ვისენტე დელ ბოსკეს თავისუფლად შეუძლია ექსპერიმენტებს მიმართოს, თუმცა პირველ ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებების ბოლო ურთიერთშეხვედრებში ესპანელები ყოჩაღობენ - მათ 5 თამაშიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს.
ხორვატებმა ერთადერთხელ დაამარცხეს ესპანელები ისტორიაში. ეს 1994 წელს ამხანაგურ თამაშში მოხდა - 2:0. ოფიციალურ მატჩებში ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - ეს იყო წინა ევროზე,
წინა ტურში ხორვატთა რიგებში ტრავმა მიიღო ლუკა მოდრიჩმა, რომელიც ჩეხეთთან თამაშის 62-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ ამის შემდეგ წაუვიდა ხორვატიას საქმეები უკან და 2:0 2:2-ად იქცა. ლიდერის გარეშე ხორვატია ისეთი დამაჯერებელი ვეღარ იყო. ესპანეთთან ვერ ითამაშებს ვერც მცველი ვედრან ჩორლუკა, ვისაც თავი პირველ ტურშიც გაუტეხეს და მეორეშიც.
ტრავმა აქვს ფორვარდ მარიო მანჯუკიჩსაც. მოკლედ, ანტე ჩაჩიჩის გუნდს ყოველ სათამაშო რგოლში ლიდერი დააკლდა, რაც მის შანსებს ერთობ ამცირებს. მოდრიჩის შემცვლელი კოვაჩიჩი ამტკიცებს, რომ ხორვატიას ლუკას გარეშეც შეუძლია კარგად თამაში. ვნახოთ.
თავის მხრივ, ჟერარდ პიკე თანაგუნდელებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ ბარსელონელი ივან რაკიტიჩის წინააღმდეგ, რომელმაც პეტრ ჩეხს დიდებული გოლი გაუტანა. ხორვატიის ნაკრებს ბორდოში ფრეც ჰყოფნის პლეი ოფში გასასვლელად. ესპანეთს კი ფრე პირველ ადგილზე გაიყვანს.
თამაშის წინ პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოს როლით, თუმცა იქვე დაამატა, რომ დელ ბოსკეს მადლიერი მთელი ცხოვრება დარჩება, რომ არა ის, ვერც ევროპის ჩემპიონი გავხდებოდი და ვერც მსოფლიოს ჩემპიონიო.
ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია): "ეს თამაში გადაწყვეტს, ვინ გავა ჯგუფიდან პირველი ადგილით. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მაღალი კლასის გუნდის წინააღმდეგ. ესპანეთი ევროპის ბოლო ორი პირველობის ჩემპიონია. გუნდი სავსეა ვარსკვლავებით, "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებით. ესპანეთმა ყველაზე უკეთ იცის თამაში, შანსების შექმნა და მათი გამოყენება. ბოლო წლებია, ისინი ბრწყინვალე მატჩებს გვთავაზობენ. ამ თამაშს გამოვიყენებთ პლეი ოფის წინ კარგად გასახურებლად. ჩვენ და ესპანეთი პლეი ოფში გასვლას აშკარად ვიმსახურებთ.
ჯგუფი ძალიან რთული იყო, ჩვენ ხელიდან გავუშვით გამარჯვება ჩეხეთთან, ახლა კი ესპანეთთან მატჩი დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რა შეუძლია რეალურად ხორვატიის ნაკრებს ამ ტურნირზე. დელ ბოსკე ამბობს, რომ ხორვატია საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს ჯგუფში. ეს დიდი კომპლიმენტია, ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდის დიდი მწვრთნელია".
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "არ ვფიქრობ, რომ ახლა კარგი იქნება ფეხბურთელების დასვენება. ფეხბურთელები რიტმში შევიდნენ და ახლა არ იქნება კარგი გადაწყვეტილება რამის ძირფესვიანად შეცვლის. ამან შეიძლება დაგვაზარალოს. ანდრეს ინიესტა კარგ ფორმაშია, ის დიდებულად თამაშობს. ხორვატიას მოდრიჩი არ ეყოლება, რომელიც კლუბშიც და ნაკრებშიც დიდი მნიშვნელობის ფეხბურთელია.
ზოგადად, ხორვატიის ნაკრები დისციპლინირებული გუნდია. ჩვენ მათი დამარცხება გვსურს, ამისთვის კი მოედანზე 11 საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავიყვანო. ჩემი აზრით, ხორვატიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპის ჩემპიონატზე".
* * *
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნაკრებს ჯერ ქულა არ აქვს, ფათიჰ თერიმის გუნდს მცირე შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ჩეხებს კი თურქებთან მხოლოდ გამარჯვება თუ ეყოფათ, რადგან ფრე მესამე ადგილისთვის საკმარისი კი იქნება, მაგრამ ორი ქულით მესამეადგილოსანი ნამდვილად ვერ გავა პლეი ოფში. ყველას ახსოვს ფეერული მატჩი თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებთა შორის ევრო 2008-ზე, როცა თურქები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 3:2 იმარჯვეს.
დღევანდელ მატჩში ჩეხებს ლიდერი ტომაშ როსიცკი დააკლდებათ, რომელმაც ტრავმა ხორვატიასთან მატჩში მიიღო. ჩეხეთის ნაკრები ფინალშიც რომ გავიდეს, როსიცკისთვის ტურნირი დასრულებულია, იმდენად მძიმეა მისი ტრავმა.
პაველ ვრბა (ჩეხეთი): "თეორიულად ფრეც გვყოფნის, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა. პრაქტიკულად, მხოლოდ მოგება გვჭირდება. ამიტომ უფრო მეტი ფეხბურთელით შევუტევთ და უფრო შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენ შევეცდებით ბურთზე კონტროლის დაწესებასაც. ჩემს ფეხბურთელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა მნიშვნელობის თამაში ელით. მათ უკვე უთამაშიათ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში.
ასე რომ, ხვალ ისინი საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან თურქეთთან დაპირისპირებას. მე მახსოვს ევრო 2008-ის შეხვედრა, რომელშიც თურქებმა დაგვამარცხეს. ეს დიდებული თამაში იყო. ახლა კი სულ სხვა ხასიათის თამაში გველის, რადგან ორივე გუნდს მოგება ესაჭიროება".
ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს სიკვდილის ჯგუფია და ეს ყველაფერი ჩემპიონატზე მტკიცდება. ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატს პრობლემებით შევხვდით. ძალიან საინტერესო თამაში გველის. ჩეხებმა ახლახან ხორვატებთან 0:2 ამოქაჩეს. მათ ასევე შეეძლოთ, არ გაეშვათ ბოლომდე ესპანელებთან შეხვედრაშიც.
ასე რომ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ. ჩვენი დევიზია - არაფერი დასრულებულა, სანამ არ დავნებდებით. იმედია, კრიზისს გადავლახავთ და გავიმარჯვებთ. შემდეგ კი დაველოდებით, რა მოხდება სხვა ქვეჯგუფებში".
21 ივნისი. ლანსი. "სტად ბოლარ დელელისი"
ჩეხეთი-თურქეთი 23:00
ტრავმა: როსიცკი - შაჰინი (?)
ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, ჰიბნიკი, გებრე სელასიე - დარიდა, პაველკა - სკალაკი, დოჩკალი, კრეიჩი - ნეციდი
თურქეთი (სავარაუდო): ბაბაჯანი - იოზბაირაქლი, კაია, ბალთა, კოიბაში - თოფალი, ინანი - შენი, ჩალჰანოღლუ, მორი - თოსუნი
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
21 ივნისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"
ხორვატია-ესპანეთი 23:00
ტრავმა: მოდრიჩი, ჩორლუკა, მანჯუკიჩი (?) - ხორვატია
ხორვატია (სავარაუდო): სუბაშიჩი - სრნა, შილდენფელდი, ვიდა, სტრინიჩი - ბროზოვიჩი, ბადელი - პიაცა, რაკიტიჩი, პერიშიჩი - კრამარიჩი
ესპანეთი (სავარაუდო): დე ხეა - ბელერინი, პიკე, სან ხოსე, ალბა - ბუსკეტსი - პედრო, ტიაგო, ინიესტა, ნოლიტო - მორატა
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 4-0 6
2. ხორვატია 2 1 1 0 3-2 4
3. ჩეხეთი 2 0 1 1 2-3 1
4. თურქეთი 2 0 0 2 0-4 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"