ლვოვში ევროპა ლიგაზე "ოლეკსანდრიასთან" ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ "გენტს" დაგვიანებით მოუწია ბელგიაში დაბრუნება.
Sporza-ს ცნობით, მიზეზი ისაა, რომ ლვოვის დანილ გალიცკის სახელობის აეროპორტიდან 1.5 კილომეტრის მოშორებით ავიაკატასტროფა მოხდა - უკრაინული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Ан-12, რომელიც თურქეთიდან ესპანეთში ჩარტერული რეისით მიფრინავდა, 6:45 საათზე საწვავის შესავსებად უნდა დაშვებულიყო, მაგრამ იქამდე 3 წუთით ადრე მასთან კავშირი გაწყდა.
თვითმფრინავმა ავარიული დაშვება სოფელ სოკოლნიკში განახორციელა. ეკიპაჟის 8 წევრიდან 5 გარდაიცვალა, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია.
"გენტი" ბელგიაში მოგვიანებით მშვიდობიანად დაბრუნდა და 6 ოქტომბერს ჩემპიონატზე სტუმრად ლიდერ "ბრიუგესთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩება.
"ოლეკსანდრიასა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა, ქვილითაია კი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.