ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა

AutoSharing Option
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში მისი მოადგილეები და კომიტეტების პირველი პირები და წარმომადგენლები იქნებიან.

“ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი.

უახლოეს დღეებში მოხდება ყველა ამ საკითხის ძალიან სკრუპულოზური
შესწავლა და შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ჩვენ გაცნობებთ. გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება ცნობილი. ამ პროცესს არ გავწელავთ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე.

მინდა, მანამდე ყველას ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ სამართლებრივი ჩარჩოები, არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. გარანტიას ვაძლევ ყველას, ვიქნებით მიუკერძოებლები, ძალიან მკაცრები შეფასებებში. ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ - დარჩით სამართლებრივ ჩარჩოებში“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული