ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან

AutoSharing Option
ახლახან რაჭამ საქართველოს მოჭიდავეთა ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც ამბროლაურში ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის. რაჭამ ამ ტურნირს ღირსეულად უმასპინძლა და ნამდვილად გაამართლა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის ჩანაფიქრმა, ვინც რეგიონების გამოცოცხლება და სიმძიმის ცენტრის თბილისიდან რაიონებში გადატანა პრიორიტეტად დაასახელა.

- U23. თავისუფალი ჭიდაობა: გენო პეტრიაშვილს ვინ დაუდგებოდა?!
- U23. თავისუფალი ჭიდაობა: რაჭული ფინალი რაჭაში

თუმცა, ჭიდაობის სამყაროში მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამ ტურნირის თავიდან ჩატარება გახდეს შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემზარ ბედინეიშვილი ამას არ გამორიცხავს, ოღონდ ბევრი რამ
იმაზეც იქნება დამოკიდებული, რა ტიპის რეფორმებს დაამტკიცებენ ზემდგომნი.

ჭიდაობაში ახალი წესების დამტკიცებას და წონითი კატეგორიების შეცვლას რომ აპირებდნენ, უკვე გაცნობეთ, თუმცა, როგორც ბედინეიშვილი ამბობს, თუ გავრცელებული ხმები დადასტურდა, ჭიდაობა ცუდად შეიცვლება. ოღონდ რაღა გავრცელებული ხმები, თურმე უკვე გავრცელებულა მოსალოდნელ ცვლილებათა პაკეტი. რაც ჯერჯერობით ცნობილია, იმის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ჭიდაობა თავდაყირა დგება.

დაგვეთანხმებით, აჯობებს, ზემდგომთ სანახაობრივი მხარის გაზრდაზე იზრუნონ, თუმცა დაველოდოთ მსოფლიოს ფედერაციის კონგრესს, რომელიც 19-20 იანვარს ჩატარდება და ვნახოთ, რა ცვლილებებს დაამტკიცებენ, მანამ კი ბედინეიშვილს მოვუსმინოთ, ვისაც 23-წლამდელთა ჩემპიონატის შეფასება ვთხოვეთ.

- რით იყო ეს ჩემპიონატი თქვენთვის გამორჩეული, რამდენად წარმოაჩინა მან ახალი კადრები?
- ეს ჩემპიონატი აღსანიშნავი იმით იყო, რომ ჩვენი ფედერაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ რეგიონის გამოღვიძება მოინდომა და მიზანსაც მიაღწია - ამბროლაურში არასოდეს ჩატარებულა ასეთი რანგის ტურნირი და მთელი ქალაქი ფეხზე იდგა, გამოცოცხლდა, ხოლო მასპინძლები თან გადაგვყვნენ. სასტუმროებთან ერთად სახლებშიც კი დავბინავდით და ყველა პირობა გვქონდა შექმნილი. მთელმა შეჯიბრებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ახალი კადრი ბათუმელი რამაზ თურმანიძეა - პატარა ბავშვი, ვისგანაც გამარჯვებას არავინ ელოდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონი გახდა. ასევე არ ველოდით ფინალში მასთან თბილისელი ლევან მურცხვალაძის მარცხს, ვინც თეიმურაზ ვანიშვილის, რობერტ დინგაშვილის და ირაკლი მხეიძის ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ ერთ მომენტში, როცა 4:0-ს იგებდა, დატრიალებისას კონტრილეთზე მოყვა და იქიდან მოყოლებული აიჭრა, მეტოქემ ჩოქბჯენში ხელი დაუჭირა, ვერაფრით დაიბრუნა ინიციატივა და საბოლოოდ 13:15 წააგო. თურმანიძე ჯერ 1999-წლიანია, მაგრამ უკვე 23-წლიანებში გაიმარჯვა.

- ახალგაზრდებისა თუ უფროსების რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერიც ჭიდაობდა. მათ გამოსვლას როგორ აფასებთ?
- ასეთები იყვნენ გენო პეტრიაშვილი მძიმე წონაში, გივი მაჭარაშვილი 97-ში და ირაკლი მწითური 86-ში. სამივემ ძალიან ძლიერად იჭიდავა და დამაჯერებლად მოიგეს. ყველამ მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა და მეტოქეებზე ბევრად მაღლა იდგნენ.

74-შიც ველოდით, რომ ავთანდილ კენჭაძე მოიგებდა. ასევე ველოდით ფინალში მის ძმას - ნიკოლოზს, რადგან მათ გარდა არავინ ყოფილა ისეთი, ვინც ამათ კონკურენციას გაუწევდა. ამ ასაკში ასეთი 23-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ფინალისტი ტარიელ გაფრინდაშვილია და ახლა ისიც ინდოეთში ჭიდაობს იქაურ პროფესიულ ლიგაში. თან ფეხზე პატარა ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ უნდა იმკურნალოს. ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ტარზან მაისურაძეც ახალი ნაოპერაციებია, თუმცა მაინც მოემზადა, კარგადაც ვარჯიშობდა, მაგრამ აწონვის წინა დღეს ფეხმა შეაწუხა და ვეღარ იჭიდავა.

- სხვა წონებზე რას იტყვით, ხართ დანარჩენებით კმაყოფილი?
- 61 კილოგრამში გიორგი რევაზიშვილმა ნერვები დამაწყვიტა - გავაფრთხილე, რომ წონა არ ჰქონოდა ბევრად მომატებული, მაგრამ 68-69 კილოგრამიდან დაიწყო დაკლება და კინაღამ მოკვდა. მე ვუთხარი, როგორ დაიკლებ, ესაა მნიშვნელოვანი, თორემ წონის ჩაბარება ჩემპიონობას არ ნიშნავს-მეთქი. წინასწარ შეხვედრებში ყველას კი მოუგო, მაგრამ გამოფიტული იყო. ვგრძნობდი, ვერ იყო ფორმაში.

ფინალში შოთა ფარტენაძემ ხელი რომ მოჰკიდა, თავიდანვე დაიბევა გამარჯვება. არადა, მაგათ შორის არაა ასეთი დიდი სხვაობა. თუმცა ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ - რევაზიშვილმა შარშანაც ასე წააგო ახალგაზრდებში, მაგრამ მერე უფროსებში რევანში აუღო. არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე მოხდეს.

70 კილოგრამში ქუთაისელ მირზა სხულუხიას სულ ტრავმები აწუხებდა - ხან კუნთი გაუწყდა, ხან მხარი იტკინა და ასე წვალებ-წვალებით ჩაამთავრა ტურნირი, ვაჟკაცურად იჭიდავა და მაინც გაიმარჯვა. 65-ში ჯულაყიძეც კარგად გამოვიდა.

- ანუ ზოგადი დონით კმაყოფილი ხართ, როგორც თქვენი სიტყვებიდან ჩანს...
- 57-სა და 70 კილოგრამზე არ ვიცი, რა გითხრათ. 57-ში თურმანიძე ჯერ ბავშვია და რა მოვთხოვო. თან არავინ იცის, წესები და წონები როგორ შეიცვლება და ვის როგორ დაუჯდება ეს რეფორმები.

წესების ცვლილებაზე უკვე რაც ვიცით, ძალიან ცუდად იცვლება. ჯერ საბოლოოდ არ დაუმტკიცებიათ, კონგრესზე უნდა განიხილონ 20 იანვარს, მაგრამ განსახილველ ცვლილებათა პროექტი უკვე გაცხადებულია.

სავარაუდოდ, როგორც ბუნდესლიგაშია, იმგვარი წესები იქნება აქაც. აწონვები ჭიდაობის დღესვე იქნება - შეიძლება ერთი საათის შემდეგაც მოგიწიოს სააპარეზოდ გასვლა, მაგრამ ერთი წონის გამოსვლა იმ დღესვე არ დამთავრდება, მეორე დღეს გაგრძელდება, ოღონდ მაშინ უკვე 2 კილოგრამით ზედმეტი წონა იქნება ნებადართული. მძიმე წონა გახდა ულიმიტო, ანუ ზედა ზღვარი არ იქნება განსაზღვრული, სხვა ტიპის ცვლილებებზე კი ჯერ არაფერი ვიცი.

ასევე იცვლება წონითი კატეგორიებიც - უფროსებს 2 წონა ემატება,  ანუ 10 გახდება, ახალგაზრდებს კი ერთი დაემატება და 11-მდე გაიზრდება. ოღონდ კონკრეტულად რომელი წონები ემატება, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ესეც 20-ში გაირკვევა.

- ისევ საქართველოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. იქ გამარჯვება არის უნგრეთში გასამართავ ევროპის ჩემპიონატზე წასვლის გარანტია თუ ისევ გაგრძელდება შერჩევის პროცესი?
- ჯერ იქ წასვლამდე რაღაც პრობლემებია, თუნდაც წესების და წონების მოსალოდნელი ცვლილებიდან გამომდინარე. კვირას უკვე შეკრებაზე უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ, როგორც გეგა გეგეშიძემ გვითხრა, აღარ მივდივართ. ასევე გამოვტოვებთ პარიზის ტურნირს, სადაც ვაპირებდით წასვლას, რადგან ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი თვის ბოლოს აღარაა, მარტის დასაწყისში გადაიტანეს. ჯერ ველოდებით ამ ცვლილებებს, დაამტკიცებენ თუ არა. შეიძლება ქვეყნის ახალი პირველობის ჩატარებაც კი დაგვჭირდეს 23-წლამდელებში.

- გასაგებია, მაგრამ 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი ხომ დადგენილ ვადებში ჩატარდება და კანდიდატები როგორ მოემზადებიან მისთვის - პირად მწვრთნელებთან ივარჯიშებენ?
- ჯერ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ამ დღეებში გადაწყდება ყველაფერი და მერე ვნახოთ. შეიძლება მხოლოდ გარკვეულ წონებში ჩავატაროთ ქვეყნის პირველობა, რომელიც ახალ წონებთან არ იქნება დაახლოებული და ასე შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული