"ბოსტონმა" მეორე საშინაო შეხვედრაშიც შეძლო "რეინჯერების" დამარცხება, თუმცა თავიდან სტუმრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. "დათვები" ორჯერ გავიდნენ წინ და სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
ანგარიში "ბოსტონის" 22 წლის მცველმა კრუგმა გახსნა. წლევანდელ "სტენლის თასამდე" ამ ახალგაზრდას NHL-ში მხოლოდ სამი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, პლეი ოფში კი ამ სერიის წინა შეხვედრაში შედგა მისი დებიუტი, რომელშიც გოლი გაიტანა.
მას შემდეგ, რაც მეორე პერიოდის მეოთხე წუთზე რიკ ნეშმა მეორედ გაათანაბრა ანგარიში, დარჩენილ დროში გოლებს მხოლოდ მასპინძლები იტანდნენ. ეს "ბრუინზის" მეკარის, ტუუკა რასკის კარგი თამაშის დამსახურებაა; აგრეთვე, "ნიუ იორკის" დაცვამაც "ისახელა" თავი. "რეინჯერსის" დაცვა ძალიან იოლად აძლევდა დარტყმის საშუალებას "დათვებს" - ბოლო სამი შაიბიდან ორი ბოსტონელებმა ორი-სამ მეტრიდან გაიტანეს.
საინტერესოა, რომ "რეინჯერსის" დაცვის ლიდერი ჟირარდი, რომელმაც წინა სერიაში შავი დღე აყარა ოვეჩკინსა და კომპანიას, "ბოსტონის" ხუთივე გოლის დროს მოედანზე იმყოფებოდა.
კვლავ იჩინა თავი "რეინჯერსის" სენმა - ნიუიორკელებმა ისევ ვერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა (ხუთიდან ნული 20 მაისის მატჩში და 36-დან ორი პლეი ოფში).
* * *
"ოტავამ" პატარა სასწაული ჩაიდინა და ინტრიგა დაუბრუნა "პიტსბურგთან" სერიას, რომელსაც პირველი ორი მატჩის შემდეგ 0:2-ს აგებდა.
29 წამი არ ეყო "პინგვინზს" იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ძირითად დროში ერთშაიბიანი უპირატესობა და მესამე გამარჯვება გაეფორმებინა. ბოლო წუთზე "ოტავა" რიცხობრივ უმცირესობაში იყო დარჩენილი. ამიტომაც შემადგენლობების გასათანაბრებლად მეკარე მოხსნა და მის ნაცვლად წინა ხაზის მოთამაშე გაიყვანა ყინულზე.
ამ სვლამ გაამართლა და ვეტერანმა დანიელ ალფრედსონმა მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. პირველ დამატებით დროში "პიტსბურგი" უფრო ახლოს იყო მიზანთან, როცა პასკალ დუპუიმ ძელს გაარტყა შაიბა. მეორე ოვერტაიმში კი "ოტავას" გაუმართლა, როცა ახლო მანძილიდან გრინინგმა გაიტანა - 3:2.
"სენატორზის" რიგებში კვლავაც შეუდარებელი იყო კრეიგ ანდერსონი, რომელმაც 49 დარტყმა მოიგერია და დღის პირველი ვარსკვლავი გახდა.
ბოსტონი-რეინჯერსი 5:2
1:1, 2:1, 2:0
გოლები: 1:0 კრუგი-2 (ჰორტონი-5, კრეიჩი-10), 1:1 კელეჰანი-2, 2:1 გ. კემპბელი-1 (კრუგი-1, მაკუეიდი-1), 2:2 რიკ ნეში-1 (ზუკარელო-5, ჟირარდი-2), 3:2 ბოიჩაკი-3 (მარჩანდი-5, ბერჟერონი-3), 4:2 მარჩანდი-2 (ბერჟერონი-4, ბარტკოვსკი-1), 5:2 ლუჩიჩი-3 (კრეიჩი-11, დ. ჰემილტონი-2).
სერია: 2-0
ოტავა-პიტსბურგი 2:1 (2ო)
0:0, 0:1, 1:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ტაილერ კენედი-2 (კუკი-1), 1:1 ალფრედსონი-3 (მ. მიხალეკი-2, გონჩარი-6), 2:1 გრინინგი-3 (ბენუა-2, კონდრა-6).
სერია: 1-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: მხოლოდ "პიტსბურგი" დომინირებს