თბილისის გრან-პრი 2018: ქართველმა მოჭიდავეებმა 5 ოქროს მედლით დაიწყეს

AutoSharing Option
4 ივლისს ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის "დიდ პრიზზე" პირველი ფინალური დღე ჩამთავრდა და ჩვენებმა წარმატებითაც იჭიდავეს, მაგრამ შეჯიბრება უჩვეულოდ გაიწელა და შუაღამისას დასრულდა.

საქართველოს ერთიანი გუნდის მონაგარი ჯერჯერობით 14 მედალია: 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

აქედან "ბერძენ-რომაელთა" ანგარიშზე 9 მედალია: 2-2 ოქრო-ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

გუშინ ფინალში ოთხი ქართველი ჭიდაობდა და აქედან ორი ჩემპიონი გახდა: გიორგი ხუჭუა (72) და ლაშა გობაძე (82), ხოლო ფინალში ლაშა მარიამიძე (63) და რევაზ ნადარეიშვილი (97) დამარცხდნენ, მესამე ადგილზე კი ლევან
ქავჟარაძე
(63), ზურაბ დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე (ორივე - 82), გიორგი მელია და ალექსანდრე ლოდია (97) გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მესამეპრიზიორთაგან ორმა დამამშვიდებლის ფინალში თანაგუნდელი დაამარცხა: ქავჟარაძემ ფირუზ წულუკიძეს 3:1 მოუგო, ლოდიამ კი ირაკლი ქაჯაიას 5:2 აჯობა. მეხუთეზე გავიდა მურად მიქელაძეც (72).

ხუჭუამ ფინალში ფრანგთა სახელით მოასპარეზე სომეხი ერიკ ნიკოგოსიანი 10:2 დაამარცხა, გობაძემ კი სომხეთის სახელით მოჭიდავე ედუარდ სარგსიანთან ამოგვყარა ჯავრი ნახევარფინალში დათუნაშვილის მარცხისთვის - 7:5 მოუგო.

მარიამიძე, ვინც გუშინწინ მართლაც კარგი ჭიდაობით გამოიჩინა თავი, ამჯერად ვერაფერს გახდა რუსთა ევროპული თამაშების გამარჯვებულსა და მსოფლიოსპრიზიორ სტეფან მარინიანთან: 0:9. იმავე ანგარიშით წააგო ნადარეიშვილმაც და ისევ რუსეთის წარმომადგენელთან, მსოფლიოს ინგუშ ვიცე-ჩემპიონ მუსა ევლოევთან.

დამამშვიდებლის ფინალში დათუნაშვილმა 6:1 მოუგო უზბეკ ჯალგასბაი ბერდიმურატოვს, ბოლქვაძემ კი 1:1-ზე ბოლო ქულის გამო აჯობა კორეელ ჯინჰეოკ კიმის.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უდანაკარგოდ ჩაატარეს ფინალური პაექრობები და გადამწყვეტ პაექრობაში სამივე მათგანმა იმარჯვა: ბექა ლომთაძემ (61) წმინდად და დამაჯერებლად, ძალიან იოლად, 10:0 მოუგო უზბეკ აბოს რახმონოვს, გენო პეტრიაშვილმაც (125) ასევე იოლად დაჯაბნა უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანოვსკი - 5:2, ყველაზე მეტად კი ზურაბ იაკობიშვილმა (70) ივაჟკაცა, რადგან ფინალში ყველაზე ტიტულოვანი მეტოქე ჰყავდა - რუსთა სახელით მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი, ცხინვალიდან წასული სოსლან რამონოვი, ვისაც დაძაბულ პაექრობაში ბოლო წამებზე გამოგლიჯა გამარჯვება ხელიდან და 3:2 მოუგო.

ამ სამი ოქროს გარდა, ამ ნაკრებმა კიდევ ორი ბრინჯაო მოიპოვა, რაც გიორგი რევაზიშვილის (61) და ირაკლი მწითურის (92) დამსახურებაა. პირველმა გადამწყვეტ პაექრობაში პოლონელი ვიქტარ შმულიაი 6:4 დაამარცხა, მეორეს კი თურქი იბრაჰიმ ბოლუკბასი არ გამოუცხადდა.

ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ არც ჩვენი ფალავანი - ნიკა კენჭაძე (79) გავიდა.

სადღეისო შანსები
ტურნირი დღეს მთავრდება და ჩვენებისგან ისევ ველოდებით მედლებს. თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამში სულაც ქართული ფინალი გაიმართება: ევროპის ფინალისტი ელიზბარ ოდიკაძე გივი მაჭარაშვილის პირისპირ.

ფინალში კიდევ ერთი მონაწილე 86 კილოგრამში გვეყოლება, ოღონდ არა ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი, არამედ შედარებით ახალგაზრდა საბა ჩიხრაძე, ვინც გადამწყვეტ პაექრობას თურქ ფატიჰ ერდინთან ჩაატარებს. ამინაშვილი ნახევარფინალში სწორედ ერდინთან დამარცხდა - 0:11 და დღეს ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, თუმცა მისი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. 57 კილოგრამში ასევე პირდაპირ ბრინჯაოსთვის გაირჯება ოთარ გოგავა.

დამამშვიდებელ წრეში არიან და ბრინჯაოსთვის აგრძელებენ ბრძოლას რობერტ დინგაშვილი (57), შოთა ფარტენაძე, მაგამედ საიდოვი (ორივე - 65; თან ესენი ერთმანეთს ხვდებიან) და ალექსანდრე ჯაჭვაძე (74).

ოდიკაძემ თავიდან ინგუშებს მოუგო: საკვალიფიკაციო ეტაპზე 10:0 "დაამუშავა" თურქთა ნატურალიზებული შამილ ერდოღანი (კოლოი კორტოევი), მერე კი უკვე რუსთა სახელით მოჭიდავე ინგუში, შამილ მუსაევი 5:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელი ვალერი ანდრეიცევი 4:2 დაჯაბნა. მაჭარაშვილმა თავიდან უკრაინელ თანამემამულე მურაზ მჭედლიძეს 6:3 მოუგო, მერე კი ჩინელ ჩაოქიან იანგს 14:6 აჯობა.

ჩიხრაძემ პირველად უზბეკი უმიჯდონ ისმანოვი 4:0 ჩამოიშორა, ინდოელ დეეპაკ პუნიას 6:4 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ ოსმან გოცენს 10:6 აჯობა. წაგებამდე ამინაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო: პოლონელ რადოსლავ მარცინკევიჩთან 5:0, უზბეკ აბდურასულ ვაკობოვთან 4:2, ხოლო თანაგუნდელ დავით ხუციშვილთან - 6:1.

ბერძნულ-რომაულში ფინალში დღეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ზვიად პატარიძე (130), ვინც რუსთა ოლიმპიურ პრიზიორ სერგეი სემენოვს შეხვდება.

პირდაპირ ბრინჯაოსთვის ორი კაცი იჭიდავებს - საჩინო დავითაია (67) და ევროპის მედალოსანი ლევან არაბული (130), ხოლო დამამშვიდებელში აგრძელენ ბრძოლას რამაზ სურმანიძე, ამირან შავაძე და ირაკლი შავაძე (სამივე - 60), თორნიკე ჯანგავაძე (67), ბექა მამუკაშვილი, ბაკურ გოგოლი, მინდია წულუკიძე (სამივე - 77) და ვასილ იმერლიშვილი (130). თუმცა ამათგან შავაძეები, გოგოლი და წულუკიძე პირველივე წრეში ხვდებიან ერთმანეთს.

როგორც იქნა, პატარიძე დიდებში გამოჩნდა. მას რევანში აქვს ასაღები სემენოვთან შარშან 23-იანებში მარცხისთვის, ვისაც 20-წლამდელებში თავისუფლად უგებდა. მან პირველ წრეში 4:0 მოუგო არაბულს, ირანელი მაჰდი ნოური კი 6:1 დაამარცხა. ბრინჯაოსთვის დავითაიას მეტოქე ჯერ არაა ცნობილი, არაბული კი სწორედ ნოურის დაეჭიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული