კმაყოფილიც და გულდაწყვეტილიც - ინტერვიუ ირაკლი ცირეკიძესთან

AutoSharing Option
ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების გამოსვლა ისეთია, ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნები დაკარგული შანსების გამო. შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ჩვენებმა სამი მედალი მოიპოვეს - ვერცხლი და ორი ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კარიერაში მეორედ ვალერი ლიპარტელიანი (100) გახდა, მესამეზე კი ვაჟა მარგველაშვილი (66) და უშანგი მარგიანი (90) გავიდნენ.

რომ არა პატარ-პატარა შეცდომები საკუთრივ ჩვენი ფალავნების თუ მსაჯების მხრიდან, ბევრად უკეთესი შედეგით დაბრუნდებოდნენ მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (73), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100)... არაფერს ვამბობთ მეორე შეხვედრაში მოხსნილ ბექა ღვინიაშვილზე (90), რომელსაც
არც კი მიეცა ჭიდაობის საშუალება...

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახლოს მსოფლიოს სენსაციასთან [VIDEO]

ამ ჩემპიონატის შეფასება ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძეს ვთხოვეთ:

- როგორ აფასებთ ჩემპიონატს, ჩვენი გუნდის გამოსვლას, ხართ კმაყოფილი?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგი გუნდია და დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მომავლის იმედი მაქვს.

- თუმცა დაკარგული შანსებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ბოლომდე კმაყოფილი იყოთ.
- რა თქმა უნდა - ამ გუნდიდან გამომდინარე, რაც ახლა გვყავს, აშკარად მეტი შეგვიძლია და მეც ვფიქრობდი, რომ მეტიც უნდა ყოფილიყო. არ ვფიქრობდი, რომ ჩემპიონის გარეშე დავბრუნდებოდით.

- თუ საიდუმლო არაა, ვისზე კეთდებოდა აქცენტი?
- შავდათუაშვილსაც შეეძლო ჩემპიონობა და ღვინიაშვილსაც, თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ რეალურად ვერ ვნახე მისი ჭიდაობა იმ ორ მეტოქესთან, რომელთა წინააღმდეგაც ძალიან მაინტერესებდა, როგორ გამოვიდოდა. ესენია კორეელი დონ ჰან გვაკი და რუსი ხუსეინ ხალმურზაევი. საკმაოდ კარგად იყო მომზადებული და მოტივირებულიც. მასთან მიმართებაშიც გვაქვს რაღაც შენიშვნები, რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ და ვეცდებით, ასეთი პატარა შანსიც არ დავუტოვოთ მეტოქეებს.

ყველამ ვნახეთ, რომ 100 კილოგრამში ერთ ნაბიჯზე ვიყავით ჩემპიონობასთან. თუშიშვილსაც მედლის კანდიდატად მოვიაზრებდი.

- იმედები ყველაზე მეტად ვინ გაგიმართლათ?
- უპირველესად - მარგველაშვილმა, ვინც სტაბილურად, დაკვირვებით, პროფესიონალურად, თითქმის უშეცდომოდ იჭიდავა. მან მხოლოდ ერთი პატარა შეცდომა დაუშვა იაპონელთან, რომელმაც ეს შედეგი მოგვიტანა, თორემ შეიძლება, ჩემპიონიც გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იჭიდავა მარგიანმა, რომელმაც გვარიანად იბრძოლა. მას წლის დასაწყისიდან ეტყობოდა, რომ უმატებდა და მედლის მოპოვების დიდი შანსი ჰქონდა.

ძალიან კარგად და აკადემიურად, მოზომილად და ჭკვიანურად იჭიდავა ვალერი ლიპარტელიანმაც. ჭიდაობის ხარისხიდან და არა შედეგიდან გამომდინარე, გურამ თუშიშვილის კმაყოფილიც ვარ. მისი პოტენციალის პატრონს ძალუძს რინერთან მოგება.

- როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა მას მედლამდე?
- მონღოლ ტუვშინბაიარ ნაიდანთან ცოტა სხვანაირი საჭიდაო, ცოტა მეტი დაფიქრება იყო საჭირო. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ მომავალში ამასაც გამოასწორებს.

- ალბათ, მძიმე წონაში უმედლოდ დარჩენას არანაირად არ ელოდით?
- არ ველოდით და შანსიც გვქონდა. თუშიშვილზე ვისაუბრეთ და ოქრუაშვილმაც კარგად დაიწყო გამოსვლა, თუმცა ვეუბნებოდით, რომ ჩახტომით კისრულებზე ფრთხილად ყოფილიყო. სამწუხაროდ, მოგვივიდა შეცდომა და ამის გამო მოხსნეს.

- ამ ჩემპიონატიდან გამომდინარე, სამომავლოდ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რა მინიშნებები დაგიტოვათ ამ ტურნირმა?
- ცხადია, ფიზიკურ მზადყოფნაზე ისევ გავაგრძელებთ მუშაობას. ამ მხრივ წინსვლა გვაქვს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო უკეთესი პირობებია, რადგან დარბაზში გვექნება ფიტნეს-ცენტრი. მსოფლიოზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გვჭირდება გაძლიერება - იყო რამდენიმე სპორტსმენი, ვინც ზუსტად ამ პრობლემის გამო დამარცხდა. რა თქმა უნდა, ტაქტიკურ ჭიდაობაზეც იქნება აქცენტი გადატანილი, თუმცა, რაღაც მომენტში, ამ კუთხითაც წინ ვართ წასული. სამუშაო კიდევ ბევრია და ამისთვის მზად ვართ.

- დაბოლოს, რას იტყვით რეზერვზე, კონკურენციის გაზრდაზე - რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ ახალი კადრების შემოსვლას ნაკრებში?
- ბოლო ორი შეკრება ახალგაზრდებთან ერთად გავიარეთ, რომელიც ძალიან კარგი და სტაბილური გუნდია. ვფიქრობ, ცოტა ხანში ისინიც შემოვლენ ეროვნულ ნაკრებში და ჯანსაღ კონკურენციაში 2020-ისთვის ძალიან სერიოზული გუნდი გვეყოლება. თან უკვე რამდენიმე ნაკრებზეც გვექნება საუბრის შესაძლებლობა, სადაც მეორე-მესამე ნომრებიც უკვე ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. შესაბამისად, შეჯიბრებებზე მათი წაყვანით არ შევრცხვებით.

- დაბოლოს, რინერმა საქართველოში სავარჯიშოდ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ამაზე რას იტყვით, რამდენად მიესალმებით ამ სურვილს?
- ეს ჩვენთვის კარგი სტიმული იქნება და რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ მის ასეთ სურვილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე რასაც ვხედავ დღეს მთლად სახარბიელოდ ძიუდოს არააქ საქმე მაგრამ ვნახოთ რა იქნება მომავალში.წარმატებები ძიუდოისტებს
zaza
17:05 11-09-2017
2
რითი არის კმაყოფილი ოღონდ ეგ გამაგებინა...ბელეტრისტიკას გავს მთავარი მწვრთნელის საუბარი და როგორ არის ამის შემდგომ ძიუდოში საქმე კარგად?!
პაატა
17:57 11-09-2017
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული