წლეულს ევროპის ზამთრის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თურქეთის საკურორტო ქალაქ ერზრუმში 12-17 თებერვალს გაიმართება. ზამთრის სპორტის 9 სახეობაში (ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, სამთო თხილამურობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ქერლინგი, ყინულის ჰოკეი და შორტ-ტრეკი) მედლებისთვის 39 ქვეყნის 1400-მდე სპორტსმენი იბრძოლებს.
მონაწილეთა
ერზრუმში საქართველოს 16-კაციან დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე- პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უხელმძღვანელებენ. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იქნებიან მწვრთნელები - ირაკლი ნასყიდაშვილი, ლაშა გავა, ლელა ჩოფიკაშვილი და ლევან მშვილდაძე, ფიგურული ციგურაობის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. ოლიმპიურ მისიას სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია ჩაუდგება სათავეში.
ფესტივალის გახსნისა (12 თებერვალი) და დახურვის (17 თებერვალი) ცერემონიალები ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, უშუალოდ შეჯიბრებები კი 13-17 თებერვალს ჩატარდება.
თურქეთის მთავრობამ ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის 15 მილიონი ევრო გამოჰყო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი საგანგებო ზომები მიიღო.
პირველიდან 8 თებერვლის ჩათვლით, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი ზამთრის სახეობებში მსოფლიო უნივერსიადას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაში საქართველოს ოთხი სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს: სამთო თხილამურებში - გოგა ოგბაიძე (გუდაური), შოთა ნათაძე (ბაკურიანი) და თამარ ბაქრაძე (თბილისი), ხოლო ფრისტაილში დათო თედიაშვილი (ბაკურიანი) იასპარეზებს.
- ქართველ სამთო მოთხილამურეებს წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელით, - გვითხრა ყოფილმა მოთხილამურემ, ამჟამად სათხილამურო ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სოფიო ახმეტელმა. - უფროსები ევროპაში იმყოფებიან და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვალში გაიმართება.
გოგა ოგბაიძეს, შოთა ნათაძესა და თამარ ბაქრაძეს, რომლებიც დეკემბრის მიწურულს მსოფლიო უნივერსიადაზე გაემგზავრებიან, საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობის კარგი გამოცდილება აქვთ.
ერზრუმში ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე გამომსვლელი ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარიანი, ლაშა და გიორგი კურტანიძეები თანატოლთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და თასის მფლობელები არიან. შარშან, ოქტომბერში, სეზონის დაწყებამდე იუნიორთა ნაკრების წევრები - თამარ ბარბარიანი და ლაშა კურტანიძე ავსტრიულ შტუბაიტალსა და ჰინტერტუქსში იმყოფებოდნენ საწვრთნელ შეკრებაზე.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად იწვევენ ახალგაზრდა სპორტსმენებს (1996-2000 წწ. დაბადებულ სპორტსმენებს). ამჟამად ეს პატივი ქართველთაგან თამარსა და ლაშას ერგოთ.
დეკემბერში გოცირიძემ, ბარბარიანმა, ლაშა და გიორგი კურტანიძეებმა ეროვნული ნაკრების წევრ იასონ აბრამაშვილთან ერთად ერზურუმი/პალანდუკენში (თურქეთი) იმ ტრასებზე იასპარეზეს, სადაც წლეულს ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. იასონმა იქ ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა.
პირველ დღეს 8 ქვეყნის 51 სამთო მოთხილამურეს შორის ლაშა კურტანიძემ მე-13, გიორგი კურტანიძემ კი მე-15 ადგილი დაიკავა. ქალთა შორის გოცირიძე და ბარბარიანი, შესაბამისად, მე-10 და მე-12 ადგილებზე გავიდნენ. არადა, კატომ, თამარმა და ლაშამ იუნიორთა შორის პირველად იასპარეზეს. მეორე დღეს ლაშამ და თამარმა მეექვსე ადგილები დაიკავეს.
მესამე დღეს ლაშა კურტანიძე მე-7, გიორგი კურტანიძე კი მე-10 იყო, გოცირიძე და ბარბარიანი, შესაბამისად, ისევ მე-10 და მე-12 ადგილებით დაკმაყოფილდნენ. ასე რომ, ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ოლიმპიურ ფესტივალზეც უნდა გვასახელონ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"