ტეემუ სელიანე: ჰოკეი ჩემთვის ჰობი გახდა

AutoSharing Option
"ანაჰაიმის" ლეგენდარული ფინელი ფორვარდი ტეემუ სელიანე ლაპარაკობს თავის მიღწევებზე, ასაკზე, კერპებზე, ჰოკეის შემდეგ ცხოვრებასა და 2014 წლის ზამთრის თამაშებში სავარაუდო მონაწილეობაზე...

- უკვე ძალიან ბევრი რეკორდისა და მიღწევის ავტორი ხართ. კიდევ რას ისურვებდით კარიერაში?
- არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიე. ეს უფრო თამაშისგან მიღებული სიამოვნებისა და აზარტის სფეროა. ეს ის არის, რის გამოც ჯერ კიდევ ლიგაში ვარ. ლოკაუტის დასრულების შემდეგ, თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ასეთი რამ ახალგაზრდობაში, კარიერის საუკეთესო წლებში არ მქონია. ჰოკეისგან მიღებული სიამოვნება ბოლო რვა წლის განმავლობაში
ძალიან მაღალ დონეზეა. საერთოდ, 2007 წელს სტენლის თასის მოგების შემდეგ, ჰოკეი ჩემსთვის ჰობი გახდა.

- მაგრამ, დღეს უკვე აღარ ხართ ფორმის პიკზე?
- ვფიქრობ, ჯერ ისევ შემიძლია კარგი თამაში და გუნდისთვის სარგებლობის მოტანა. რა თქმა უნდა, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, აგრეთვე დატვირთვებზე ჩემი ორგანიზმის რეაქციას გავითვალისწინებთ, კარიერის პიკი გავლილია. მაგრამ მე მაინც ძალიან მოხარული და ამაყი ვარ იმის გამო, რომ ჩემს ასაკში ვაგრძელებ თამაშს და სიამოვნებასაც ვიღებ.

- თქვენი კოლეგებიდან ვისი დაკვირვებაა ყველაზე საინტერესო?
- როცა ახალგაზრდა ვიყავი, იარი კურისა და უეინ გრეტცკის ვადევნებდი თვალს. ისინი ჩემი კერპები იყვნენ. თუმცა ბევრი ჰოკეისტის დასახელება შეიძლება, ვისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

- არსებობს ისეთი რამ, რაც NHL-ში კარიერამდე არ იცოდით და ახლა ნანობთ, რომ საკმარისი ცოდნა არ გქონდათ?
- როცა ახალგაზრდა ხარ, საკმარის ყურადღებას არ აქცევ საკუთარ ორგანიზმს. მხედველობაში მაქვს დროული ძილი ან სწორი კვება. ეს ყველაფერი სწორად აღდგენის საშუალებას გაძლევს, თუმცა ამას ახალგაზრდობაში ნაკლები ყურადღება ექცევა. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად, უფრო გონიერი ხდები.

- აქვს თუ არა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მომავალი ჩხუბებს?
- ჩვენ ვხედავთ, რომ ლიგაში იკლებს ჩხუბებისა და ჩხუბისთავების რაოდენობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთი მოთამაშეები საჭირონი არიან, რადგან მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს ისეთი ჰოკეისტი, რომელიც რთულ სიტუაციაში დაგიცავს. თუმცა ჩვეულებრივი ჩხუბები სპორტის შემადგენელ ნაწილად რჩება და ეს ნორმალურია. ეს არის ინტენსიური და კონტაქტური თამაშის ნაწილი. საერთოდ, სახალისოა, ჰოკეიში ჩხუბი რომ არის შესაძლებელი. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ფეხბურთი ან კალათბურთი, იქაც რომ იყოს დაშვებული ჩხუბი. ასე რომ, ჩვენ სპორტის განსაკუთრებული სახეობა გვაქვს.

- კარიერის დასრულების შემდეგ სპორტში ისევ გიხილავთ? თუ ჰოკეის სამუდამოდ შეეშვებით?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ მგონია, რომ შემიძლია ამ სპორტისთვის სასარგებლო ვიყო, გავხდე რაიმე პროექტის ნაწილი. სავარაუდოდ, ეს კარიერის დასრულების შემდეგ სწრაფად არ მოხდება, რადგან მინდა დავისვენო და სიამოვნება მივიღო თავისუფალი დროით, მაგრამ ჰოკეიში დავრჩები.

- გუნდის გასვლით ტურნეებში ყველაზე მეტად რომელი ქალაქი მოგწონთ?
- ჩიკაგო და ვანკუვერი. იქ კარგი გარეუბნებია, ბევრი ადგილია გასართობად, კარგ რესტორანში შესვლა შეიძლება. მოკლედ, აქტიური ცხოვრებაა.

- რას იტყვით 2014 წლის ოლიმპიადაზე? მიიღებთ იქ მონაწილეობას?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ცხადია, რომ თუ მომავალ სეზონშიც ვითამაშებ NHL-ში, ეს საკითხი მართლაც დადგება დღის წესრიგში, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამ თემაზე ლაპარაკი.

- ჰოკეიში რაიმეს შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას გააკეთებდით?
- რთული საკითხია. ვფიქრობ, ყველა ლოკაუტს ოქტომბერში დავასრულებდი.

- დაასრულეთ წინადადება: მე ერთადერთი მოთამაშე ვარ NHL-ში, ვინც...
- შეიძლებოდა გვეთქვა უნიკალური, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი განმარტებაა.

ტეემუ სელიანე
42 წლის. "ანაჰაიმის" ფორვარდი.
ლიგაში ჩაატარა 1355 მატჩი და დააგროვა 1421 ქულა (667+754).
თამაშობდა "ვინიპეგში", "სან ხოსეში", "კოლორადოში" და "ანაჰაიმში".
მოიგო "კოლდერ ტროფი" (1993), "მორის რიშარ ტროფი" (1999), სტენლის თასი (2007).
რეკორდის მფლობელია სადებიუტო სეზონში გოლებისა (76) და ქულების (132) რაოდენობით. აგრეთვე ევროპელებს შორის რეკორდსმენი ერთ სეზონში გატანილი გოლებით (76). ოლიმპიადების ისტორიაში ლიდერია ქულების რაოდენობით (37).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული