკელი და ამას მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არადა, ტრაბახად ნუ ჩამითვლით და, 19 წლის ბიჭი საუკეთესო სპორტულ ფორმაში სწორედ მაშინ ვიყავი.

ისინდისეს და ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წამიყვანეს. ყველა შეხვედრა იპონებით მოვიგე. სულ სამიოდე წუთი მოვანდომე ჩემპიონობის მოპოვებას. დღემდე მწყდება გული, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონატი გამომატოვებინეს (ხარშილაძემ და ბეთანოვმა მესამე ადგილები დაიკავეს). ორი წლის შემდეგ ესპანეთში უნდა გამართულიყო მსგავსი შეჯიბრება, მაგრამ იქ არეულობა დაიწყო და ჩემპიონატიც ჩაიშალა. ასე გამიცდა ოთხი წელიწადი.

Sportall.Ge

- სამაგიეროდ, 1976-77 წლების ევროპის ჩემპიონატებზე გამოიჩინეთ თავი...
- დიახ, 1976 წლის ევროპის ჩემპიონატს კიევმა უმასპინძლა. იოლად ვძლიე მეტოქეებს და პირველად გავხდი უფროსებში კონტინენტის ჩემპიონი. მომდევნო წელს ტრავმის გამო საკავშირო პირველობა გამოვტოვე. პირადში არა, მაგრამ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე მაინც მენდვნენ. მეც არ დავაღალატე ნაკრების ხელმძღვანელობა - ფინალში ფრანგებთან პაექრობისას გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი, შემდეგში ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ანჯელო პარიზი დავამარცხე.

- მონრეალის ოლიმპიური თამაშები რატომ გამოტოვეთ?
- მართალია, 1976 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი, მაგრამ თბილისის ტურნირის ფინალი რამაზ ხარშილაძესთან დავთმე, მერე საკავშირო პირველობაზე უმედლოდ დავრჩი და მწვრთნელებმა ოლიმპიადაზე ხარშილაძე წაიყვანეს. ის მონრეალიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ისეთი მიყვირა, კუხიანიძეს ფერი ეცვალა...
- საკავშირო ჩემპიონატზე 1978 წელსაც ვერ მოხვდით სამეულში...
- ჩემი ჯიუტობის ბრალი იყო. თბილისის საერთაშორისო ტურნირის მოგების შემდეგ ვიავადმყოფე და ცოტა ხნით ტატამს ჩამოვშორდი, რამაც ჩემს ფიზიკურ მომზადებაზეც იმოქმედა. ამის მიუხედავად, ზაპოროჟიეში საკავშირო ჩემპიონატზე ცუდად არ მიჭიდავია. რამდენიმე მეტოქეს ვძლიე. ნახევარფინალში კურსკელ შუროვს დავუპირისპირდი. ოთხი კოკა ავართვი. მას კი ფეხში შემოსვლისთვის ერთი იუკო მისცეს. მერე ორთაბრძოლას გაურბოდა, მსაჯებმა არ გააფრთხილეს და წავაგე. გავბრაზდი და მესამე ადგილისთვის საჭიდაოდ ტატამზე არ გავედი.

მაშინ თბილისის არმიის სპორტული კლუბის წევრი ვიყავი, როგორც ჯარისკაცი. თავმჯდომარე გახლდათ სახელოვანი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე. მისმა თხოვნამ რომ არ გაჭრა, მიბრძანა - იჭიდავეო. ამან უფრო გამაღიზიანა და "ჯორზე შევჯექი". შინ დაბრუნებულს მეგობარი, ნუგზარ გოგოლაური მეწვია სოფელში. კუხიანიძე გაგიჟებულია, სამხედრო ტრიბუნალით გემუქრებაო, მითხრა. არხეინობა რომ შემატყო, გამიბრაზდა - მომავალს იღუპავ, ახლავე წამოდი თბილისში, უფროსი კაცია, ბოდიში მოუხადე, თავი ვინ გგონია, ბოლო-ბოლო ჯარისკაცი ხარო. მეც აღარ გავჯიუტებულვარ. ბატონ ვახტანგს მოვუბოდიშე და მასაც გული მოულბა.

- თქვენს სპორტულ კარიერაში 1979 წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა...
- ეგ წელი კურიოზით დაიწყო: უცხოეთში ტურნირებზე წასასვლელად დახასიათება იყო საჭირო, რომელზეც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობას უნდა მოეწერა ხელი. ოლქის პოლიტგანყოფილების უფროსად ახალი დანიშნული იყო ვიღაც გენერალ-პოლკოვნიკი. სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს. მისი თურმე თვით სარდლობასაც ეშინოდა. იმ წელიწადს "ცეკას" გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი ჩავიდა ბელორუსიაში. გასაუბრებაზე რომ მიგვიწვიეს, გენერალ-პოლკოვნიკმა მაინცდამაინც მე მკითხა - ბრეჟნევმა მინსკში რაზე ილაპარაკაო. ავდექი და გულუბრყვილოდ ვუთხარი - აბა, მე რა ვიცი-მეთქი. წამოენთო და ისეთი მიყვირა "კრუგომო" (ანუ ზურგისაკენო!), კუხიანიძეს ფერი ეცვალა. მე კი მივედი და ქართულად ვეუბნები - დახასიათებაზე ხელი მომიწერეთ და წავალ-მეთქი. გაცოფდა კაცი. კუხიანიძემ თრევით გამიყვანა კაბინეტიდან - შენ უნდა მომკლაო? შემომჩივლა.

მაშინ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპორტული კლუბის უფროსი გახლდათ კურსაკოვი, შესანიშნავი პიროვნება. იმ გენერალ-პოლკოვნიკისთვის ნადირობისას შეუტყუებია - ხუბულური სოფლელი ბიჭია, უბრალოდ, რუსული არ იცის და ვერ გაიგო, რა ჰკითხეთო. კარგი ფალავანია, აი, ნახავთ, გვასახელებსო. ისიც ჩამოსულა ჯორიდან და დახასიათებისთვის ხელი მოუწერია. ის საერთაშორისო ტურნირი რომ მოვიგე, მერე ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანეს. იქ მეორედ ავედი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ისე, რომ კოკაც არავისთვის დამითმია. ეს შეჯიბრება ბრიუსელში გაიმართა. შვიდი ორთაბრძოლა მოვიგე. ნახევარფინალში გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი დიტრიხ ლორენცი დავამარცხე, რომელმაც იმავე წელიწადს კოდოკანის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იაპონელ ნინომიას აჯობა. ვან დე ვალეს გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ვაზარით 30 წამში ვძლიე. მერე, ზაფხულში, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალში, ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ნოვიკოვი დავჯაბნე, არადა, ჩემზე ბევრად მძიმე იყო.

NO MONEY!
- ბელგიელ ვან დე ვალესთან თქვენი ურთიერთობა მთელი ეპოპეაა...
- გეთანხმებით. საერთაშორისო სარბიელზე ჩვენ 9-ჯერ დავუპირისპირდით ერთმანეთს და 8 ორთაბრძოლა მოვუგე. ბრიუსელის ევროპის პირველობის შემდეგ 1979 წელს ჩვენ პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შევხვდით ერთმანეთს. იმ შეჯიბრებაზე პირველი პაექრობა ადვილად მოვიგე, მაგრამ ნეკნი გავიტეხე და სხვა ორთაბრძოლებისას სუნთქვა მიჭირდა. მაინც ყველა მეტოქეს ვაჯობე. ფინალურ შეხვედრამდე საათ-ნახევარი იყო დარჩენილი. პიერ დე კუბერტენის სახელობის სპორტის სასახლის წინ სკვერში გრძელ სკამზე წამოვწექი. ნეკნი კი მაწუხებდა, მაგრამ ნემსის გასაკეთებლად ექიმთან არ მივსულვარ - მოთმინება ვარჩიე. თვალდახუჭული ვიწექი, მაგრამ რა დამაძინებდა. ცოტა ხანში ფეხის ხმა მომესმა. ვან დე ვალე იყო. ჩემგან მოშორებით მეორე სკამზე ჩამოჯდა. მერე წამოწვა. ვერ ისვენებდა, ადგა, მზერას ჩემკენ აპარებდა, მაგრამ არ მოსულა. იცოდა, ყალბი საუბარი გამოგვივიდოდა, რადგან ორივენი იმაზე ვფიქრობდით, როგორ დაგვემარცხებინა ერთმანეთი. ტატამზე რომ გვიხმეს, პირველი კოკა მან ამართვა, მე სამი კოკათი ვუპასუხე და ჩემპიონი გავხდი...

დაჯილდოებისას ვან დე ვალემ ხუბულურს უთხრა: "ვაჟკაცი ხარ, ასეთი ნეკნით, ბევრი ექიმთან წავიდოდა, შენ კი იჭიდავე. შენი უკანა სარმა პირდაპირ სტიქიური უბედურებაა! მე ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გპასუხობ".

ვან დე ვალემ ნაფიქრალი მოსკოვის ოლიმპიადაზე გაამჟღავნა: რუსეთის დედაქალაქში ქართველმა ფალავანმა ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან სახიფათო მეტოქეები - ფრანგი ჟან-ჟაკ რუჟი, პოლონელი დარიუშ ნოვაკოვსკი, რუმინელი დანიელ რადუ, გერმანელი დიტმარ ლორენცი, რომელიც ორი დღის შემდეგ აბსოლუტურში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ნახევარფინალში კუბელ ხოსე ტორნესს აჯობა და გადამწყვეტ პაექრობაში ისევ ბელგიელს დაუპირისპირდა. ჩვენებურს ამჯერად აღარ გამოუვიდა საყვარელი ფანდი. ვერც ვან დე ვალე ახერხებდა მომგებიანი ილეთის ჩატარებას, რადგან ფრთხილობდა...

ერთ-ერთი იერიშისას ხუბულურმა ვეღარ მოზომა და წითელ ხაზზე დააბიჯა ფეხი, რაც გაფრთხილებად და ოლიმპიური ოქროს დაკარგვად დაუჯდა. მართალია, მან ბელგიელ მოწინააღმდეგეს 1981 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კიდევ ორჯერ აჯობა, მაგრამ მოსკოვის ტატამზე დამარცხების ფასი დღემდე აუნაზღაურებელი დარჩა.

- ვან დე ვალესთან დღემდე ვმეგობრობ, - ამბობს თემურ ხუბულური, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია, - 1980 წლის ზამთარში მან ბელგიაში დამპატიჟა - ძიუდოში ქვემძიმე წონის ვარსკვლავები ჰყავდა მიწვეული. ბელგიის ავიაკომპანიის თვითმფრინავით გავემგზავრეთ ბრიუსელში მე და ჩემი მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი. ბილეთები თავად რობერმა აგვიღო. თვითმფრინავში ჩავსხედით. მაშინ, აბა, ფულს ვინ გაგვატანდა, თან დოლარს! ვნუკოვოს აეროპორტში გულდაგულ გაგვჩხრიკეს. ნემსი არ ჩაგვიტოვეს ჯიბეში. თვითმფრინავმა გეზი დასავლეთისკენ აიღო თუ არა, სტიუარდესამ საჭმელი და ლუდი ჩამოატარა. ჩვენც ავიღეთ ბუტერბროდი და ლუდი დავაყოლეთ. ცოტა ხანში ბორტგამცილებელმა ისევ ჩამოიარა და ფულის აგროვება დაიწყო. ბატონ გურამს ვკითხე, რა ვქნათ-მეთქი? მხრები აიჩეჩა. ამ დროს ის გოგოც მოგვადგა. შევჩერებივართ ერთმანეთს თვალებში. "მანი-მანი" მომეცითო, გვანიშნა. "ნოუ მანი-მეთქი" - მთელი ჩემი ინგლისურის მარაგი დავხარჯე. პირდაღებული გვიყურებს სტიუარდესა, ახლო-მახლო მსხდომთა უკმაყოფილო სახეებს ვხედავ. იმ გოგოს მობეზრდა ჩვენი ყურება და თავი დაგვანება.

ჩავფრინდით თუ არა ბელგიაში, ვან დერ ვალემ მანქანა და ჟურნალისტები ტრაპთან დაგვახვედრა. აი, მაშინ უნდა გენახათ მგზავრების გაოცება - ამ მათხოვრებს ჭამის ფული არ აქვთ და აქ რა ზარ-ზეიმით ხვდებიანო. საზეიმო შეხვედრა მაყურებლებით სავსე დარბაზში გაიმართა, მერე იყო ბანკეტი. რობერმა მე და ბატონ გურამს ესეც არ გვაკმარა და მდიდრულ კაფეში წაგვიყვანა, სადაც დილამდე კარგი დრო ვატარეთ. შინ რომ ვბრუნდებოდით, გზად პოლიციელთა რეიდს გადავეყარეთ. არადა, უცხოეთში რამდენჯერაც ვყოფილვარ, რეიდი არსად მინახავს. ჩვენც გაგვაჩერეს. პოლიციელმა რომ შემოიხედა, რობერი იცნო. თბილად მოიკითხეს ერთმანეთი. ჩემმა მასპინძელმა მანქანა დაძრა და ჩემპიონებს ბელგიელი პოლიციელებიც იცნობენო, ღიმილით მითხრა. გამახსენდა, თბილისშიც გვქონდა მსგავსი შემთხვევა და "ანგარიში" გამითანაბრა. რამდენიმე წლის წინათ, ბელგიელები ვან დე ვალეზე ფილმს იღებდნენ. მან იაპონიაზე უარი თქვა და გადამღები ჯგუფი თბილისში ჩამოიყვანა - ძალიან უყვარს ჩვენი სტუმართმოყვარეობა. თავადაც ასეთია. დღემდე მეგობრებად ვრჩებით...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხშირი ყოფილიყოს ასეთი ინტერვიუები ასეთ კარგ ადამიანებთან.დასანანია ოლიმპიური ჩემპიონი,რომ ვერ გახდა,მაგრამ მაინც კარგი მიღწევები ჰქონია
irakli arqania
17:21 09-02-2015
0
ამის მერე რაღა უნდა წაიკითხო? კარგ ხასიათზე დამაყენა.
kola
18:19 09-02-2015
0

სიახლეები პოპულარული