ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი

AutoSharing Option
ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ დავით მარსაგიშვილს (86) სულ რაღაც 7 წამი დააკლდა, კარიერაში მეოთხედ გასულიყო ევროპის პირველობის ფინალში.

ნახევარფინალში რუსთა დაღესტნელ დაურენ კურუგლიევთან საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე ანგარიში 2:2 იყო, რაც ჩვენებურს აძლევდა ხელს, რადგან ბოლო ორქულიანი გდება მან გააკეთა, როცა ფეხიდან აყვანილი მეტოქე წრის ხაზთან მიიყვანა და კარგად გამოცერა. მანამდე, პირველ პერიოდში რუსმაც მოახერხა მისი ჩაყვანა ჩოქბჯენში და პერიოდიც მოიგო, თუმცა მეორეში მარსაგიშვილმა გააძლიერა ზეწოლა და საწადელსაც მიაღწია, ოღონდ ბოლო წამებზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა: მეტოქემ
თავზე ჩამოქაჩა, ოღონდ არცთუ ძლიერად, მაგრამ მარსაგიშვილი მაინც დაეცა, კურუგლიევმა კი ზურგიდან შემოუარა და მორიგი 2 ქულა მიითვალა: 2:4 რუსის სასარგებლოდ.

ასე მიუტევებლად, ძალიან მარტივ ვითარებაში დაკარგა ფინალის საგზური მარსაგიშვილმა და არჩივად ბრინჯაოს მედალი დარჩა.

სამწუხაროდ, დამამშვიდებლის ფინალშიც იგივე მოხდა, რაც საკმაოდ ხშირად გვინახავს მარსაგიშვილის თუ სხვა ქართველი ფალავნების გამოსვლებში - ვერ შეძლო მობილიზება და უნგრელ იშტვან ვერებთან დამარცხდა. მართალია, 2:2-ზე წააგო, მაგრამ ფაქტია, რომ უმედლოდ დარჩა.

ევროპის ჩემპიონატი სერბულ ნოვი სადში გუშინ დაიწყო ქალებისა და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟების შეხვედრებით. ხალიჩაზე ორ-ორი წონის წარმომადგენლები გავიდნენ, მარსაგიშვილმა კი ნახევარფინალამდე ორი შეხვედრა მოიგო. ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებდა, მერვედფინალში კი ფინელი ვილლე ტაპანი ჰეინო 7:1 დაამარცხა.

როგორც ყველა შეხვედრაში, მარსაგიშვილი ამჯერადაც ჩაგრავდა მეტოქეს: ჯერ წრიდან გაიყვანა, მერე მეტოქეს პასიურობისთვის 30-წამიანი ჩაურთეს და ქულა არ დაუთმო - 2:0. ამის შემდეგ პოზიციური ბრძოლა გაჩაღდა, სადაც ჩვენებური კარგად იცავდა თავს, ბოლო წუთზე კი შუაკაურით, საკმაოდ მაღალი ტრაექტორიით 4-ქულიანზე გადააგდო. ფინელებმა ეს გდება გააპროტესტეს, თუმცა უშედეგოდ და კიდევ ერთი ქულით დაისაჯნენ, ბოლოს კი ერთი ქულა ჰეინომაც მოიპოვა.

მეოთხედფინალში მოლდოველ დენის ბალაურთან მარსაგიშვილი 1:0 დაწინაურდა, როცა მეტოქე წრიდან გავიდა, მაგრამ მალევე 1:4 ჩამორჩა. ამან ბალაური გაათამამა და მხრებს ქვეშ ხელებიდან აყვანიდან თავს უკან გადაგდება დაუპირა, რაც მარსაგიშვილმა დაუხურა და ჩოქბჯენში ჩააგდო, თუმცა ვერ დაატრიალა. სამაგიეროდ, ანგარიში მაინც შეამცირა - 3:4, მალევე კი ისევ ჩაიყვანა ჩოქბჯენში და იქ ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზე დაატრიალა, რითაც დაწინაურდა კიდეც - 7:4. მეორე პერიოდიც ჩვენებურის უპირატესობით წარიმართა, თუმცა უკვე შეტევაში იმდენად აღარ მიდიოდა, მაგრამ ორი გდება მაინც გააკეთა. საბოლოოდ მარსაგიშვილმა 11:6 იმარჯვა.

ქართველმა ფალავანმა მარტში ოპერაცია კი გაიკეთა, რამაც მისი მზადება შეაფერხა, თუმცა სერბეთში მოგებულ პაექრობებში არც მოუმზადებლობა ეტყობოდა და ვერც იმ წაგებას დავაბრალებთ ტრავმას: ელემენტარულად, კონცენტრაცია დაკარგა, ყურადღება გაეფანტა და თავი ვერ დაიცვა, თორემ კურუგლიევმაც ისე უნდილად ჩამოქაჩა, ვგონებთ, თვითონაც არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას.

მამლუქის ზეიმი
გუშინ ჩვენი გუნდიდან დებიუტანტმა ოთარ გოგავამაც (57) იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად: პირველივე შეხვედრა ებრაელ იური ჰოლუბთან სუფთად, 0:10 წააგო. მომდევნო წრეში ჰოლუბიც დამარცხდა თურქ სულეიმან ატლისთან და ჩვენებური ვერც სანუგეშო წრეში გადავიდა.

ამ წონაში პირველივე წრეში იჭიდავეს "მამლუქმა" ქართველებმა: ესპანეთში მოჭიდავე ლევან მეტრეველმა იტალიაში გადასული გივი დავიდოვი 4:3 დაამარცხა, თუმცა თვითონაც იქვე წააგო რუმინელთა მომავალ ფინალისტ ანდრეი დუკოვთან და მერე სანუგეშოში გადაერთო, სადაც ბრინჯაომდე მივიდა, ოღონდ გადამწყვეტი პაექრობა 1:11 დათმო თურქ ატლისთან და უმედლოდ დარჩა.

სამაგიეროდ, ნამდვილად იყოჩაღა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილმა და სავსებით დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი. მისთვის ეს კარიერაში მეორე ევროგამარჯვებაა, პირველი კი საქართველოს სახელით თბილისში მოიპოვა 2013 წელს.

აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ედიშერაშვილს ძალიან აქვს მომატებული და ნახევარფინალში ბრწყინვალედ დაამარცხა რუსი ზაურ უგუევი.

ამდენად, პირველი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრები უმედლოდაა, როცა, მინიმუმ, ფინალში მაინც უნდა გვეჭიდავა. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მომდევნო დღეების პაექრობებს.

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. კვარცხლბეკი
ვაჟები
57 კგ.
1. გიორგი ედიშერაშვილი (აზერბაიჯანი)
2. ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)
3. ზაურ უგუევი (რუსეთი), სულეიმან ატლი (თურქეთი)
15. ოთარ გოგავა (საქართველო).

86 კგ.
1. დაურენ კურუგლიევი (რუსეთი)
2. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)
3. იშტვან ვერები (უნგრეთი), სელიმ იასარი (თურქეთი)
5. დავით მარსაგიშვილი (საქართველო).

ქალები
48 კგ.
1. მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი)
2. ილონა სემკივი (უკრაინა)
3. ფრედერიკა იდა პეტერსონი (შვედეთი), ემილია ალინა ვუცი (რუმინეთი).

63 კგ.
1. მონიკა ევა მიჰალიკი (პოლონეთი)
2. ტაიბე მუსტაფა იუსაინი (ბულგარეთი)
3. სარა და კოლი (უკრაინა), იულია ტკაჩ-ოსტაპჩუკი (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული