საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც

AutoSharing Option
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდნენ და შეუდგნენ საბაზისო ციკლს - შეკრებებს ფიზიკური მომზადებისთვის. ბუნებრივია, აქამდეც მათი ყოველი შეჯიბრება თუ შეკრება მოსამზადებელი ხასიათისა იყო, მაგრამ ახლა კონკრეტულად პლანეტის პირველობისთვის ემზადებიან.

საამისოდ ნაკრებთა მწვრთნელებმა განსხვავებული გზები აირჩიეს - "ბერძენ-რომაელები" საქართველოში ემზადებიან, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი შაბათს სომხურ წახკაძორში გაემგზავრნენ, იქაურ ოლიმპიურ ბაზაზე. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ სომხეთში 18 სპორტსმენი წაიყვანა, რომლებიც იქ 2 კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ. ამ შეკრებაზე იქნებიან მასპინძლებიც - გაფართოებული შემადგენლობით, უკრაინა და კიდევ რამდენიმე
გუნდიც აპირებს ჩასვლას, ანუ ერთობლივი ვარჯიშები იქნება.

20 ივნისს "ბერძენ-რომაელებმა" ბაკურიანში დაიწყეს შეკრება, სადაც ბექა როყვას და ვლადიმერ გეგეშიძის სამწვრთნელო დუეტმა 35 შეგირდი წაიყვანა. ეს შეკრებაც 2 კვირა გაგრძელდება, მერე კი ორივე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე.

ვარშავაში 7-9 ივლისს ერთბაშად სამი შეჯიბრება ტარდება სამივე საჭიდაო სტილში: თავისუფალ ჭიდაობაში ვაცლავ ციოლკოვსკის XXVI მემორიალი, ბერძნულ-რომაულში - ვლადისლავ პეტლიასინსკის LX მემორიალი და ქალთა ჭიდაობაში - "პოლონეთის თასი", რომელიც 21-ედ ტარდება.

მწვრთნელები ჯერ არ ასახელებენ პოლონეთში წასაყვან ფალავნებს - ელოდებიან შეკრებების დასრულებას და ამის მიხედვით გაარკვევენ, ვის სჭირდება შეჯიბრება. დაახლოებით ამავე პერიოდში ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირიც იმართება და ჩვენები იქაც უნდა გამოვიდნენ. თუმცა იმ ტურნირში მონაწილეობა კვოტირებულია - მხოლოდ ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნებს იწვევენ. მათი გამოსვლა სავალდებულოა, თუმცა მონაწილის შეცვლაც შეიძლება. ჩვენი მწვრთნელებიც ახლა ამის გარკვევას ელოდებიან, ვინ სად გაუშვან, ამაზე კი საბოლოოდ შეკრებების მიმდინარეობისას ჩამოყალიბდებიან.

ორივე შეჯიბრებას თავისი პლუს-მინუსები აქვს: წესით, ბაქოში ტიტულოვანი შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს, მაგრამ იქნებ ზოგიერთ ლიდერს ამ ეტაპზე სულაც არ სჭირდება ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა, იქნებ სავარჯიშოდ სუსტები ჯობდეს, როგორც სავარჯიშო "მსხალი".

მაგალითად, ოლიმპიური და მსოფლიოს, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) ძლიერ კონკურენტებს რომ მოარიდონ, რა გასაკვირია - სუსტებთან უფრო დაამუშავებს, თუ რამ სიახლე აქვს, თანაც, გაშიფვრა ერთია და ძლიერებთან ჭიდაობაში ტრავმის მიღების ალბათობაც მეტია. ამიტომ ჩვენი მწვრთნელებისაც გასაგებია, შეკრებების გავლას რომ ელოდებიან, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ძირითად შემადგენლობებს პოლონეთში გაგზავნიან.

ტრადიციულად, იქაც ყოველთვის ძალიან ძლიერი შეჯიბრებები იმართება, თუმცა ამას თავისი პლუსები აქვს და იქ მთელი მსოფლიოდან ბლომად ჩადიან გუნდები. ამასთან, მწვრთნელებს ურჩევნიათ, სადავო წონებში კანდიდატები ერთად გაუშვან ტურნირზე, ამის შანსი კი ბაქოში იქნებ არ იყოს, ხოლო ვარშავაში შეზღუდვა არ ექნებათ. ვეჭვობთ, ჩვენს მწვრთნელებსაც ექნებათ კონკურენციის დილემა გადასაჭრელი.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ნაკრებების მწვრთნელთა განცხადებებით, აგვისტოში პარიზში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაბევებული აქვთ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მედალოსნებს. აქედან გამომდინარე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ოთხ წონაში უკვე გარკვეულია მონაწილე. ესენია:  ჩემპიონი ხინჩეგაშვილი და ბრინჯაოსმედალოსნები: ზურაბ იაკობიშვილი (65), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).

"ბერძენ-რომაელთა" გუნდში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80) გახდა, მესამეზე კი გოგა გოგიბერაშვილი (66) და მძიმეწონოსანი ლევან არაბული გავიდნენ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, "ბერძენ-რომაელებში" პოლონეთის ტურნირმა რაღაცები შეცვალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მელიას კარგი ფორმა სად ნახე თუ კაცი ხარ?
beso88
23:39 21-06-2017
0
პატარიძე და ზოიძე იმსახურებენ მსოფლიოზე გამსვლას! მელიაც ძალიან მაგარ ფორმასჰია!
zaza
16:57 21-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული