ბრინჯაოს გენო ოქროს ძიებაში - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

AutoSharing Option
გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ამას წინათ ლას ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

21 წლის პეტრიაშვილისთვის, რომელიც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებს უკვე ფლობდა, დიდებში ეს მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი იყო და საგულისხმოა, რომ ხელცარიელი არცერთხელ დარჩენილა, თუმცა ორჯერვე ბრინჯაოს მედლები იკმარა.

მედალთან ერთად გენომ ლას ვეგასში, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზიაც მოიპოვა. იმასაც დავამატებთ, რომ წლეულსვე ბაქოში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ თამაშებზე გამოსვლაც მან მესამე

საპრიზიო ადგილზე დაასრულა. მართალია, დიდებში გადასვლის შემდეგ გენოსგან
ჯერ ოქროს მედლები არ ჩანს, მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენი კვარცხლბეკს მიღმა რომ არც ერთხელ დარჩენილა - ესეც შესანიშნავი შედეგია.

პეტრიაშვილთან ამ ინტერვიუში ძირითადად ლას ვეგასის ხალიჩაზე მიმდინარე პერიპეტიებზე ვისაუბრეთ.

- გენო, ორჯერ მიიღე მონაწილეობა დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ორჯერვე ბრინჯაოს მედალს დასჯერდი...
- პირველად, როდესაც ორი წლის წინათ ვაჩვენე ეს შედეგი, გაცილებით დიდი სიხარული განვიცადე, ვიდრე ახლა. რასაკვირველია, არც ამჟამად დავრჩენილვარ უკმაყოფილო ბრინჯაოს მედლით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა ოქროს მოსაპოვებლად ვიყავი განწყობილი და გარკვეულწილად ამან გამიფუჭა ხასიათი.

- ხასიათი გასაგებია, მაგრამ შენი მომზადების დონე თუ შეესაბამებოდა დასახულ მიზანს?
- შეკრებებსა და ვარჯიშებზე არაფერი დამიკლია, შემართებით ვიყავი, თავს არ ვზოგავდი, თუმცა, რადგან ოქრო ვერ მოვიპოვე, გამოდის, რომ რაღაც დავაკელი საქმეს.

- ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტები თურქი ტაჰა აკგული და რუსი ბილიალ მახოვი საშეჯიბრო ბადის სხვა ჯგუფში მოხვდნენ. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდი?
- თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგო. მე გამარჯვება მინდოდა და ტაჰა ან მახოვი, სავარაუდოდ, ფინალში ხომ მაინც შემხვდებოდნენ? ამასთან, როცა ჯგუფში ალენ ზასიევი გყავს, იოლი ჯგუფი შემხვდაო - ვერ იტყვი. ძლიერი კონკურენტი იყო ყირგიზი ააიალ ლაზარევიც, რომელმაც წლეულს აზიის ჩემპიონატის ფინალში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს ირანელ ჰამატ გასემის მოუგო საკმაოდ შთამბეჭდავად.

- მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში კანადელ მოწინააღმდეგეს სძლიე 10:0, მაგრამ მომდევნო პაექრობა ზასიევთან მართლაც საოცარი გამოდგა.
- შეხვედრა მისი უპირატესობით დაიწყო და აზრზე ვერ მოვედი, როგორ ამართვა 8 ქულა, ხალიჩის გარედან ნუგზარ სხირელი და რეზო მინდორაშვილი მიძახდნენ, მითითებებს მაძლევდნენ და საბედნიეროდ, 0:8 ჩამორჩენის მერე მაინც დავიწყე ინიციატივის ხელში აღება, გავათანაბრე და აღარც გავჩერებულვარ, საბოლოოდ 16:8 დავამარცხე! შეხვედრის მიწურულს მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევა უკვე ძალიან უჭირდა, რადგან ქანცგაცლილი იყო..

- ზასიევთან "ძველი ანგარიშებიც" გქონდა გასასწორებელი...
- კი, აქამდე მასთან სამჯერ დავმარცხდი, პირველად მომიგო კიევის ტურნირზე ნახევარფინალში, მაშინ ახალგაზრდებშიც კი ახალი გადასული ვიყავი, თუმცა დიდებში ჩემი პირველი შეჯიბრება სწორედ ის იყო. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გადავეყარეთ და მაჯობა კლასითაც და გამოცდილებითაც, ბოლოსწინ კი ამერიკაში მსოფლიოს თასზე შევხვდით და ვფიქრობ, რომ შემეძლო იმ შეხვედრაში გამარჯვება, მაგრამ ხელი ვიტკინე და დავმარცხდი, მერე კარგა ხანს კიდევ მაწუხებდა ტრავმა.

- ზასიევის დამარცხების შემდეგ, თავდაპირველი ჩამორჩენის "ამოქაჩვა" ყირგიზ ლაზარევთანაც შეძელი, როდესაც 5:10, საბოლოოდ 16:12 აქციე.
- ლაზარევი კარგი მოჭიდავეა, მაგრამ ზასიევთან ორთაბრძოლისგან განსხვავებით ვერ ვიტყვი, რომ მის მიერ აღებული ქულები ალალად ეკუთვნოდა. ვფიქრობ, მსაჯებმა არასწორად განსაჯეს. ამიტომ ჩვენმა მწვრთნელებმა "ჩელენჯიც" შემოაგდეს გასაპროტესტებლად, თუმცა მსაჯებმა არ მიიღეს პროტესტი. მართალია, დავკარგე ქულები, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, წინა შეხვედრის შემდეგ ამასაც საჩემოდ მოვაბრუნებდი და მოვახერხე, მაგრამ ძალიან დიდი ძალა შევალიე ამ პაექრობასაც.

- შეალიე და ამან დიდი გავლენა იქონია ნახევარფინალურ შეხვედრაზე...
- კი, მაგომედოვთან ნახევარფინალში მართლაც ვეღარაფერი გავაწყვე. შემართება ამ დაპირისპირებაშიც არ მაკლდა, თავს ვარწმუნებდი, რომ უნდა მომეგო, მაგრამ ჭიდაობა რომ დაიწყო, ქულა ამიღო თუ არა, შევატყვე, წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნიდა. ძალიან გადაღლილი ვიყავი. მიუხედავად ამისა, მაინც არ მინდა მარცხი თუნდაც ამით გავამართლო, ქულების დიდი სხვაობით მაგომედოვთან მაინც არ უნდა წამეგო.

- ერთობლივ წვრთნებზე აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ყოფნისას მაგომედოვთან ერთადაც გიწევდა ვარჯიში. ფიქრობ, რომ მათ კარგად შეგისწავლეს?
- შესაძლოა ასეცაა. გასაკვირი არაა, თუ მაგომედოვმაც და ალბათ ლაზარევმაც კარგად შემისწავლეს, რადგან ყირგიზებიც იყვნენ ერთობლივ შეკრებაზე. მოჭიდავეებმაც და მწვრთნელებმაც კარგად უნდა შევისწავლოთ ერთმანეთის ჭიდაობა. ჩვენი საქმე სწორედ ესაა.

- ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლ ჯარგალშაიჰანთან იმიტომ არ გაგიჭირდა, რომ ფინალურ ბლოკამდე ორი საათი იყო შესვენება?
- იქნებ უმაგისოდაც მომეგო, მაგრამ დასვენება რომ კარგად წამადგა, ნათლად შევამჩნიე, გაცილებით კარგად ვგრძნობდი თავს ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობისას. ამიტომ ადვილად დავამარცხე მოწინააღმდეგე.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე შენს წონაში ყველაზე მეტად ვისი ჭიდაობა მოგეწონა?
- ჩემპიონის. ტაჰა აკგული ძალიან მაგარი იყო, ყველას სჯობდა.

- თანაგუნდელის და მეგობრის ლადო ხინჩეგაშვილის მსოფლიოს ჩემპიონობაზე რას გვეტყვი?
- ლადო უძლიერესია და ყველასთვის შესაშური სპორტსმენია! ნეტავი მეც მისნაირი ვიყო. კლასი, გამოცდილება, ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება - ყველა კომპონენტში სანიმუშოა. ლადოს ჭიდობას უბრალოდ უნდა უყურო და სიამოვნება მიიღო.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბოლო წამებზე რომ გააკეთა მომგებიანი გდება, ზოგმა ამაზე დიდი ყურადღება გაამახვილა, არადა, რა მნიშვნელობა აქვს, როდის აიღებს ქულებს, მთავარია, გაიმარჯვო, ხოლო ლადოს გამარჯვებაში კი მე დარწმუნებული ვიყავი!

- გენო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ქულებს მრავლად კი მოიპოვებდი, მაგრამ ბევრსაც კარგავდი. როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რაზე გაქვს სამუშაო?
- ყველაფერზე. ილეთებზეც, ფიზიკურ მომზადებაზეც, ტაქტიკაზეც და ა.შ. შედეგიც უფრო მეტი მინდა და ჭიდაობაც უფრო უკეთესი. ახლა ოლიმპიადის ლიცენზია მოპოვებულია და შესაბამისად, უდიდესი გამოწვევა, შრომა ჯერაც წინ მელის.

- ფიქრობ, რომ იმ ექვსთვიანი დისკვალიფიკაციისას რაც გაგიცდა, უკვე აინაზღაურე?
- ვარჯიშების, მეცადინეობების თვალსაზრისით ის დისკვალიფიკაციის დრო მშვენივრად გამოვიყენე. არავისთვის არაფერი დამიბრალებია, ჩავღუნე თავი და ვიშრომე საკმაოდ ბევრი. ამიტომ ამ კუთხით მაშინ არაფერი დამიკარგავს.

- პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი მიიჩნევს, რომ ოლიმპიადის წინ, რაც შეიძლება მეტი საშეჯიბრო პრაქტიკა გჭირდება.
- უდავოდ! რაც შეიძლება მეტი უნდა ვიჭიდაო სხვადასხვა რანგის ტურნირებზე, შეჯიბრებებზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული