მედლის მოპოვება შეეძლო ჩვენს "ბერძენ-რომაელთა" გუნდსაც, რადგან მისმა წევრმა ნიკოლოზ კელასოვმა (80) ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟთა ორივე სტილში და ქალებში ორ-ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიაა. ჩვენ ქალებში მონაწილე არ გვყავდა, მხოლოდ ვაჟებში გამოვდიოდით, ანუ
ლომთაძემ პირველ შეხვედრაში ყირგიზი ადილეტ მამატაევი "წისქვილით" სუფთად "ჩამოფქვა" - 1:0 ისედაც უგებდა, როცა თავისი საფირმო "წისქვილით" დგომიდან ბეჭებზე გადააგდო და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
მერვედფინალში მოლდოველ ანდრეი პერპელიტასაც დამაჯერებლად აჯობა - 5:2, შემდეგ კი ფრანგი იური სიმაკინი ილეთების ნაირფერი კასკადით ასევე წმინდად, 12:2 დაამარცხა.
ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ლომთაძემ ნახევარფინალში მოიპოვა, სადაც უმძიმესი ბრძოლა მოუგო აზერბაიჯანელთა ნატურალიზებულ დაღესტნელ ახმედნაბი გვარზატილოვს. ამ შეხვედრაში მას ხელი თანამდევმა სენმა დარია - თავიდან გაუმართლებლად იოლად დაკარგა ქულები, რაც პერიოდულად ემართება ხოლმე. თითქოს გარკვეულ ეპიზოდებში უჭირს მობილიზება, ვერ ახერხებს კონცენტრაციას. მართალია, ასეთი შეხვედრებიც ხშირად შემოუბრუნებია ხოლმე, მაგრამ საამისოდ ორმაგი ჯაფა ადგება.
ასე იყო ახლაც - დასაწყისში ჩვენებური გვარიანად, 2:9 ჩამორჩა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო "მეორე სუნთქვა". მან ჯერ კონტრილეთზე დაიჭირა მეტოქე და ზურგს უკან გდებით ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, რასაც იქვე ჩოქბჯენიდან დატრიალება მიაყოლა. მომდევნო შეტევებშიც ასე დაიჭირა ის მოძრაობაზე და თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა.
ამ შეხვედრაში ლომთაძე დაცვაში ძალიან კარგად ჭიდაობდა და კარგი ფიზიკური მომზადებაც გამოავლინა - წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა, ტომარასავით აეღო და გადაეგდო მეტოქე.
სამაგიეროდ, ფინალში გამოავლინა კიდევ ერთი თანამდევი ცუდი სენი... ფაქტია, მას უჭირს ფინალის ჭიდაობა და ამერიკელ ლოგან ჯეფრი სტიბერთან 4:8 წააგო.
კელასოვი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა საკვალიფიკაციო ეტაპზე რუს რამაზან აბაჩარაევთან - 3:5, თუმცა მოგვიანებით რუსი ფინალში გავიდა და ესეც სანუგეშოში გადაერთო. იქ რუმინელ გეორგე ვლად მარეას და აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონ (ოღონდ ქვედა წონაში) რაფიკ ჰუსეინოვს 2:1 კი მოუგო, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალი 1:1 დათმო უზბეკ ჯონიბეკ ოტაბეკოვთან.
ჩვენებური იგებდა შეხვედრას, მაგრამ ბოლოს გააფრთხილეს და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ბოლო ქულა მეტოქისა იყო.
ჩვენებურთაგან ყველაზე დასანანი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) უმედლოდ დარჩენა იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე კანადელ კაილ ჰორვატთან იოლად, 8:0 მოგების შემდეგ ის ამერიკელ ჯეიმს მალკოლმ გრინს ხვდებოდა და 0:3 ჩამორჩა, თუმცა ბოლო ნახევარ წუთში შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ჯერ მეტოქე გააფრთხილებინა, ბოლო წამებზე კი ზურგიდან შემოვლით დაბლაც ჩააგდო. ამ დროს 1 წამი რჩებოდა და ანგარიშიც თანაბრდებოდა, რაც ტლაშაძის მოგებას ნიშნავდა, მაგრამ მსაჯებმა მეტოქის პროტესტი დააკმაყოფილეს, ჩვენებურს 2 ქულა ჩამოაკლეს და მეტოქეს 1 დაუმატეს - 1:4 გრინის სასარგებლოდ.
ვიმეორებ - იმ ეპიზოდში დრო ნამდვილად არ იყო ამოწურული და მსაჯები დაფიქსირების მომენტს თუ გვედავებოდნენ, არ ვიცი (იქ გრინი დაცვას ცდილობდა, რომ არ ჩაჰყოლოდა დაბლა, ამასობაში კი დრო მართლაც ამოიწურა, მაგრამ მანამდე ტლაშაძემ ჩააგდო დაბლა).
ასეა თუ ისე, მოგება მეტოქეს ჩაეთვალა, თუმცა ფინალამდე ვერ მივიდა - მომდევნო შეხვედრა უზბეკ რაშიდ ყურბანოვთან დათმო.
ჩვენი მეოთხე მონაწილე - მინდია წულუკიძე (71) თავიდან 2:1 გაუსწორდა ფინელ ტერო ანტერო მატიას ჰალმესმაეკის, მაგრამ იქვე წააგო ქართველებზე გამწარებულ აზერბაიჯანელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან ალიევთან (მას რევაზ ლაშხმა რამდენიმე მწარე მარცხი აგემა) - 1:3 და გავარდა, რადგან ალიევი ფინალამდე დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"