საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა მწვრთნელი: რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ შანსები გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები 21-28 ივლისს ბულგარეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები C ჯგუფში რუსეთის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

Sportall.ge-სთან საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გელა ტუკვაძემ ისაუბრა.

"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მომზადების ნორმალური პროცესი გავიარეთ. ყველაფერი მზად არის და ხვალ უკვე ბულგარეთში მივფრინავთ.

ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და აქვთ იმის უნარები, რომ კარგი თამაში აჩვენონ.

კენჭისყრით ნამდვილად არ ვართ კმაყოფილები, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. ალბათ, ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა. პირველი ძალიან რთული შეხვედრა
გვექნება რუსეთის ნაკრებთან, შემდეგ - იტალიასა და ჰოლანდიასთან.

მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შეხვედრაში არ ვართ უიმედოდ განწყობილები. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაკრების დამარცხება არ შეგვიძლია. სამივე ნაკრების დამარცხების ძალიან კარგი შანსები გვაქვს.

იტალია კარგი გუნდია, რუსეთიც, თუმცა ამ ასაკში წინასწარმეტყველება რთულია. ბავშვები არიან, შესაძლოა, ერთმა სიტუაციამ ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტოს.

აღსანიშნავია, რომ დამატებით სირთულეს ახალი წესები ქმნის. ჩვენ მოსამზადებელ ეტაპზე შეცვლილი წესებით ვითამაშეთ, თუმცა რეალური ტენდენციები ამ ჩემპიონატზე გამოჩნდება. ბევრი რამ მსაჯობაზეც იქნება დამოკიდებული.

მართალია, რთული იქნება, თუმცა ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის საჩვენებლად და რამდენიმე მატჩის მოსაგებად მივდივართ. ამ ასაკში შეუძლებელია წინასწარ მინიმალური ან მაქსიმალური შედეგის განსაზღვრა.

მინდა გითხრათ, რომ მწვრთნელები უფრო მეტს ვნერვიულობთ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვალთ". 


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული