მსოფლიოს თასი: და მაინც, კანადა!

AutoSharing Option
გულშემატკივართა და ექსპერტთა უმრავლესობა იქითკენ იხრებოდა, რომ კანადა ორ მატჩში დაასრულებდა ფინალურ სერიას. ალბათ, ამასვე ფიქრობდნენ კანადის ნაკრების ჰოკეისტები.

სხვანაირად ვერ აიხსნება ის ინერტულობა, რაც მასპინძლების თამაშში შეინიშნებოდა მთელი 57 წუთის განმავლობაში. მსოფლიოს თასზე, კანადელები თითქმის ყველა მატჩში პირველივე პერიოდში ამთავრებდნენ საქმეს, ფინალის მეორე შეხვედრის საწყის 20-წუთეულში კი ევროპელებზე ოთხით ნაკლები დარტყმა შეასრულეს, ნაკლებად მიდიოდნენ ძალისმიერ ორთაბრძოლებში და რაც მთავარია, პირველად წააგეს საწყისი პერიოდი. მეშვიდე წუთზე სლოვაკმა ზდენო ხარამ დაასრულა ლამაზი დარტყმით თავადვე დაწყებული კომბინაცია.

გაწვებულმა გოლმა კანადაზე დადებითად არ
იმოქმედა, პირიქით, ევროპას ორამდე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მარიან ჰოსამ ვერ გამოიყენა ერთი ერთზე გასვლა. თან ეს მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა კანადას რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა.

მეორე პერიოდში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ მხოლოდ საწყის წუთებში. ჯერ კროსბის დარტყმა მოიგერია მეკარე ჰალაკმა, შემდეგ კი ცარიელ კარში ურტყამდა ტავარესი, მაგრამ ძელს გაარტყა შაიბა. ამის შემდეგ, თამაში ისევ ძველ კალაპოტში გადავიდა და ისევ ვიხილეთ კანადელთა არააგრესიული მოქმედება.

კანადას მეტოქის შეცდომამ უშველა. მატჩის ბოლო 10 წუთის განმავლობაში, მასპინძლები ევროპელთა ზონაში "დასახლდნენ", მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. და, შესაძლოა, ბოლომდე ასე გაგრძელებულიყო, სლოვენიელ ანჟე კოპიტარს პერის წინააღმდეგ რომ არ ეუხეშა. კანადამ რიცხობრივი უპირატესობა მიიღო და პატრის ბერჟერონმა საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის ბოლო სამი წუთი მთელი ტურნირის კულმინაცია აღმოჩნდა. ძირითადი დროის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე, მოედნიდან გააძევეს დაუტი. ევროპამ კინაღამ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა - შვეიცარიელმა იოზიმ ძელს გაარტყმა შაიბა. ცოტა ხანში, კაცნაკლულმა კანადამ ცენტრში მოიპოვა შაიბა, ტეივზმა თავის მხარეს გადაიყვანა მცველები და მარშანს მიაწოდა, რომელმაც "ოქრო" გოლი გაიტანა. მსოფლიოს თასის ბედი სირენამდე 44 წამით ადრე გადაწყდა.

ევროპა-კანადა 1:2
1:0, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 ხარა (სეკერა, ნილსენი), 1:1 ბერჟერონი (ბერნსი, კროსბი), 1:2 მარშანი (ტეივზი, პიეტრანჯელო).
მეკარეები: ჰალაკი - პრაისი
დარტყმები: 33 (12-15-6) - 34 (8-13-13)
საჯარიმო დრო: 10 (4-2-4) – 4 (2-0-2)

ფაქტები
- კანადის ნაკრებმა ზედიზედ მესამე დიდი საერთაშორისო ტურნირი (ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს თასი) მოიგო. ამ ტურნირებზე კანადელებს 16-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. მათი ბოლო მარცხი 2010 წლის თებერვალში იყო - ვანკუვერის ოლიმპიადაზე აშშ-სთან მატჩში.

- კანადის ნაკრების ოთხმა ჰოკეისტმა - სიდნი კროსბიმ, პატრის ბერჟერონმა, ჯონათან ტეივზმა და კორი პერიმ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს ჩემპიონატსა და სტენლის თასზე გამარჯვებებს, მსოფლიოს თასზე ტრიუმფი დაუმატეს.

- ფინალის შემდეგ, NHL-ის მოთამაშეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დონალდ ფერმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს თასის მორიგი გათამაშება 2020 წელს გაიმართება.

კროსბი MVP!
მსოფლიოს თასის უძვირფასესი მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი კანადის ნაკრების კაპიტანი სიდნი კროსბი გახდა. ექვს მატჩში მან 10 ქულა (3 შაიბა+7 შედეგიანი პასი) დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ კროსბიმ კანადის ნაკრებში თავისი მოგებათა სერია 25 მატჩამდე აიყვანა. ეს სერია მოიცავს ორ ოლიმპიადას (2010, 2014), მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატსა და წლევანდელ მსოფლიოს თასს. 29 წლის ფორვარდმა ამ მატჩებში 26 ქულა (10+16) დააგროვა და სამი გამარჯვების გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, კროსბი გახდა მესამე ჰოკეისტი ისტორიაში, ვინც NHL-ის რეგულარული ჩემპიონატის, სტენლის თასისა და მსოფლიოს თასის (კანადის თასი) MVP იყო.

1976 წელს, სრული კოლექცია შეაგროვა ბობი ორმა, 11 წლის შემდეგ კი მისი მიღწევა გაიმეორა უეინ გრეტცკიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული