ჭიდაობა ქართული: ყოჩი კასპელების ჯილას

AutoSharing Option
ფოტოებზე: ბექა ბერძენიშვილი. მარჯვნივ: გიორგი კობაიძე, პაატა ღვინიაშვილი, დავით ჭაბუკაშვილი, დავით ონოფრიშვილი

ისევე, როგორც ადრე, კასპის რაიონში წლევანდელ ზაფხულშიც, ყოველ კვირას საკმაოდ წარმომადგენლობითი ქართული ჭიდაობის ტურნირები ტარდება. ამჯერად ნახერხმოყრილი არენის ოსტატებს კავთისხევის სარბიელმა უმასპინძლა. ახალი საჭიდაო არენა აქ შარშან გაიხსნა. ქართლში ჭიდაობა რომ ძლიერ უყვართ, ყველამ კარგად იცის, ერთგული ქომაგიც მუდამ თან დაჰყვება თავის ფალავნებს.

კავთისხევის ტურნირს, რომელიც ამ სოფლის მკვიდრის, საქართველოს პარლამენტში კასპის რაიონის დეპუტატის, დავით ონოფრიშვილის ინიციატივით ჩატარდა, მაღალ დონეზე გაუწიეს ორგანიზება ქართული ჭიდაობის შიდა ქართლის ფედერაციამ (პრეზიდენტი
ვეფხია ქოთუაშვილი
) და კასპის რაიონის სპორტის სამსახურმა (ხელმძღვანელი შოთა გოგიაშვილი).

საასპარეზოდ თავი მოიყარეს შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, თბილისის და აჭარის წარმომადგენლებმა.

ექვსი წონითი კატეგორიიდან სამ წონაში პირველობა არავის დაუთმეს კასპელებმა. ადგილობრივებს პრიზიორიც არაერთი ჰყავდათ. რამაზ გუგულაშვილმა (62 კგ) და ზვიად ოდოშაშვილმა (68) უკვე მიაჩვიეს თავიანთი გულშემატკივრები წარმატებებს და ისინი ამჯერადაც პირველ ადგილზე გავიდნენ.

კიდევ ერთმა კასპელმა გიორგი კანკავამ (74) სამი სუფთა გამარჯვებების მომტანი ერთმანეთზე უკეთესი გდებებით უწია ფინალს, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ახალგაზრდა გორელ მოჭიდავესთან, ტატო ტატულაშვილთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს წლევანდლიდან ვხედავთ ნახერხმოყრილ არენაზე. ის შედეგებს თანდათან უმატებს - ერთი თვის წინათ თუ პრიზიორებში ხვდებოდა, ახლა პირველი ადგილიც დაიკავა.

სულ ახლახან კი, სამთავისში გამართული ტურნირის მსგავსად, 90 კგ-ში ამჯერადაც ფინალში გავიდნენ გორელი დავით ჭაბუკაშვილი და 2013 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანი, ქარელელი პაატა ღვინიაშვილი, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ჭაბუკაშვილმა ამჯერად შეძლო ფალავნის დამარცხება.

აბსოლუტურ წონაში ყველას კასპელთა ჯილამ, ბექა ბერძენიშვილმა აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში მას გამოცდილ, თუმცა თავისზე გაცილებით მჩატე ზვიად კაპანაძესთან მოუწია დაპირისპირება. კაპანაძე ვერცხლისპრიზიორობას დასჯერდა და საინტერესოა, რომ იგივე ადგილი 82 კგ-შიც დაიკავა.

ორ წონაში (90 და აბსოლუტური) შევიდა სამეულში მანგლისელი გიორგი კობაიძეც.

შეჯიბრების სპონსორმა, კავთისხეველმა ბიზნესმენმა ზვიად ჩიგოგიძემ აბსოლუტურ წონაში გამარჯვებულს ყოჩი, აგრეთვე, ყველა წონაში საუკეთესო სამეულებს ფულადი ჯილდოები გადასცა. შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ კი მოჭიდავეებს მედლები და საჩუქრები უსახსოვრა.

კვარცხლბეკი
62 კგ. 1. რამაზ გუგულაშვილი (კასპი), 2. გიორგი ბროლაშვილი (თბილისი), 3. ალეკო ქვრივიშვილი (კასპი).
68 კგ. 1. ზვიად ოდოშაშვილი (კასპი), 2. გოჩა ვარძელაშვილი (ქარელი), 3. გიგა ბერიაშვილი (კასპი).
74 კგ. 1. ტატო ტატულაშვილი (გორი), 2. გიორგი კანკავა, 3. გიორგი მათიაშვილი (ორივე - კასპი).
82 კგ. 1. ნუკრი ჭიკაძე (ბათუმი), 2. ზვიად კაპანაძე (ქარელი), 3. ჯაბა ბიწაძე (ლაგოდეხი).
90 კგ. 1. დავით ჭაბუკაშვილი (გორი), 2. პაატა ღვინიაშვილი (ქარელი), 3. გიორგი კობაიძე (მანგლისი).
აბსოლუტური. 1. ბექა ბერძენიშვილი (კასპი), 2. ზვიად კაპანაძე (ქარელი), 3. გიორგი კობაიძე (მანგლისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
sad sheidzleba vnaxot qartuli chidaobis turnirebis kalendari?
zaza
16:41 22-07-2015
0

სიახლეები პოპულარული