თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: "ერისიონისა" და დალოცვის ფონზე [PHOTO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

იყო გახსნის ცერემონიალიც თვით ლეგენდარული "ერისიონის" მონაწილეობით, რომელმაც რამდენიმე საცეკვაო ნომერი შეასრულა, რამაც ცერემონიალს პომპეზური იერი შესძინა. მანამდე კი შეჯიბრება და მისი მონაწილენი საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, მამა ტარიელმა და მისმა მგალობელთა გუნდმა დალოცეს.

შეპირებისამებრ, ტურნირს გერმანელი ექიმებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ნაკრებთან სამუშაოდ მოიწვიეს, ერთი მათგანი კი მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი ტომას ცანდერია.

გერმანელთა გარდა, ჩემპიონატს საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ ირანიდანაც - იქაური საჭიდაო ფედერაციის
გენერალური მდივანი და ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ალირეზა რეზაეი.

ლიდერთა სამეული
ეროვნული ნაკრების იმ სამი ლიდერიდან, სტაბილურად რომ დამკვიდრდნენ თავიანთ წონებში ფავორიტებად - გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და დავით მარსაგიშვილი (84), ფინალში ყველამ იოლად გაიმარჯვა.

განსაკუთრებით - მარსაგიშვილმა. მან ზუსტად ისე მოუგო ლევან გოგრიჭიანს, როგორც ჭიდაობს ხოლმე შედარებით სუსტებთან - მისვლისთანავე ჩაჰყავს ჩოქბჯენში და მერე მანამ ატრიალებს აქეთ-იქით, ვიდრე ქულებით წმინდა მოგებას არ გაინაღდებს, რითაც ზოგავს დროს, ენერგიას, ძალას და ახლაც ასე მოიქცა - 48 წამში მოიგო შეხვედრა.

მას დიდი ჯაფა არც მანამდე დასდგომია, რადგან ყველა პაექრობაში ქულებით სუფთად იმარჯვა - პირველივე წრეში რევაზ ივანიშვილს (ამან საქართველოს თასიდან დაგვამახსოვრა თავი კარგი ჭიდაობით) 8:0, მარადი ზოიძეს - 7:0, გოჩა ლომთათიძეს კი ისევ 8:0 სძლია.

ახალგაზრდა ბექა ბუჯიაშვილმა სანაქებო ბრძოლა გაუმართა ევროპის ჩემპიონ ედიშერაშვილს, თუმცა კლასი მაინც კლასია და გამოცდილებამ აჯობა შემართებას -როცა შანსი მიეცა, სისწრაფისა და მოქნილობის გამო ედიშერაშვილმა უპრობლემოდ აღკვეთა მისი ფეხში შესვლა თუ სხვა სახის შეტევა და წარმატებული კონტრილეთით იქით აართვა ქულები.

თუმცა ის მხოლოდ მეტოქის შეცდომებს არ დალოდებია და თავადაც უტევდა, რამაც წმინდა გამარჯვება მოუტანა.

ედიშერაშვილმა მანამდეც წმინდად იმარჯვა ნაირ ჰარუთინიანთან და ლაშა ტალახაძესთან, რითაც თითი დაუქნია ახალგაზრდა კონკურენტებს, ემანდ, რიდი იქონიეთო, თუმცა ბუჯიაშვილის შემართება მაინც აღსანიშნავია.

ხინჩეგაშვილმაც წმინდად მოუგო საკმაოდ კარგად მოჭიდავე ბექა ლომთაძეს, იმის მიუხედავად, რომ მანამ თვითონ ჩვეულებრივად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. გადამწყვეტი აქაც გამოცდილება აღმოჩნდა, ქუთაისელმა კი ჟინითა და შემართებით დაგვამახსოვრა თავი.

პირველი ქულაც მან მოიპოვა, მერე კი 3:4-მდეც მოახერხა ანგარიშის შემცირება, თუმცა ამის შემდეგ ხინჩეგაშვილმა ჯერ ჩოქბჯენში ჩაიყვანა, მერე კი ფეხებიდან ჯვარზე წარმატებით ატრიალა წმინდა მოგებისთვის საჭირო ქულებამდე.

დაძაბული ფინალები
ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ფინალი 66-ში გაიმართა, სადაც კონსტანტინე ხაბალაშვილმა კი იმარჯვა, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა, მოგება ქელეხსაშვილს დარჩენოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავებმა ამ ბიჭმა კიდევ ერთხელ მოგვხიბლა შემტევი სტილით და რაც მთავარია, მებრძოლი ხასიათით.

ძლიერებიდან მან ზურაბ იაკობაშვილს მოუგო (თუმცა საკამათო შეხვედრა იყო), ხაბალაშვილმა კი წმინდად დაამარცხა მალხაზ ქურდიანი და ახალი თაობის ორი გამორჩეული წარმომადგენელი - შოთა ფარტენაძე და ომარ გურჯიძე, თუმცა ისინი ჯერ ამ დონეზე საკონკურენციოდ პატარებიც არიან.

ფინალში ქელეხსაშვილი იგებდა კიდეც. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ ხაბალაშვილმა 4:3 მოიგო.

ორივე მეტოქე უკვე რამდენჯერმე ვნახეთ საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო ამ სურათს ახლანდელს თუ დავუმატებათ, ასეთი დასკვნაც შეიძლება გამოვიტანოთ (რაც, ცხადია, დოგმა არაა) - ხაბალაშვილმა ევროპის მომავალი პირველობაც თუ ჩააგდო, საეჭვოა, ქელეხსაშვილმა მას კიდევ მისცეს შანსი. ვიმეორებთ - ამას მტკიცებითი ფორმით არ ვამბობთ, მაგრამ ის კი ცხადია, რომ გარდამავალი წონაა, სადაც ლიდერი ჯერ კიდევ ვერ გამოიკვეთა...

იგივე ითქმის 96-ზეც, თუმცა იქ დავით ქერაშვილი თანდათან უფრო იკვეთება. მან ახლაც ფინალში დამაჯერებლად აჯობა ბექა ჭელიძეს - 5:0. არადა, ფინალამდე უფრო ძნელი გზა ჭელიძემ გაიარა - თედორე ებანოიძეს, ელიზბარ ოდიკაძეს და გუსოშვილს მოუგო. თან - სულ წმინდად. თუმცა ქერაშვილი წონის ღირსეული ჩემპიონია.

74-ში ტიტული შეინარჩუნა იაკობ მაქარაშვილმა, ვინც ფინალში გიორგი მარსაგიშვილს 2:5 ამოუქაჩა.

ფინალი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს
ხმაურიანი ფინალი მხოლოდ მძიმე წონისა გამოდგა, სადაც განთესილი ფავორიტები - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი უპრობლემოდ გავიდნენ.

ხანგრძლივი დაზვერვით დაწყებულ შეხვედრაში პეტრიაშვილი მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე მიღებული ქულით დაწინაურდა და მინიმალურ ანგარიშს მეორე პერიოდის მიწურულამდეც ინარჩუნებდა.

საკამათო ეპიზოდიც მაშინ მოხდა, როცა პეტრიაშვილის მესამე მცდელობა, ხელით შესულიყო ფეხში, მოძმანაშვილმა დახურა და იქვე ჯვარიდან დატრიალებაც მოინდომა. გდება ბოლომდე არ მისულა, თუმცა, როგორც მოგვიანებით ვიდეოგამეორებაზე გაირკვა, 2 ქულით შესაფასებლად საკმარისი ამპლიტუდა იყო.

ოღონდაც ეპიზოდი ამით არ დასრულებულა, გენომ წამოდგომა მოახერხა და წრიდან გაყვანით იქით გადააგდო მეტოქე ილეთზე.

კამათიც ამან გამოიწვია - მსაჯები 2 ქულას აძლევდნენ მოძმანაშვილს ჩოქბჯენის ზემოაღნიშნული ეპიზოდისთვის, პეტრიაშვილს კი მხოლოდ ერთ ქულას - მეტოქის წრიდან გაყვანისთვის. იმ გდებას კი არ უფასებდნენ იმ მოტივით, რომ როცა რომელიმე ფეხს გადგამს ხაზის გარეთ, იქ ეპიზოდი წყდება და მერე რა ხდება, ამას მნიშვნელობა აღარ ენიჭებაო.

ცხადია, ამას პეტრიაშვილი და მისი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი არ დაეთანხმნენ, მაგრამ მსაჯებმა ეს ეპიზოდი 2:1 შეაფასეს მოძმანაშვილის სასარგებლოდ. ამით ანგარიში 2:2 გახდა, მოგება კი მოძმანაშვილს მიენიჭა იმ 2-ქულიანის გამო.

პეტრიაშვილი იმდენად გაცხარდა, რომ მსაჯებს ჯერ ტაში დაუკრა პროტესტის ნიშნად, მერე კი ტრიბუნებთან ქომაგებით გარშემორტყმული ტიროდა კიდეც. თუმცა თავად მოჭიდავეთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთმანეთს მეგობრულად გადაეხვივნენ და მათ შორის ოდნავი ინციდენტიც არ მომხდარა.

თუმცა პროტესტი ამით არ დასრულებულა და, შესაძლოა, ეს ფინალი უკვე კაბინეტებში გაგრძელდეს. სხირელი იშველიებს ახალ წესებს, რომელთა თანახმადაც, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გაფრთხილებას და არა ტექნიკურ ქულას.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ წესით, მოგება პეტრიაშვილს ეკუთვნის. თუმცა ექსტრა-კლასის მსაჯმა ედიშერ მაჩაიძემ გვითხრა, რომ წესების პროექტის ის ვარიანტი, რომელიც სხირელმა წარმოადგინა, ზაფხულშია მიღებული, მას მერე კი შეიცვალა და ახლა უპირატესობა სწორედ ტექნიკურ ქულას ენიჭება.

მისი თქმით, ამ წესებით ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატიც, თუმცა ფილას ჯერ საბოლოოდ არ დაუმტკიცებია.

ასეა თუ ისე, ჩემპიონი მოძმანაშვილია, სხირელი კი აპირებს, განცხადებით მიმართოს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ამ ორთაბრძოლის განხილვისა და საკონტროლო შეხვედრის თხოვნით. ის ქელეხსაშვილისა და იაკობაშვილის ზემოაღნიშნულ შეხვედრასაც იგონებს, სადაც, მისი აზრით, ანალოგიურ ვითარებაში მოგება არა იაკობაშვილს, არამედ ქელეხსაშვილს მისცეს.

ვნახოთ, რა იქნება მომავალში, 9 დეკემბერს კი "არენაში" სტარტს აიღებს ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობები კვლავაც 11 საათზე დაიწყება, ხალიჩაზე კი ოთხი წონის - 55, 66, 84 და 120-ის ფალავნებს ვიხილავთ.

გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა: 1. გორი - 70 ქულა, 2. თბილისი - 59, 3. ქუთაისი - 39.

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა); 2. ბექა ბუჯიაშვილი (გორი); 3. ოთარ გოგავა (ხონი), ლაშა ტალახაძე (ხაშური).
60 კგ. 1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი); 2. ბექა ლომთაძე; 3. მურთაზ კვესაძე (ორივე - ქუთაისი), აკაკი მოწონელიძე (ხაშური).
66 კგ. 1. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი); 2. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური); 3. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი), მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი).
74 კგ. 1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი); 2. გიორგი მარსაგიშვილი (ყაზბეგი); 3. ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი), ჯუმბერ ყველაშვილი (გორი).
84 კგ. 1. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი); 2. ლევან გოგრიჭიანი; 3. გოჩა ლომთათიძე (ორივე - თბილისი), ნოდარ ეგაძე (გორი).
96 კგ. 1. დავით ქერაშვილი (თბილისი); 2. ბექა ჭელიძე (აჭარა); 3. ზვიად მეტრეველი (ონი), ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი).
120 კგ. 1. დავით მოძმანაშვილი (გურჯაანი); 2. გენო პეტრიაშვილი (გორი); 3. ტარიელ ლაბაძე (რუსთავი), გიორგი მეშვილდიშვილი (ონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოკა კლავიატურას ამოფარებულო ვირტხა,მსაჯები როგორ მოეკცნენ გენოს რატომ მაგაზე არ ამახვილებ ყურადგებას?
88888888888
14:14 29-12-2013
0
ჯერ ერთი პეტრიაშვილი მოიქცა ცუდად მსაჯებს აგინა და ამაზე გაამახვილე ბატონო ჟურნალისტო ყურადღება ერთხელაც არ გიხსენებია ეგ, შელამაზება არ ჭირდება პეტრიაშვილს მოიქცა ცუდად.
koka
13:01 11-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული