ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ვლადიმირ ვაისის შესახებ ისაუბრა.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:
* * *
- გეცინებათ ხოლმე, როცა ვლადიმირ ვაისისგან გესმით - ჩვენი ფეხბურთელები სუსტ ჩემპიონატებში თამაშობენ, სათამაშო პრაქტიკა არა აქვთო? ასეთი სიტყვებისთვის ხომ თქვენც ბევრჯერ გაუკრიტიკებიხართ?- ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც! დღეს მეტ-ნაკლებად თამაშობენ მაინც, მე კი გაცილებით უარეს ვითარებაში ვიყავი - სხვა გზა არ მქონდა, ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები უნდა მომეწვია, სათამაშო პრაქტიკას ვინ ჩივის, საერთოდ უგუნდოდ რომ იყვნენ!
რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, ჩვენი ჩემპიონატი რა დღეშიც არის, ევროთასების პირველივე ეტაპზეც კარგად ჩანს ხოლმე. აგერ, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პრობლემები ჰქონია, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთამაშე დააკავეს და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ რაკი კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, კერძო ინვესტორებმა ფეხბურთში ფულის დაბანდება შეწყვიტეს და უარესი ვითარებაც მივიღეთ...
* * *
- ჩვენც ვიცით, სად და როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, მაგრამ სულ ამაზე ლაპარაკი და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა არასწორია!- ვაისი წაგებას ფეხბურთელებს კი არ აბრალებს, არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. იმის თქმაც შეუძლია - ამჟამად მეტი რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი დონის გუნდებთან შედეგი ხომ ვაჩვენეთო?! მით უმეტეს, რომ ქართულ ფეხბურთს ყაზახეთზე უარესად აქვს საქმე. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ერთა ლიგაზე გვყავდა ჩაკვეტაძე და იქ მიღწეული შედეგი მისი კარგი თამაშის დამსახურებაც არის.
ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს უნდა დაუძახო, მაგრამ ფეხბურთელის თამაშის სანახავად რომ მიხვალ, ის კი შენ გვერდით ზის ტრიბუნაზე, ვის არჩევაზეა ლაპარაკი?! ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მეც და სლოვაკი მწვრთნელიც ამაზე ლაპარაკობს, თორემ ის არ უგულისხმია - მე მაგარი ვარ და ფეხბურთელები ვერ მიწყობენ ხელსო...
გასაგებია, რომ შედეგი გვინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ შედეგის მისაღწევად? - არაფერს! მგონი, ქართველებზე მეტად ფეხბურთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვარდათ, დღეს კი... ფეხბურთს ვინღა ახსენებს.
* * *
"მე გული იმაზე მტკივა, რომ ქართული ფეხბურთი უარესობისკენ მიდის. გავა ხუთი წელიწადი, დაიხარჯება მთავრობის მიერ გამოყოფილი 250 მილიონი და... ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იქნება.
წლების წინ, კვიპროსზე რომ ჩამოვედი, ჩემი თანაკლუბელებიდან ზოგი მეხანძრე იყო, ზოგი - მეთევზე და ზოგიც - ფოსტალიონი. ახლა? ბოლო ათი წლის განმავლობაში კვიპროსულმა კლუბებმა ხუთჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ სად ვართ?! ყოფილი საბჭოეთის ყველა სახელმწიფომ მიაღწია რაღაც შედეგს, საქართველო კი, ამხელა საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა, მაჩანჩალებს შორისაა".
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
კონტიგენტის ბრალიო ხო უგუნდო ფეხბურთელს ძირითადში რომ აყენებ, უპრაქტიკო მოთამაშეს რომ იძახებ და შეკრებაზე ადგენ რომ ფორმაში არ არის, ცენტრალურ მცველს მარჯვნივ რომ აყენებ, რომელსააც 20 წლიან კარიერის მანძილზე ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია, როცა ჩამშლელს გამთამაშებლად გაამწესებ, როცა ვერ ხვდები შეცვლა რომ არის განსახორციელებელი და ვინ უნდა შემოიყვანო თამაშის გასაძლიერებლადდ