ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად

AutoSharing Option
10-11 დეკემბერს ბუდაპეშტი მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს არაოლიმპიურ საჭიდაო სახეობებში. შეგახსენებთ, რომ ვაჟთა ორივე სტილშიც და ქალებშიც ასეთი ორ-ორი წონითი კატეგორიაა: "თავისუფლებში" - 61 და 70 კილოგრამები, "ბერძენ-რომაელებში" - 71 და 80, ხოლო ქალებში - 55 და 60 კილოგრამები.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის სამივე სტილში 8-8 წონითი კატეგორიაა, თუმცა აქედან ოლიმპიადის პროგრამაში მხოლოდ 6-6 შედის, დანარჩენი 2-2 კი ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირებისთვისაა განკუთვნილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დიფერენცირება ახალია, არაოლიმპიური წონების მსოფლიოს ჩემპიონატიც ნოვაციაა. მას მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაცია
ერთგვარი კომპენსაციის მიზნით ატარებს იმ ფალავნებისთვის, რომლებიც ოლიმპიადაზე ვერ მოხვდნენ. თან, მოგეხსენებათ, ოლიმპიადის წელს მსოფლიოს პირველობა არ იმართება და თამაშებს მიღმა დარჩენილები მართლაც ორმაგად დაჩაგრულები რჩებოდნენ. ამიტომ ერთგვარი აკრძალვაც დააწესა - ზაფხულის ოლიმპიადაზე ნაჭიდავებ ათლეტებს იქ გამოსვლის უფლება არ აქვთ.

საქართველოდან ამ ტურნირში მხოლოდ ვაჟები გამოვლენ. თავისუფალ ჭიდაობაში ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ქუთაისელი ბექა ლომთაძე (61) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, გორელი დავით ტლაშაძე (70) გამოვლენ. "ბერძენ-რომაელთა"  ტურნირში ჩვენს ღირსებას ბათუმელები დაიცავენ - მინდია წულუკიძე (71) და ნიკოლოზ კელასოვი (80).

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა პირდაპირ დაასახელეს ეს დუეტი, რადგან მათ რეალური კონკურენტები მართლაც არ ჰყავთ (61-ში ლიდერი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი არის, მაგრამ როგორც ოლიმპიადაზე ნამყოფს, მას გამოსვლის უფლება არ აქვს).

"ბერძენ-რომაელებმა" კი საამისოდ შესარჩევი ტურნირი ჩაატარეს. ქვედა წონაში ის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა წულუკიძემ მოიგო, 80-ში კი ევროპის წლევანდელმა გამარჯვებულმა ზურაბ დათუნაშვილმა აჯობა ყველას. ოღონდ, ხინჩეგაშვილის დარად, ბუდაპეშტში ჭიდაობის უფლება არც მას ჰქონდა და ამიტომ ვერ მიდის უნგრეთში, თუმცა შესარჩევში სატურნირო პრაქტიკისთვის მაინც იჭიდავა, რადგან ახალი გადასული, ამ წონაში და საკუთარ ძალებს ცდიდა. კარგადაც გამოსცადა, რამეთუ ფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, მსოფლიოს შარშანდელ მესამეპრიზიორ ლაშა გობაძეს მოუგო. ოღონდ ბუდაპეშტში არც გობაძე მიდის - შესარჩევის მესამეადგილოსანი კელასოვი მიჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი სტარტი იქნება ამ გუნდის ახალდანიშნული დროებითი თავკაცის - რევაზ ლაშხისთვის.

ბუდაპეშტში 10 დეკემბერს "თავისუფალთაგან" 61-ის, "ბერძენ-რომაელთაგან" - 71-ის და ქალებში - 55-ის ათლეტები იჭიდავებენ, ხოლო დანარჩენები მეორე დღეს შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

საჭიდაო სამყარომ უკვე დაიწყო ფსონების დადება ცალკეულ წონებზე. რამდენიმე წამყვანმა საჭიდაო თუ ზოგადად, სპორტულმა საიტმა გამოაქვეყნა ფავორიტთა სია. მაგალითად, დაღესტნურმა საიტმა ლომთაძე ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტთა შორის დაასახელა, ამ სიაში კი რუსთა ჩეჩენი ახმედ ჩაკაევი, ბელორუსი გეორგი კოლიევი, ყაზახი დაულეტ ნიაზბეკოვი, ამერიკელი ლოგან სტიბერი, ირანელი ბეხნამ ეხსანპურიც შეიყვანა. ვფიქრობთ, ამათ გარდა, წარმატების მოპოვების შანსი აქვთ 23-წლიანებში სომეხთა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ვალოდია ფრანგულიანს და "ოქროს დიდი პრიზის" მომგებ აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვსაც.

ამავე საიტმა ქომაგთა შორისაც ჩაატარა გამოკითხვა და სულ 2055 ადამიანმა გააკეთა პროგნოზი 61 კილოგრამში მომავალი გამარჯვებულის შესახებ. დაღესტნელთა სიმპათია ჩეჩენმა მიიღო - ჩაკაევი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად გამოკითხულთა 57.7-მა პროცენტმა (1016 ხმა) დაასახელა. ბელორუსი კოლიევის გამარჯვებისა (წარმოშობით ისიც დაღესტნელია) 17.1 პროცენტს (336) სწამს, 11.5-ს (227) კი მომავალ ჩემპიონად ყაზახი ფალავანი მიაჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კალიევი წარმოშობით ოსია.
surebeli
02:09 10-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული