თბილისის გრან-პრი 2018: ქართული ფინალი და მედლები წყვილად

AutoSharing Option
5 ივლისს სპორტის ოლიმპიურ სასახლეში დამთავრდა ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის "დიდი პრიზის" ტურნირი, რომელიც ჩვენმა ფალავნებმა წარმატებით დაასრულეს.

ბოლო დღეს მათ 6 მედალი მოიპოვეს - სამივე სინჯის 2-2 ჯილდო. თანაც, ორივე სტილის ნაკრებს თანაბარი ოდენობის - 3-3 მედალი აქვს, თუმცა განსხვავება ხარისხშია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 ჯილდო ირგუნეს - 1 ოქრო და 2 ვერცხლი, "ბერძენ-რომაელებმა" - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

"თავისუფალთაგან" ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდა, ვინც ფინალში გივი მაჭარაშვილს 8:6 მოუგო. მეორე ვერცხლი საბა ჩიხრაძის (86)
ანგარიშზეა.

"ბერძენ-რომაელთაგან" ჩემპიონის ტიტულს ქუთაისელი ზვიად პატარიძე (130) დაეუფლა, ოღონდ საამისოდ ფინალში ოდნავადაც არ გარჯილა, რადგან რუსი მეტოქე, ახალგაზრდული ნაკრებიდან კარგად ნაცნობი ოლიმპიური მედალოსანი სერგეი სემენოვი საჭიდაოდ არ გამოუცხადდა.

ბრინჯაოს მედლებს ამირან შავაძე (60) და საჩინო დავითაია (67) დაეუფლნენ.
"თავისუფლებს" ბრინჯაოს მოპოვების 3 შანსი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, სამივე დაკარგეს - ოთარ გოგავამ (57), მაგამედ საიდოვმა (65) და სანდრო ამინაშვილმა (86), ვინც ტრავმის გამო საჭიდაოდ ვერ გამოცხადდა. "ბერძენ-რომაელთაგან" მეხუთეზე გავიდნენ თორნიკე ჯანგავაძე (67), ბექა მამუკაშვილი, მინდია წულუკიძე (ორივე - 77) ევროპის პრიზიორი ლევან არაბული (130).

ამათგან ჯანგავაძე დავითაიასთან დამარცხდა, ყველაზე დასანანი კი არაბულის წაგება იყო ირანელ მაჰდი ნოურისთან. ჩვენებურმა მეტოქე იოლად ჩაიყვანა ჩოქბჯენში და იქვე დატრიალებასაც ცდილობდა, რაც კარგად გამოსდის, მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხა: 2:0. მეორე პერიოდში ირანელმაც მოახერხა ჩახლართულ ჭიდაობაში მისი დაბლა გადაყვანა და იქვე ბეჭებზეც დადო. არადა, იმ მომენტში არაბულსაც შეეძლო ამოსვლა, რითაც ორ ქულასაც გადაარჩენდა და თავად მოიპოვებდა მას.

ამდენად, "კარტოზია-ბალავაძის ტურნირი" ჩვენმა დელეგაციამ 20 მედლით დაასრულა: 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. აქედან "ბერძენ-რომაელთა" წილად 12 ჯილდოა: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. "თავისუფალთა" მონაგარი კი 4 ოქრო, 2-2 ვერცხლ-ბრინჯაოა.

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს "ბერძენ-რომაელთაგან" ჩემპიონები გიორგი ხუჭუა (72) და ლაშა გობაძე (82) გახდნენ. ლაშა მარიამიძე (63) და რევაზ ნადარეიშვილი (98) მეორეზე გავიდნენ, მესამეზე - ლევან ქავჟარაძე (63), ზურაბ დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე (ორივე - 82), გიორგი მელია და ალექსანდრე ლოდია (97).

"თავისუფლებმა" 5 ივლისს სამივე ფინალი მოიგეს - ბექა ლომთაძემ (61), ზურაბ იაკობიშვილმა (70) და გენო პეტრიაშვილმა (125). ბრინჯაოსმედალოსნები გიორგი რევაზიშვილი (61) და ირაკლი მწითური (92) გახდნენ.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა "თავისუფალთა" ნაკრებმა 102 ქულით გაიმარჯვა, "ბერძენ-რომაელები" კი 144-ით მეორეზე გავიდნენ და მხოლოდ გოგი კოღუაშვილისა და ლევან კეზევაძის დამოძღვრილ რუსებს ჩამორჩნენ (154 ქულა).

დღის მოვლენა - ქართული ფინალი
ქართული ფინალი იმთავითვე იქცა გუშინდელი დღის მთავარ ამბად - ჯერ კიდევ გუშინწინ, როცა გაირკვა, რომ 97 კილოგრამის ფინალში წონის ლიდერი, თბილისელი ევროპის ფინალისტი ოდიკაძე მცხეთელ მაჭარაშვილს შეხვდებოდა.

ასევე დიდ ინტერესს იწვევდა ბერძნულ-რომაულში პატარიძის და სემენოვის მოსალოდნელი პაექრობაც, მაგრამ იქ, რუსის ოლიმპიური ბრინჯაოს მიუხედავად, პატარიძე მაინც უფრო გამოკვეთილი ფავორიტი ჩანდა თუნდაც შინაური კედლების გამო.

მართალია, აქაც უფრო ოდიკაძე მიიჩნეოდა ჩემპიონობის კანდიდატად, მაგრამ ქომაგთა ინტერესი მაინც უფრო ამ შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი და ყველა ინტერესით ელოდა თანამემამულეთა დაპირისპირებას.

მოლოდინიც გამართლდა და ფალავნებმა მართლაც დაძაბული, დინამიკური შეხვედრა გააჩაღეს, რომელიც, იქნებ ბევრისთვის მოულოდნელად, მაჭარაშვილის შეტევით დაიწყო და პირველივე წამებზე დაბლა ჭიდაობაში კინაღამ შეძლო ფავორიტის ორქულიანზე გადაყვანა.

მან ერთი-ორჯერ მერეც გაიბრძოლა, თუმცა ოდიკაძემ ყველა შემთხვევაში თავი კარგად დაიცვა და საერთოდაც, შეხვედრის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მაჭარაშვილს ჯერ კიდევ აკლია რამდენიმე საფეხური ოდიკაძემდე მისასვლელად - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბევრად უფრო გამოცდილია, ფიზიკურადაც უფრო უკეთ გამოიყურება და კლასიც, მინიმუმ, ცოტათი მეტი აქვს.

ამიტომ, მართალია, ფრიად დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც იოლად გაიმარჯვა. ყოველ შემთხვევაში, ბეწვის ხიდზე ნამდვილად არ გაუვლია იმის მიუხედავად, რომ პაექრობა მხოლოდ ორი ქულით, 8:6 მოიგო. შეხვედრის ბოლოს იყო ეპიზოდი, როცა ტაბლოზე 10:6 დაუწერეს, მაგრამ მეტოქის ბანაკის პროტესტის შემდეგ ორი ქულა სამართლიანად ჩამოაკლეს - წრის გარეთ იყვნენ გასულები, როცა ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზე დაატრიალა და თან საკმაო დაყოვნების შემდეგ. მაჭარაშვილს ცდა და მონდომება არ დაუკლია, მაგრამ მხოლოდ ეს ჯერ არ ჰყოფნის ოდიკაძესთან მოსაგებად.

ეგ კი არა, ბოლო ნახევარ წუთში ნამეტანიც მოინდომა და ისე ჟინიანად უტევდა, თავზე დაქაჩვის ნაცვლად ლამის სცემა მეტოქეს. უცხოელების შემთხვევაში ეს შეხვედრა ჩხუბით დასრულდებოდა, ახლა კი თანაგუნდელობამ იმძლავრა, თუმცა ოდიკაძემ საფინალო სასტვენის შემდეგ თითი დაუქნია მეტოქეს და მაჭარაშვილმაც მიიღო შენიშვნა.

მეორე ფინალში ახალგაზრდა და ასეთი დონის ტურნირებისთვის გამოუცდელი ჩიხრაძე აშკარად დაგვიჩაგრა თურქმა ფატიჰ ერდინმა - 9:0 მოუგო. რუსთაველი ფალავნისთვის ეს შეჯიბრება მაინც აქტივში ჩაიწერება, რადგან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველ სოლიდურ წარმატებას მიაღწია და ისიც ასეთი დონის ტურნირში - კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შეჯიბრება საკმაოდ ძლიერი გამოდგა და ტოლს არ დაუდებს არცერთ საერთაშორისო რანგის ტურნირს.

პატარიძის ფინალზე რუსის გამოუცხადებლობის გამო სათქმელიც არაფერია. მხოლოდ იმას დავძენთ, რაც მან შვეიცარიულ ტელევიზიას (შეჯიბრებას რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტიც აშუქებდა, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე) განუცხადა - ახლა 23-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადები და არა უფროსების მსოფლიოს პირველობისთვისო. ცოტა უცნაური განცხადებაა, მაგრამ მისასალმებელია, რომ ეს ნიჭიერი ფალავანი, როგორც იქნა, უფროსთა შეჯიბრებებშიც ვიხილეთ.

ჩემპიონებიდან 65 კილოგრამში გამარჯვებულ ინდოელ ბაჯრანგ ბაჯრანგსაც გამოვარჩევთ, რადგან მას ემზარ ბედინეიშვილი ავარჯიშებს. ის რამდენიმე თვის წინ წავიდა ინდოეთში სამუშაოდ და სწორედ ბაჯრანგის კლუბმა მიიწვია პერსონალურად ამ ფალავანთან სამუშაოდ. ეტყობა, ინდოელებს წვრთნის განსხვავებული სისტემა აქვთ და ასე პერსონალურად იწვევენ მწვრთნელებს კონკრეტული სპორტსმენებისთვის.

მაგალითად, ტყვიის სროლაში ასე პირადად ჰყავთ მიწვეული რათჰხი სარნაბოტისთან სამუშაოდ გერმანელთა მონღოლური წარმოშობის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი მუნკბაიარ დორჯსურენი (ის რიო-დე-ჟანეიროს თამაშების შემდეგ სპორტიდან წავიდა და საცხოვრებლად მონღოლეთში დაბრუნდა).

ბაჯრანგი თბილისშიც დამოუკიდებლად ჩამოსულა და არა ინდოელთა სამკაციან დელეგაციასთან ერთად, რომელსაც კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი მწვრთნელი ვლადიმერ მესტვირიშვილი ჩამოჰყვა. ამის მიზეზად მასსა და ოლიმპიურ ჩემპიონ სუშილ კუმარს შორის არსებულ დაძაბულობას ასახელებენ. როგორც ამბობენ, თურმე, კუმარი ვარსკვლავურ მოთხოვნებს აყენებს და კონკურენტებს კარგი თვალით არ უყურებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული