ევრო 2016. 1/8-ფინალი. უნგრეთი-ბელგია: აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ... [VIDEO]

AutoSharing Option
* ბელგიის ნაკრები მეოთხედფინალში უელსს შეხვდება.
* ბელგიის ნაკრებს ასეთი სხვაობით არასოდეს მოუგია დიდ ტურნირებზე.
* ბელგიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც ევრო 2016-ზე ოთხი გოლი გაიტანა.

მას შემდეგ, რაც კვირის ორი მერვედფინალი ფავორიტთა დომინაციით ჩათამაშდა, ყველა დიდი ინტერესით ველოდით ბელგიისა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირებას. აქეთ ფავორიტი ბელგია და იქით ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა უნგრეთი. წყვილს მართლაც არ აკლდა ინტრიგა.

ამ მატჩს უნდა გაეცა პასუხი მეტად საინტერესო კითხვაზე - რამდენად წონადი იყო უნგრელთა ამბიციები და ბოლოს და ბოლოს, შეძლებდა თუ არა
ბელგიის ნაკრები ისეთი თამაშის ჩვენებას, როგორიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს შეეფერება.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შტორკმა ნაცადი გზა არ დააგდო. მან აარჩია ტაქტიკა, რომელმაც უნგრეთს აქამდე წარმატებები მოუტანა.

დატვირთული მინდვრის ცენტრი, აქტიური ფლანგები და ერთადერთი ფორვარდი, გამოცდილი ადამ სალაი - ეს იყო მადიართა მთავარი კოზირები.

შტორკი დანაკლისს ვერ ასცდა. უნგრეთის ნაკრებმა ტრავმის გამო მოისაკლისა აქტიური ფლანგელი მცველი ფიოლა. რაც მთავარია, თავიდან ძირითად შემადგენლობაში კლაინჰაისლერი ეწერა, მაგრამ ბოლო წამს მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. საფიქრებელია, რომ ტრავმის გამო. სასტარტოში კი პინტერი დადგა. უნგრეთის შემადგენლობაში მთავარი კაცი ბალაჟ ჯუჯაკი უნდა ყოფილიყო, რომელიც აქამდე შეუჩერებელი გახლდათ ფრანგულ ევროფორუმზე.

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. მან სათადარიგოთა სკამზე დატოვა იანიკ ფერეირა-კარასკო და მარუან ფელაინი. ერთგვარი სიურპრიზი იყო ბელგიელთა შემადგენლობაში დრის მერტენსის გამოჩენა.

ვფიქრობთ, ეს ორი რამის გამო გააკეთა ვილმოტსმა. ჯერ ერთი, უსწრაფეს მერტენსს მეტი მობილურობა უნდა შეეტანა ბელგიელთა თამაშში და მეორეც - გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, კევინ დე ბრიუნს უფრო მეტად მინდვრის ცენტრში უნდა ემოქმედა.

გოლები
0:1 - კევინ დე ბრუინის რბილი, გამოზომილი პასი სტანდარტიდან. რომელუ ლუკაკუ ბურთს ვერ შესწვდა, მაგრამ შეტევაში ჩართულმა ტობი ალდერვეირელდმა უმძლავრესი თავურით აიღო გაბორ კირაის კარი.

0:2 - ედენ აზარმა დიდებულად იმოქმედა ფლანგზე; გამჭოლი, უზუსტესი პასით მონახა მინდორზე იმ წუთს შემოსული მიში ბატშუაი და "მარსელის" შემტევმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

0:3 - ბურთი ედენ აზარმა მოიგდო, შეიწია ცენტრისკენ და კირაის შანსი არ დაუტოვა.

0:4 - ბელგიელთა მორიგი "მკვლელი" კონტრშეტევა. რაჯა ნაინგოლანი საგოლედ იანიკ ფერეირა-კარასკოს აწვდის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ედენ აზარი (ბელგია): "ეს დიდი გამარჯვებაა. დღეს ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელსაც გულშემატკივარი ჩვენგან ელის. კომპლიმენტები უნგრეთს - ძალიან კარგად ითამაშეს. მეოთხედფინალს ლილში ვთამაშობთ და ეს ძალიან მიხარია. ამ ქალაქთან უამრავი რამ მაკავშირებს. ეს ჩემთვის სახლია, მაგრამ ეგაა, ახალი სტადიონი კარგად არ ვიცი".

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "დღეს აზარი დიდებული იყო. ასე უნდა ითამაშოს გუნდის კაპიტანმა. დღეს მისი სათქმელი მისმა ფეხებმა თქვეს. ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ჩვენს მომავალს ევროფორუმზე იმედით ვუყურებ.

ერთადერთი იმან შემაწუხა, რომ არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. უფრო ზუსტნი რომ ვყოფილიყავით, პირველი ნახევრის მერე 3:0 უნდა წაგვეყვანა ანგარიში".

ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "ვულოცავ ბელგიას დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თამაშის ბედი შემოგვეტრიალებინა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან ოპტიმისტურად განმაწყო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ასპარეზობამ".

ანალიზი
ბელგიის ნაკრებმა, როგორც იქნა, თავისი რეალური ძალა გვიჩვენა. არ მოგატყუოთ ბურთის ფლობაში უნგრელთა უპირატესობამ. მთელი შეხვედრა ბენილუქსელთა უპირატესობით მიმდინარეობდა.

ვფიქრობთ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მარკ ვილმოტსის კარიერაში. ბელგიელთა ახალგაზრდა თავკაცმა შეძლო და თავისი თამაში მოახვია თავს უნგრეთის ნაკრებს. უსწრაფეს კონტრშეტევებში დღეს ბელგიას მსოფლიოში ძნელად თუ მოეძებნება ბადალი.

როგორც იქნა, შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს ბელგიელთა ლიდერებმა. განსაკუთრებით, ეს ედენ აზარზე ითქმის, თუმცა ამაზე ქვემოთ. რაც მთავარია, ბელგიამ დაიწყო იმ უამრავი სახიფათო მომენტის ნაწილობრივ მაინც გამოყენება, რომელსაც ქმნის მოწინააღმდეგეთა კართან.

ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, რამხელა რესურსი აქვს მარკ ვილმოტსს სათადარიგოთა სკამზე. ბედნიერია ის გუნდი, რომლის მწვრთნელიც თავს უფლებას აძლევს, სათადარიგოთა სკამზე დატოვოს ბატშუაისა და კარასკოს დონის ფეხბურთელები.

უნგრეთის ნაკრებს, ანგარიშის მიუხედავად, თავი არ შეურცხვენია. როგორც ჩანს, უნგრელებისათვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა ლიდერის, კლაინჰაისლერის ტრავმა. ის სასტარტო შემადგენლობაში ეწერა, მაგრამ მინდორზე საერთოდ არ გამოჩენილა.

ბელგიამ კოლექტიური ქმედებებით გაანეიტრალა უნგრელთა ლიდერები,მეტადრე - ბალაჟ ჯუჯაკი, ვინც სასურველი სივრცე ვერაფრით იპოვა.

მატჩის გმირი
ამ სტრიქონების ავტორის სუბიექტური აზრით, ედენ აზარმა ისე ითამაშა, როგორც არავის უთამაშია ამ ევროფორუმზე. სასწაული - ბელგიელთა ლიდერის მიერ მინდორზე გაწეული სამუშაო და გაკეთებული საქმეები სწორედ ასე უნდა შეფასდეს.

გოლი და საგოლე პასი მხოლოდ სტატისტიკაა. ედენმა არაერთხელ შეუქმნა პარტნიორებს ხელსაყრელი სიტუაცია. პირდაპირ საკვირველია, როგორ ახერხებდა იგი ასეთი სიხშირით მოწინააღმდეგის კართან სიტუაციის გამწვავებას.

შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული, ჩაგდებული სეზონის შემდეგ ბელგიელი ვარსკვლავი სრულფასოვნად დაბრუნდა და ეს მთლიანად ფეხბურთისათვის არის კარგი.

მსაჯი
ნორმალური - ასე შეიძლება შეფასდეს 43 წლის სერბი არბიტრის, მილორად მაჟიჩის გარჯა ამ შეხვედრაში. მსაჯს შეეძლო, რამდენიმე ჯარიმა აქეთაც მიეცა და იქითაც. თამაშის სადავეები ხელიდან მაინც არ გაუშვია. ამისთვის მან ბლომად აფრიალა ყვითელი ბარათები.

დასკვნა
ბელგია დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. ისე ჩანს, რომ ტურნირი ხურდება, მარკ ვილმოტსის ძალიან საშიში გუნდი კი თანდათან უმატებს. ბელგიას მეოთხედფინალში გარეთ ბეილის უელსი ელის. ბეილს და კომპანიას ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

whoscored.com-ის ტოპ-5
ედენ აზარი ბელ. 10,0
კევინ დე ბრუინი ბელ. 8,8
გაბორ კირაი უნგ. 8,0
ტობი ალდერვეირელდი ბელ. 8,0
ტიბო კურტუა ბელ. 7,8

26 ივნისი. ტულუზი. "სტადიუმ მუნისიპალი"
უნგრეთი - ბელგია 0:4
გოლები: 0:1 ალდერვეირელდი (10. დე ბრუინი), 0:2 ბატშუაი (78. აზარი), 0:3 აზარი (79), 4:0 ფერეირა - კარასკო (90. ნაინგოლანი)
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - კადარი, გუზმიჩი, იუჰასი (80. ბოდე), ლანგი - ნადი, გერა (46. ელეკი) - ლოვრენჩიჩი, პინტერი (75. ნიკოლიჩი), ჯუჯაკი - სალაი
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მუნიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ნაინგოლანი, ვიტსელი - მერტენსი (70. ფერეირა-კარასკო), დე ბრუინი, აზარი (81. ფელაინი) - ლუკაკუ (76. ბატშუაი)
გაფრთხილება: კადარი, ლანგი, ელეკი, სალაი - ვერმალენი, ბატშუაი, ფელაინი
კარში დარტყმა: 7 (6)- 8 (14); კუთხური: 6-8; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 38 921

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული