პაატა ქართული ჭიდაობის სიყვარულით გამორჩეული სპორტსმენია და, ალბათ, ყველაზე ხშირად, სწორედ იგი ასპარეზობს სხვადასხვა სოფლის ნახერხმოყრილ არენებზე გამართულ ტურნირებზეც. არც წლის მთავარ შეჯიბრებას - ფალავნობას აკლდება.
პაატა პირველად 2013 წელს გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი, შარშან მისი ბიძაშვილი ბექა ღვინიაშვილი იყო საუკეთესო. ღვინიაშვილები ტიტულის დათმობას ჯერ არ აპირებენ.
- წლევანდელი ფალავნობისათვის დიდი მონდომებით ვემზადებოდი. ერთი თვის წინათ გორელებთან ერთად მონაწილეობა მივიღე საკლუბო პირველობაზე
- შეჯიბრების პირველი ეტაპის, 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში და შემდეგ აბსოლუტურის დასაწყისში კახა გაზაშვილთან მოგიწია შეხვედრა...
- მასთან ორივე გამარჯვება რთული იყო, რადგან კახა საკმაოდ უხერხული მოჭიდავეა. აბსოლუტურში მის შემდეგ ლევან მატიაშვილთან მომიწია შეხვედრა, რომელიც ჩემზე გაცილებით მძიმეა. მიზნად დავისახე, საწყის ორ წუთში ქულები არ დამეკარგა და როცა ლევანი შედარებით დაიღლებოდა, შემეტია. მართლაც, გადამწყვეტი ქულები შეხვედრის მიწურულს მოვაგროვე. ფინალში კი ჩემთვის კარგად ნაცნობ ონისე ბუღაძეს დავუპირისპირდი. ონისე ერთი ქულით მიგებდა და წუთ-ნახევრით ადრე შევძელი მომგებიანი ქულის ართმევა. ბოლოს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შევეცადე და შევძელი კიდეც.
წლევანდელი გამარჯვებით დავამტკიცე, რომ ორი წლის წინანდელი წარმატება შემთხვევითობა არ ყოფილა.
- საინტერესოა, რომ მატიაშვილთან და ბუღაძესთან დასაწყისში აგებდი, მაგრამ ორივეჯერ საშენოდ მოატრიალე ხელი...
- სამწუხაროდ, ჭიდაობისას ცოტა გვიან, ანუ იმის შემდეგ ვიწყებ აქტიურობას, როდესაც ჩამოვრჩები ქულათა სხვაობაში. ხშირად ასეთ შეხვედრებში მაინც ვიგებ, მაგრამ დროის უკმარისობის გამო ძალიან ბევრი შეხვედრა დამითმია. ეს მომავალში უნდა გავითვალისწინო და გამოვასწორო.
- მსაჯობა ვახსენეთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ არაერთხელ მათი გადაწყვეტილება გაპროტესტდა. მერე სადავოდ ვიდეოგამეორებაზე მონიტორთან ადამიანთა დიდი ჯგუფი მიდიოდა და უთავბოლო დავა-კამათს მიჰქონდა დიდი დრო. ლორიაშვილის და ბოლოთაშვილის შეხვედრა კიდევ დასრულებიდან ნახევარ საათში ლამის ხელახლა ჩაატარეს...
- გეთანხმებით, რომ ასეთი რანგის შეჯიბრებაზე უფრო მაღალი დონის მსაჯობა უნდა ყოფილიყო, თუმცა არენაზე მაღალი კლასის არბიტრებიც იდგნენ.
- შეჯიბრებას ერთი ფავორიტი აკლდა...
- დიახ და ეს იყო ბექა ღვინიაშვილი. სამწუხაროდ, მას ტრავმა აწუხებს. 2013 წელს, ჩემი პირველი ფალავნობის მერე, თქვენთან ინტერვიუში აღვნიშნე კიდეც, რომ გაისად, ანუ შარშან ბექა გახდებოდა ფალავანი. ეს ასეც მოხდა. ახლა მინდა ვთქვა, რომ შემდეგში თუ ბექამ იჭიდავა, თითქმის დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. ასე რომ, ჯერ ღვინიაშვილები ტიტულის დათმობას არ ვაპირებთ.
- პაატა, თქვენ ქარელის რაიონიდან ხართ, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ფალავნები - მალხაზ და გელა ბერუაშვილები, შოთა ჩოჩიშვილი, ჯემალ მჭედლიშვილი, შოთა ხაბარელი. ქარელელებს სულ 14-ჯერ გაქვთ ეს ტიტული მოპოვებული...
- ჩვენს რაიონს მართლაც მსოფლიოში ცნობილი ფალავნები ჰყავს აღზრდილი. მათ გვერდით რომ მეც ვიხსენიები, ეს დიდად სასიხარულოა. ქარელში ამჟამინდელი გამგებლის, ზაზა გულიაშვილის და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის, გია ბერუაშვილის ხელშეწყობით ჭიდაობაში ისევ შესანიშნავად მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, მე გორში ვვარჯიშობ, რადგან აქ კიდევ უფრო დიდი მასშტაბების და რანგის სკოლაა. დიდად მადლიერი ვარ იქაური მწვრთნელების.
- ვის ეძღვნება ეს გამარჯვება?
- ჩემს პატარა ოჯახს. 3 წლის ვაჟს, რომელიც დილით ხატთან დგება და ამბობს, ღმერთო, მამამ მოიგოსო, როგორ გინდა ამის შემდეგ შინ წაგებული დაბრუნდე? რასაკვირველია, მამაჩემს, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, მაგრამ ჩემს ჭიდაობას იმდენად განიცდის, რომ ვერ მოდის შეჯიბრებებზე საყურებლად.
- პაატა, ცირკი კი გაივსო გულშემატკივრებით, მაგრამ სოფლებში წლეულს გამართულ შეჯიბრებებზე შესამჩნევად იკლო მაყურებელმა. როგორ ფიქრობ, ინტერესი განელდა ქართული ჭიდაობისადმი?
- ვფიქრობ, რომ ხალხს ისევ ძალიან უყვარს ქართული ჭიდაობა, მაგრამ მაყურებლის სიმცირეს სოფლებში ჩატარებულ შეჯიბრებებზე მისი გამართვის დროით ვხსნი. ჯობია, ტრადიციულად, საღამოს საათებში დაიწყოს ჭიდაობა. სოფელში ვინც ცხოვრობს, იცის, რომ დღის განმავლობაში მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამუშაოებითაა დაკავებული, ეს მათი საარსებო წყაროა და თუ ჭიდაობის მაინცდამაინც თავგადაკლული ქომაგი არაა, საყურებლად ვერ იცლის.
აქვე დავამატებ, რომ დიდი საქმეა, რაც ფონდი "ქართუს" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გაკეთდა - ასეთი გადახურული და კარგი საჭიდაო არენები სოფლებში ადრე, აბა, სად გვქონდა...
- პაატა, ერთი თვის წინათ ძიუდოში საქართველოს ნანატრი ჩემპიონობაც მოიპოვე...
- ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ადრე ოთხჯერ ვიყავი ფინალში და ოთხივეჯერ წავაგე. ორჯერ 81 კგ-ში გიორგი ბაინდურაშვილთან და ავთანდილ ჭრიკიშვილთან, ორჯერაც 90 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანთან და ბექა ღვინიაშვილთან. საბედნიეროდ, წლეულს ეს ნავსიც გავტეხე და ჩემპიონი გავხდი.
- ახლა სამბოში დაგრჩა საქართველოს ჩემპიონატი მოსაგები...
- დიახ, ეს შეჯიბრება 23 დეკემბერს ჩატარდება და ძალიან მინდა, იქაც მოვიგო, რითაც ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში მოპოვებულ წარმატებებს გავასამებ. თანაც, ყოველივე ეს ორ თვეში იქნება და ერთგვარად უნიკალური შედეგიც შეიძლება იყოს.
- საგაისო გეგმებზე რას იტყვი?
- იანვრიდან დაიწყება სამბოში სხვადასხვა შეჯიბრება. ვიბრძოლებ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად. უფრო გრძელვადიან გეგმებში კი ევროპის მომდევნო თამაშებზე, რომელიც 2019 წელს გაიმართება, ძალიან მინდა ვიჭიდავო და ჩემპიონი გავხდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"