ჩამიზოსთან წაგებით გაძლიერებული - ინტერვიუ ზურაბ იაკობიშვილთან

AutoSharing Option
დოსიე
ზურაბ იაკობიშვილი
დაიბადა: 1992 წლის 4 თებერვალს ყვარელში
ევროპის მესამე პრიზიორი (2017)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი 23-იანებში (2015)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში (2008)
მწვრთნელი: 2000 წლიდან - გივი მეტრეველი; 2009 წლიდან - დავით ოთიაშვილი.


თავისუფალი სტილით მოჭიდავე ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი უკვე იქცა ჩვენს ნაკრებში 65 კილოგრამის ლიდერად და ახლახან სერბეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, რაც მისთვის პირველი ჯილდოა ეროვნულ ნაკრებში პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე.

- ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ორი ბრინჯაო ყულაბაში [VIDEO]

თუმცა მას აქამ
დეც შეეძლო გაცილებით მძლავრად დაექუხა - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე იტალიელთა კუბელ ლეგიონერს, იმხანად დაუმარცხებელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ფრენკ ჩამიზოს მთელი შეხვედრა 1:0-ს უგებდა, დასრულებამდე 40 წამით ადრე 2-ქულიანიც გაუკეთა და 3:0 დაწინაურდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაკარგა კონტროლი და 3:4 დამარცხდა... ეს დასანანი წაგება რომ არა, ვინძლო, ოლიმპიური მედალიც მოეპოვებინა.

თუმცა იმ წაგებამ თითქოს რწმენაც შეჰმატა, თითქოს უფრო თავდაჯერებული და ძლიერი გახდა, შედეგად კი ეროვნულ ნაკრებში კოლექციაც გახსნა. ეჭვიც არაა, ის ამას არ დასჯერდება, წონის პრობლემამ თუ არ შეაწუხა. ოღონდ გვაიმედებს ის, რომ მშრომელი ბიჭია, შრომა კი უკვალოდ არ იკარგება. თან, არც ისაა გამორიცხული, გაისად დაგეგმილ;ი წონების ცვლა სასიკეთოდ "დაუჯდეს" და დაკლება აღარც დასჭირდეს.

თავადაც მზადაა ამ გამოწვევისთვის, რადგან ჭიდაობა მისთვის პროფესიაზე მეტია და ყველაფერი გვერდზე გადადო - გართობაც, პირადი ცხოვრებაც, ოჯახიც, მეგობრებიც, რომლებიც თურმე ხშირად ეხუმრებიან, სპორტის გამო დაგვივიწყეო. ერთი სიტყვით, მთელ დროს ჭიდაობას უთმობს და ყველაფერს აკეთებს დიდი შედეგების მოსაპოვებლად.

- ზურა, ალბათ, კმაყოფილი იქნებით ეროვნულ ნაკრებში პირველი მედლის მოპოვებით.
- უფრო მეტად კმაყოფილი ვიქნებოდი, ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი. აქედან სწორედ ამ მიზნით წავედი და ჩემპიონობის დიდი სურვილიც მქონდა, თუმცა მესამე ადგილიც სასიამოვნოა, რადგან უმედლოდ არ ჩამოვედი. თან ეს ჩემი პირველი ჯილდოა ეროვნულ ნაკრებში.

მედალი სულ სხვა შეგრძნებაა - ეს შენი შრომის დაფასებაა და კმაყოფილი ხარ, რამდენიმე თვის შრომა რომ აგინაზღაურდა და ხელცარიელი არ დარჩი.

შარშანაც ახლოს ვიყავი მედალთან, მაგრამ ჯერ ნახევარფინალი წავაგე, მერე - ბრინჯაოსთვის შეხვედრაც და მეხუთეზე დავრჩი, წლეულს კი მოვახერხე წარმატების მოპოვება. იმედია, მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესებ შედეგს. არ მინდა, სპორტიდან ისე წავიდე, ჩემპიონი არ გავხდე.

- რუს ილიას ბეკბულატოვთან წაგებას რითი ხსნით? ეს შეხვედრა კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რადგან სხვები მართლა ძლიერად ჩაატარეთ.
- თავის მართლებასავით გამომდის, მაგრამ დასვენება არ მეყო, ძალების აღდგენა ვერ მოვასწარი. ცოტა ზედმეტი წონის პრობლემა მაქვს - 7 კილომდე ვიკლებ და მერე ძალიან მიჭირს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასე მალ-მალე მიწევს ჭიდაობა, ხოლო თუ ძლიერმა შეხვედრებმაც მომიწია, ასე ხანმოკლე პერიოდში მიჭირს ორმაგად დასვენება და აღდგენა.

ბეკბულატოვთანაც ასე მოხდა - ვერ გადავლახე ეს მომენტი. მეოთხედფინალში თურქ მუსტაფა კაიასთან დაძაბული შეხვედრა მქონდა. ის ძლიერი ბიჭია და შარშან ევროპის პირველობაზე მომიგო, შემდეგ კი ფინალშიც გავიდა. ერთ-ერთი ლიდერია ამ წონაში და მასთან მოსაგებად ყველაფერი გავიღე.

ყველა შეხვედრის წინ იმ კონკრეტულ პაექრობაზე ფიქრობ და არა შემდეგზე, როგორ მოიგო ის ორთაბრძოლა. ჩემი ნახევარფინალიც თურქთან შეხვედრა გამოდგა. ამ ჭიდაობიდან სადღაც 10 წუთში მომიწია რუსთან საპაექროდ გასვლამ, ოფლიც არ მქონდა შემშრალი. ერთი სიტყვით, ვერ დავისვენე და ეს იყო ამ წაგების მიზეზი.

- რომელ შეხვედრას გამოარჩევ ამ ჩემპიონატიდან?
- ყველაზე ძნელი წაგებაა. რაც უნდა ძნელად მოიგო, მაინც მოგებული ხარ, წაგება კი სხვანაირი ემოციაა. წაგებისას უფრო მეტს ფიქრობ; აანალიზებ, რატომ დამარცხდი და რა დაგაკლდა, მოგება კი ეიფორიული განწყობაა, იმდენს არ ფიქრობ გამარჯვების მიზეზებზე, კმაყოფილი ხარ მოგებით. ამიტომ ბეკბულატოვთან შეხვედრა უფრო დამამახსოვრდა.

- ოლიმპიადაზე იტალიელ ფრენკ ჩამიზოსთან მარცხის მერე თითქოს უფრო თავდაჯერებული გახდით, უფრო სხვანაირად ჭიდაობთ. ეტყობა, იმ ძალიან დასანანმა წაგებამაც დაგაფიქრათ და რწმენაც გაგიძლიერათ.
- რაც უფრო ძლიერ მეტოქეს ხვდები და კარგ პრაქტიკას გადიხარ, მით უფრო დახვეწილი, ჩამოყალიბებული ხდები და ის განცდა, ის ნერვიულობა აღარ გაქვს.

როცა ასეთ ძლიერ მეტოქეს ილეთს უკეთებ, რწმუნდები, რომ შეგიძლია მასთან მოგება. პირველ რიგში, შენი თავის შენვე უნდა გჯეროდეს და მობილიზებული იყო მასთან მოსაგებად. როგორც არ უნდა იყო პიკში, როგორც არ უნდა მოემზადო, შენი ძალების თუ არ გჯერა, ვერც ერთ შეხვედრას ვერ მოიგებ.

თუმცა ჩამიზოსთან იმ შეხვედრაზე დღემდე ვფიქრობ. ძალიან ცოტა დამაკლდა მოგებამდე და, ვფიქრობ, ნაადრევად ვიზეიმე გამარჯვება.

- დამრჩა შთაბეჭდილება, ბოლო ორქულიანის მერე ანერვიულდით და 1:0-ზე მოგების გაცილებით უკეთესი შანსი გქონდათ, ვიდრე - 3:0-ზე - მერე თითქოს ფსიქოლოგიურად ვეღარ დაალაგეთ ჭიდაობა.
- შეიძლება, ფსიქოლოგიასაც დავაბრალოთ, მაგრამ ხუთწუთნახევარი ვერაფერი გამიკეთა. პირიქით - იქით ვუკეთებდი ილეთებს და იქით ვუღებდი ქულებს. ის ნახევარი წუთი რომ დარჩა, მახსოვს, გავიფიქრე - მორჩა, მოვიგე, დამთავრდა-მეთქი. ალბათ, ამით ისარგებლა და დავმარცხდი. ახლა უკვე ვიცი, რომ 1 და 2 წამიც რომ იყოს დარჩენილი, ბოლომდე უნდა იბრძოლო, სანამ მსაჯის სასტვენი არ იქნება. უკვე ისიც ვიცი, რომ ბრძოლა ბოლო წამამდე გრძელდება.

- ანუ კარგი გაკვეთილი მიიღეთ.
- კი, ნამდვილად დიდი გაკვეთილი მივიღე და იქ ჩადენილ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ. მართლა ძალიან დამწყდა გული და დღემდე ბევრს ვფიქრობ იმ შეხვედრაზე, რადგან მართლა კარგ ფორმაში ვიყავი, ასეთი მეტოქის დამარცხების მერე კი შეიძლებოდა, ფინალშიც გავსულიყავი და ჩემპიონობისთვის მებრძოლა.

ვერ ვიტყვი, რომ ვერ მოვემზადე, ვარჯიშები ვერ გავიარე-მეთქი. პირიქით - კარგად მოვემზადე, მაგრამ რაღაც ნიუანსები ვერ გავითვალისწინე. თან პირველად ვიყავი ოლიმპიადაზე და არ ვიცოდი, რა როგორ იყო. სხვებისგან კი მქონდა განაგონი, რომ ოლიმპიადა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ადვილი ტურნირია, რადგან იქ შეიძლება ყველა ძლიერი მეტოქე ვერც მოხვდეს, რადგან ლიცენზიებია საჭირო. მსოფლიოზე რაოდენობრივადაც უფრო ბევრი კონკურენტი გამოდის საჭიდაოდ.

ოლიმპიადამ გამოცდილებაც მომცა და ახლა უკვე ჩემს თავს ვეკითხები, რატომ არ ვიხარჯები ბოლომდე, როცა მეტი შემიძლია. ადრე უფრო ის მინდოდა, რომ ადვილად მომეგო და ენერგია არ დამეხარჯა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ.

- დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ყვარელისთვის ეს პირველი მედალია. დაგიფასეს იქაურებმა?
- კი, გაუხარდათ და იყო ბევრი ზარი, ბევრმა მომილოცა, პირველმა კი ჩემმა პირადმა მწვრთნელმა გივი მეტრეველმა დამირეკა. ის ყოველთვის მქომაგობს და მუდამ კითხულობს ჩემს ამბებს. როცა შეჯიბრებაზე ვარ, მირეკავს და მეკითხება, აბა, ეს როგორ არის, ის როგორ არის, ეს ვარჯიში თუ გააკეთეო და ამგვარები. მგონი, მე არ ვნერვიულობ იმდენს, რამდენსაც ის.

- მსოფლიოსთვის და ზოგადად, სამომავლოდ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რაში გჭირდებათ გაძლიერება?
- არის კომპონენტები, რაც ჩემთვის უხერხული მომენტია და საიდანაც მიჭირს ჭიდაობა. მაგალითად, ასეთია ჩოქბჯენიდან ჭიდაობა, თორემ დგომში ბევრად მიადვილდება. ამაზე უკვე ვმუშაობთ და, იმედია, წინსვლაც გვექნება.

- ჩოქბჯენში "ჭიდაობის პროფესორი" - ლადო ხინჩეგაშვილი კი გყავთ გუნდში.
- ხშირადაც ვვარჯიშობ მასთან, როცა კი ამის საშუალებაა. ძალიან სასიხარულო და კარგია, როცა გუნდში ასეთი სპორტსმენი გყავს. ასეთი ადამიანისგან ბევრ რამეს ისწავლი.

- მსოფლიოსთვის მოსამზადებელი გრაფიკი როგორია?
- გადაწყვეტილია, რომ მსოფლიომდე ორ შეჯიბრებას ვიჭიდავებ - დაღესტანში "კავკასიის თასს" და ივნისში - ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს თბილისში. ამის შემდეგ უკვე საშეკრებო ეტაპი დაგვეწყება და მთლიანად გადავერთვები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რათა ფორმაში, პიკში ვიყო და რაც შეიძლება კარგი შედეგით დავბრუნდე პარიზიდან. ეს იქნება ჩემპიონობა თუ მეორე პრიზიორობა. ცხადია, მე უფრო მინდა, ჩემპიონად დავბრუნდე სამშობლოში. თუმცა ეს ყველა სპორტსმენის სურვილია, მაგრამ მე ვფიქრობ, ვისაც სხვაზე მეტად უნდა მოგება, ყოველთვის ის იმარჯვებს.

- ზურა, რაკი ამდენის დაკლება გიწევთ, წონის შეცვლასაც ხომ არ აპირებთ?
- ჯერ კიდევ მიდის ლაპარაკი წონებისა და წესების შეცვლაზე. თუ მართლა ახალი წესებით წავიდა ჭიდაობა და დილით, ასპარეზობის დაწყებამდე ორი საათით ადრე ავიწონეთ, მაშინ მართლაც მომიწევს 70 კილოგრამში გადასვლა, რადგან ამდენის დაკლების მერე ისე მალე, შეიძლება, ერთი შეხვედრა ჩავატარო, მაგრამ მეტზე ძალა არ მეყოფა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული