მაშ ასე, მივყვეთ ცვლილებებს და დავიწყოთ იმ ქართველი ფეხბურთელებით, რომლებიც ქართული რეიტინგის სათავეში არიან.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის, საბა კვირკველიას ფასი 8 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ის ამ ფასით რუსეთის პრემიერლიგაში 25-ე ფეხბურთელია, მოსკოვის "ლოკომოტივში" - მეექვსე და მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალურ მცველებს შორის - 133-ე.
საქართველოს ნაკრებში სატრანსფერო ღირებულებით მესამე ადგილზეა (მეორე გიორგი ჩაკვეტაძეა) დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა, რომლის ფასმაც ზაფხულში სამი მილიონიდან 5 მილიონ ევრომდე მოიმატა. ამ მონაცემებით, ის უკრაინის პრემიერლიგაში მეცამეტე ადგილზეა, "შახტარში" - მეათე და მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალურ მცველებს შორის - 279-ე.
გიორგი ქვილითაიას ფასი 3 მილიონიდან 2.5 მილიონამდე დაეცა. ეს ტრავმის შედეგად უთამაშებლობით არის გამოწვეული. ღირებულებით ის იუპერ ლიგაში - 91-ე, "გენტში" - მე-13 და მსოფლიოში ფორვარდებს შორის 453-ე ფეხბურთელია.
ქართველ ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა ტულის "არსენალის" ცენტრალური მცველი გია გრიგალავა. მისი ფასი 1 მილიონიდან 1,75-მდე გაიზარდა. ეს არ არის მისი საფასო რეკორდი, ის ყველაზე ძვირი 2013 წელს, "ანჟიში" თამაშის დროს 2 მილიონი ევრო ღირდა. ამ ფასით ის რუსეთის პრემიერლიგაში - 155-ე, "არსენალში" - მე-5 და მსოფლიოში ცენტრალურ მცველებს შორის 671-ე არის.
"ტობოლის" ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის ფასი ნახევარი მილიონით გაიზარდა და 1.5 მილიონ ევროს უწია. ამ ფასით ის საკუთარ კლუბში პირველია, ყაზახეთის პრემიერლიგაში - მე-11 და მსოფლიოში ნახევარმცველებს შორის - 542-ე.
ბოლო განახლებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ზურიკო დავითაშვილის ფასი. მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევრო გახდა. მანამდე მისი ფასი ნახევარი მილიონი იყო. ღირებულებით ის მე-12 არის "რუბინში", რუსეთის პრემიერლიგაში - 163-ე და მსოფლიოში შემტევ ნახევარმცველებს შორის - 327-ე. რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს, ის მსოფლიოში 33-ეა.
დავითაშვილის მსგავსად გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას ფასი. მისმა ფასმა 900 ათასი ევროდან 1.5 მილიონს უწია. ღირებულებით ის ანალოგიურად მე-12 არის "რუბინში", რუსეთის პრემიერლიგაში - 163-ე და მსოფლიოში მარცხენაფლანგელებს შორის - 328-ე. რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს, ის მსოფლიოში 33-ეა.
ოთარ კიტეიშვილის ფასიც 1 მილიონიდან 1.5 მილიონი ევრო გახდა. ის ავსტრიის ბუნდესლიგაში - 33-ე, "შტურმში" - მე-2 და მსოფლიოში შემტევ ნახევარმცველებს შორის 327-ე არის.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს ქართველი ფეხბურთელების ოცეულში: ვაკო ყაზაიშვილის ფასი 2 მილიონიდან 1.5 მილიონამდე დაეცა. გიორგი ხარაიშვილის ფასი 800 ათასი ევროდან 1.2 მილიონი გახდა, ლაშა დვალის ფასი - 900 ათასი ევროდან 1.1 მილიონი. გურამ კაშიას ფასი ნახევარი მილიონით დაეცა და ახლა 1 მილიონს შეადგენს. ლაშა პარუნაშვილის ფასი 400 ათასიდან 1 მილიონამდე გაიზარდა, ლუკა ზარანდიასი - 650 ათასიდან 1 მილიონამდე.
ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო სამეულები პოზიციების მიხედვით ასე გამოიყურება:
მეკარეები
- გიორგი მაკარიძე - 700 ათასი ევრო
- ლუკა გუგეშაშვილი - 450 ათასი ევრო
- გიორგი ლორია - 400 ათასი ევრო
ცენტრალური მცველები
- სოლომონ კვირკველია - 10 მილიონი ევრო
- დავით ხოჭოლავა - 5 მილიონი ევრო
- გია გრიგალავა - 1.75 მილიონი ევრო
ფლანგის მცველები
- ლევან ხარაბაძე - 1.25 მილიონი ევრო
- ოთარ კაკაბაძე - 1 მილიონი ევრო
- ლუკა ლაკვეხელიანი/ნიკოლოზ მალი - 475 ათასი ევრო
ცენტრალური ნახევარმცველები
- ნიკა კვეკვესკირი - 1.5 მილიონი ევრო
- ჯაბა კანკავა/ვაკო გვილია/ ლაშა პარუნაშვილი - 1 მილიონი ევრო
შემტევი ნახევარმცველები
- გიორგი ჩაკვეტაძე - 9 მილიონი ევრო
- ვაკო ყაზაიშვილი/ ოთარ კიტეიშვილი/ზურიკო დავითაშვილი/ ხვიჩა კვარაცხელია - 1.5 მილიონი ევრო
ფორვარდები
- გიორგი ქვილითაია - 2.5 მილიონი ევრო
- ნიკა კაჭარავა - 700 ათასი ევრო
- ბექა მიქელთაძე - 500 ათასი ევრო