შეჯიბრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ტურნირს უცხოეთიდან ბევრი სახელოვანი ფალავანი დაესწრო, მათ შორის კი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუაც გახლდათ. საპატიო სტუმართა სიაში ასევე იყვნენ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები: ალექსანდრ კარელინი, ბუვაისა საიტიევი, ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ მამიაშვილი და სხვები.
მინსკში საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა: გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ლიდერები არ
ჩვენი ფალავნებიდან ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა გივი მაჭარაშვილმა იყოჩაღა, ვინც 97 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მან ფინალში რუსი მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლებს ასევე ახალგაზრდული ნაკრების წევრი შოთა ფარტენაძე (61) და ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) დაეუფლნენ. ფარტენაძე ამერიკელთა მომავალ ჩემპიონ მაიკლ კენდრიკთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ყაზახ კაირატ ამირტაევს 6:5 აჯობა.
ამინაშვილმა მეოთხედფინალში თანაგუნდელ ირაკლი მწითურს 9:0 მოუგო (ამათ მძაფრი შიდა კონკურენცია აქვთ), მაგრამ წააგო ბელორუსთა ქართველ რომან ჩიტაძესთან. ბრინჯაოს მედალი ჩვენებურმა რუს მაკარაშიპ იბრაჰიმოვს აართვა: 4:3. ჩიტაძე ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ რუს ზაურ მაკიევთან დამარცხდა.
რაკი სიტყვა "მამლუქებზე" ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ 57 კილოგრამში მესამეზე გავიდა ნოდარ არაბიძე რუსეთიდან, ხოლო 97-ში ასევე ბრინჯაო მოიპოვა მურაზ მჭედლიძემ უკრაინიდან.
* * *
ჩვენი ნაკრების ლიდერები ჯერ ისვენებენ და ძალებს იკრებენ ახალი სეზონისთვის. შესაძლოა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა (125) ოქტომბრის დასაწყისში (ჩვენები 9-ში მიდიან) სომხურ ვანაძორში იასპარეზოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი: შეხედავენ, რა კონდიციებში იქნება სპორტსმენი. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) ძირითადად საკლუბო ტურნირებისთვის ემზადება, თუმცა მანამდე ეროვნული ნაკრების ეგიდითაც იჭიდავებს, ოღონდ დეტალები აქაც დასაზუსტებელია.
მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა ამ დიდი გამარჯვების შემდეგ საბოლოოდ შეიცვალა წონა - 65-დან 70-ში გადავიდა, რადგან ბევრის დაკლება უწევდა. ჯერჯერობით, ის ინდივიდუალურად ემზადება, რადგან ახალ წონასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება.
* * *
მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ დაამტკიცა ახალი წონითი კატეგორიები, თუმცა დიდი სიახლე არ შემოუთავაზებია. მან უცვლელად დატოვა ადრინდელი რვა წონა და დაამატა ორი, ანუ წონითი კატეგორიების რაოდენობა 10-მდე გაზარდა, თუმცა ოლიმპიადის პროგრამაში კვლავ 6 რჩება, ისევ ის ექვსეული, რაც აქამდე იყო: 57, 65, 74, 86, 97 და 125.
შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიური წონები 61 და 70 იყო, რომლებსაც ახლა 79 და 92 დაემატა.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უვვ (მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაცია) ისევ გვაოცებს თავისი არაორდინარულობით. ამ ჩამონათვალში კარგი ისაა, რომ დაწესდა 79 კილოგრამი, რითაც 74-სა და 86-ს შორის არსებული უზარმაზარი უფსკრული ამოივსო, მაგრამ რატომ 79 და არა 80, როგორც ეს ბერძნულ-რომაულშია?
ნუთუ იმისთვის, რომ ქომაგებიც, მედიაც და ზოგადად - საზოგადოება კიდევ უფრო დაგვაბნიონ ამ ორმაგი წონებით?
ძველი სიის დატოვება ძალიან ცუდია ხინჩეგაშვილისთვის, რომელსაც ოლიმპიადაზე ისევ მოუწევს 57-ში დაკლება, თუმცა წლების მატებასთან ერთად ეს სულ უფრო გაუძნელდება. ან, პირიქით: უნდა მოიმატოს 65-მდე.
ეს არც იაკობიშვილისთვისაა კარგი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წონები შეიცვლებოდა და 70 გახდებოდა ოლიმპიური წონა, ახლა კი ხინჩეგაშვილის დღეშია: ტოკიოს თამაშებამდე დარჩენილ ამ სამ სეზონს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე 70-ში იჭიდავებს, მაგრამ საოლიმპიადოდ ან ისევ 65-მდე მოუწევს დაკლება, ან - 74-მდე უნდა მოიმატოს.
* * *
საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება, 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იგეგმება, ყველაფერი კი ჩვენი ფალავნების უცხოურ საკლუბო ლიგებში მონაწილეობის გრაფიკზეა დამოკიდებული. არადა, ჩვენებურებზე მოთხოვნა დიდია. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"