U23. თავისუფალი ჭიდაობა: რაჭული ფინალი რაჭაში

AutoSharing Option
9 იანვარს ამბროლაურში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ამჯერად 23-წლამდელთა შორის ტარდება. რაჭას ბოლო წლებში ამ რანგის საჭიდაო ტურნირი პირველად ესტუმრა და იქაურებმა ღირსეული მასპინძლობაც გასწიეს. მით უფრო, ამბროლაურში ახალი და კეთილმოწყობილი დარბაზიც აქვთ - "ჩემპიონი", რომელმაც მომავალ ჩემპიონებს უმასპინძლა.

ტურნირს ჭიდაობის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც დაესწრო, რომლისთვისაც ეს პირველი სპორტული ღონისძიებაა ახალ ამპლუაში. მან გახსნის ცერემონიალზე სიტყვით მიმართა მონაწილეებს და რეგიონის მოზარდებს ჭიდაობაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში მუშაობის გააქტიურება გეგეშიძის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი ქვაკუთხედი
იყო და სულ მალე სიტყვა საქმედ აქცია.

ამბროლაურში ქვეყნის სხვადასხვა რაიონის 200-მდე ახალგაზრდა ფალავანი შეიკრიბა და საინტერესო ორთაბრძოლებიც გააჩაღეს. გუშინ ოთხი წონის ფალავნები ჭიდაობდნენ და რაჭველთა გასახარად, 74 კილოგრამში რაჭული ფინალიც გაიმართა, სადაც ძმები, ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეები გავიდნენ, გამარჯვება კი ასაკით უფროსსა და უფრო გამოცდილ ავთანდილს დარჩა.

თუმცა ეს არ ყოფილა ერთი ქალაქის ერთადერთი ფინალი - 65 კილოგრამში ჩემპიონობა სამტრედიელებმა აქციეს თავიანთ შინაურ საქმედ. საბოლოოდ გამარჯვება მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამეპრიზიორ ივერიკო ჯულაყიძეს დარჩა, ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში შმაგი თოდუა დაამარცხა.

უმჩატეს წონაში - 57-ში ბათუმელმა რამაზ თურმანიძემ გაიმარჯვა, 97-ში კი, მოლოდინისამებრ, მცხეთელმა გივი მაჭარაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ამ წონაში არც როლანდ ანდრიაძის ფინალისტობაა მოულოდნელი. მაჭარაშვილმა მანამ გიორგი ჩხარტიშვილსა და ვაჟა ომარაშვილსაც მოუგო, რომლებიც ასევე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ ამ წონაში.

დღეს, 10 იანვარს შეხვედრები დარჩენილ ოთხ წონაში გაიმართება - 61, 70, 86 და 125-ში. მძიმე წონაში იასპარეზებს ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიც, რომელსაც ადგილი ლამის დაბევებული აქვს თანატოლთა ევროპის პირველობაზე. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ფალავანი მაინც არ არიდებს თავს საშინაო შეჯიბრებას, რითაც ჩემპიონატის დონეს ამაღლებს.

კვარლცხბეკი
57 კგ
1. რამაზ თურმანიძე (აჭარა) 2. ლევან მურცხვალაძე (თბილისი) 3. ირაკლი მხეიძე (აჭარა) და გიორგი ხაჩიძე (ხაშური)

65 კგ
1. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია) 2. შმაგი თოდუა (სამტრედია) 3. შალვა ხუციშვილი (გორი) და მაგომედ საიდოვი (ყვარელი)

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) 2. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) 3. გიორგი ქავთარაშვილი (ყაზბეგი) და გიორგი ბრეგვაძე (გორი)

97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) 2. როლანდ ანდრიაძე (ხონი) 3. გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი-ორც) და ბექა გოგიჩაშვილი (გორი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული