"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

20 ივნისს, ბათუმის "რაგბი არენაზე" "კოკა-კოლას თასის" 2019 წლის გოგონათა გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ალვანის პირველი და თბილისის 146-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ალვანელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ოსიაურის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მუხრანის პირველი საჯარო სკოლის გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით - 7:0 მოუგო.

მატჩების დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებს კუთვნილი მედლები და თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და "კოკა-კოლას" პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ გადასცეს.
აღნიშნულ პრიზებთან ერთად გოგონათა გუნდებს "კოკა-კოლას" სამახსოვრო საჩუქრები და "მაკდონალდსის" ვაუჩერები გადაეცათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ფინალურ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ტურნირის ორგანიზატორებს. წლევანდელ გათამაშებაში 11000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და სასიამოვნოა, რომ გასულ წლებთან შედარებით გოგონათა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. "კოკა-კოლას თასის" მიზანი სწორედ ისაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ დაარსებიდან დღემდე ტურნირზე სპეციალისტებმა უამრავი ტალანტი აღმოაჩინეს" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშებაში მონაწილეობა 248 სკოლის 2500-მა მოსწავლემ მიიღო. სულ კი, წლევანდელ ტურნირში 1000-ზე მეტი სკოლის 11,000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.

"კოკა-კოლას თასი 2019" 25 ივნისს, ბიჭების გათამაშების ფინალური შეხვედრებით ბათუმში დასრულდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული