თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: იანტბელიძე შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჯერჯერობით თავს ამოსუნთქვის უფლებას აძლევს და მზადების დასკვნითი ეტაპისთვის ძალებს იკრებს - გუნდის წევრები, ძირითადად, პირადი მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ, შეკრებას კი 21 ივლისიდან დაიწყებენ.

ახლა მათი მთავარი სამიზნე 21-26 აგვისტოს პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატია, იქამდე კი ჩვენები ტურნირში აღარ გამოვლენ, მხოლოდ ორ შეკრებას გაივლიან.

როგორც გითხარით, პირველი მათგანი 21-ში დაიწყება - ბორჯომში, რომელიც ორკვირიანია, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი რამდენიმე დღეს ისევ სახლებიდან ივლიან სავარჯიშოდ, მერე კი ბოლო, დასკვნით შეკრებას დაიწყებენ დუშეთში.

შეგახსენებთ,
რომ პოლონეთში, ვარშავაში ჩვენებმა ვაცლავ ციოლკოვსკის მემორიალში იჭიდავეს და 7 მედალიც მოიპოვეს: 2 ოქრო და 5 ბრინჯაო. ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და ზურაბ იაკობიშვილი გახდნენ, ვინც ამჯერად წონა არ დაიკლო და ზედა წონაში, 70-ში იჭიდავა. მესამეზე ბექა ლომთაძე (57), ავთანდილ კენჭაძე (74), დავით ხუციშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) გავიდნენ. ამის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე მაინც არაა კმაყოფილი.

ეს ტურნირი ჩვენი ნაკრებისთვის სასტარტოც უნდა ყოფილიყო და შესარჩევიც, რადგან ზოგიერთ წონაში ჯერ ისევ გასარკვევია კონკურენცია, მწვრთნელი ჯერ ისევ კანდიდატთა ძიებაშია, რადგან არ აკმაყოფილებს ფავორიტთა ამჟამინდელი ფორმა. ბედის ირონიით, პოლონეთში სწორედ ამ წონებში წავიფორხილეთ და მწვრთნელის საფიქრალიც აქედან გამომდინარეობს.

ჩვენს ნაკრებში მსოფლიოსთვის ადგილი დაჯავშნულია ოთხ წონაში - 61, 65, 97 და 125-ში. მოგეხსენებათ, ამ წონებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მედლები მოვიპოვეთ და იანტბელიძემ სერბეთიდან დაბრუნებისთანავე გამოაცხადა, რომ ამ კვარტეტს მსოფლიოზე წასვლა გარანტირებული ჰქონდა.

პოლონეთში მოვლენებიც ისე განვითარდა, ვერც შეედავები: ხინჩეგაშვილმა ლამის ცალი ხელით მოიგო ტურნირი; იაკობიშვილმა სულაც ზედა წონაში გაიმარჯვა; ოდიკაძე არათუ შედეგით ჯობნის კონკურენტებს, ოდნავ წინააღმდეგობასაც ვერ უწევს ვერავინ; პეტრიაშვილს პოლონეთში არ უჭიდავია, მაგრამ მანამ ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირზე გაიბრწყინა...

დანარჩენი ოთხი წონის საკითხი ჯერ ისევ გასარკვევია, თუმცა 57-ში შედარებით გამოკვეთილია ლიდერი - ბექა ლომთაძე სხვებზე წინაა კონკურენციაში, ოღონდ გარკვეული ამბიციები მის კონკურენტებსაც რჩებათ. დანარჩენ სამ წონაში პოლონეთშიც, თბილისშიც - ბალავაძის ტურნირზე შედეგები იყო, მაგრამ როგორც გითხარით, მწვრთნელები ჭიდაობის ხარისხით არ არიან კმაყოფილები. არადა, ხუციშვილს მედალი ჰქონდა, კენჭაძემ ისევ თავდაყირა დააყენა 74-ში ყველაფერი, თუმცა ამ წონაში ბალავაძის ტურნირის გამარჯვებული ჯუმბერ ყველაშვილი ამჯერად ზედა წონაში გამოვიდა; ვარშავაში ასევე ზედა წონაში იასპარეზა ბალავაძის ტურნირის ვიცე-ჩემპიონმა 70 კილოგრამში ზურაბ ერბოწონაშვილმა და მეხუთეზე გავიდა, მაგრამ როგორც გითხარით, მთავარი ხარისხია.

საბოლოოდ, ამ წონებში ყველაფერი შეკრებებზე გაირკვევა და იანტბელიძე ამიტომაც არ ჩქარობს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობის გამოცხადებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული