თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდები ყვარელში დაირაზმნენ

AutoSharing Option
ყვარელში ბოლო უქმეებზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, რომელიც ერთ-ერთი საბაზო შესარჩევი ეტაპია წლის უმთავრეს შეჯიბრებებზე - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასამგზავრებელი გუნდის დასაკომპლექტებლად.

სწორედ საშინაო პირველობას უნდა გამოევლინა ის ძირითადი ბირთვი, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებზე მოსახვედრად.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე აგრძელებს თავის სტრატეგიულ გეგმას და ეს ჩემპიონატიც რეგიონში, ამჯერად, ყვარელში ჩატარდა, სადაც 200-ზე მეტი ახალგაზრდა ფალავანი შეიკრიბა. მათ შორის ბევრი იყო ისეთი, ვინც იანვარში, სამიოდ კვირის წინ წარმატებით იჭიდავა 23-წლიანთა ქვეყნის ჩემპიონატში.

მაგალითად, ქუთაისელმა მირზა სხულუხიამ (70) და მცხეთელმა გივი მაჭარაშვილმა (97) მაშინაც გაიმარჯვეს და ახლაც, ოღონდ სხულუხია მაშინ 70 კილოგრამში ჭიდაობდა. ამბროლაურელი ნიკა კენჭაძე (74) იქ ფინალში გავიდა, აქ კი ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ ასაკში მცხეთელთა ჰეგემონია - ქვემძიმეში ხომ მაჭარაშვილმა გაიმარჯვა, მძიმეში ზურაბ ურთაშვილს ვერ დაუდგა ვერავინ. თან ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ისინი ასე წყვილად იგებენ შეჯიბრებებს. აღსანიშნავია სამტრედიელთა კარგი გამოსვლაც - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

აღსანიშნავია, რომ ასაკობრივ ტურნირებში ისინი სულ უფრო მეტად იმკვიდრებენ ადგილს ლიდერთა შორის. გორის, აჭარის, თბილისის ტრადიციულად კარგი გამოსვლა არცაა გასაკვირი, აი, ყვარლელები კი, ალბათ, უფრო მეტს ელოდნენ. მათ ორი ბრინჯაო კი მოიპოვეს, თუმცა თავიანთი ლიდერის, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელ ფინალისტ რობერტ დინგაშვილისგან (55) ბრინჯაოზე მეტს ელოდნენ, მაგრამ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რამაზ თურმანიძესთან 0:1, 3:4 დამარცხდა.

ჩემპიონატმა ახალი კადრებიც გამოავლინა. მაგალითად, სამტრედიელი გოგა ძიგუა 50-ში და უფრო მეტად - ხარაგაულელი ზაურ ბერაძე 84-ში - ის აქამდე დიდი წარმატებებით არ გამოირჩეოდა, ახლა კი მექი სიმონიას, დემურ მეგენეიშვილის და სხვათა კამპანიაში გაიმარჯვა.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 27 ივნისიდან 2 ივლისამდე დორტმუნდში ჩატარდება, მსოფლიოს პირველობას კი 1-6 აგვისტოს ფინური ტამპერე უმასპინძლებს.

კვარცხლბეკი
50 კგ.
1. გოგა ძიგუა (სამტრედია); 2. მახარე გელაშვილი (ხაშური); 3. გოდერძი ოსანაძე, ალექსანდრე გოგობერიძე (ორივე - აჭარა).
55 კგ.
1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი); 2. რამაზ თურმანიძე (აჭარა); 3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი), გოდერძი ძებისაშვილი (გორი).
60 კგ.
1. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია); 2. გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო); 3. შმაგი თოდუა (სამტრედია, ომც), ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი).
66 კგ.
1. მირზა სხულუხია (ქუთაისი); 2. ივერიკო ჯულაყიძე; 3. გია ავალიანი (ორივე - სამტრედია), მამუკა ჩაჩუა (თბილისი).
74 კგ.
1. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური, ომც); 2. გოგა მამიაური (თბილისი, ომც); 3. არტსრუნ ტანგამიანი (ნინოწმინდა), თორნიკე კვინიკაძე (ხაშური).
84 კგ.
1. ზაურ ბერაძე (ხარაგაული, ომც); 2. მექი სიმონია; 3. ჯემალ ჯაბიძე (ორივე - ქუთაისი), დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია).
96 კგ.
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა); 2. მოგელი მეზვრიშვილი (გორი); 3. მარად ვანაძე (აჭარა), ბექა ჭელიძე (თბილისი).
120 კგ.
1. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა, ომც); 2. ალექსი ჟორჟოლიანი (თბილისი); 3. გიორგი ლომოური, დავით კობახიძე (ორივე - თბილისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Jorjoliani tbiliseli ar aris qutaisseli aris
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული