ევრო 2016. GODEMOS, გიხაროდენ იტალიურად

AutoSharing Option
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ბრწყინვალედ ასპარეზობს და მეოთხედფინალურ ეტაპზეა გასული. მერვედფინალში ანტონიო კონტეს გუნდმა ესპანეთი დაამარცხა და თანაც, თამაშით აშკარად დაჯაბნა მეტოქე. არადა, იტალიის შანსებს არა მარტო ესპანელებთან პაექრობაში, ზოგადად, ჩემპიონატზე საფეხბურთო ექსპერტები და უბრალო გულშემატკივრები სკეპტიკურად აფასებდნენ.

ურთულესი გზა
ანტონიო კონტეს არ უმართლებს, თუმცა ის და მისი გუნდი ჯიქურ მიიწევენ წინ და განაგრძობენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრები მოხვდა სიკვდილის ჯგუფში და ზედ ევროპის ჩემპონატის წინ ორი საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა: მარკო ვერატი და კლაუდიო მარკიზიო.

ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდნენ
რიკარდო მონტოლივო და ლუკა ანტონელი, რომლებიც ასევე ხშირად თამაშობდნენ კონტეს "აძურაში" და შესარჩევი ეტაპის დაძლევაშიც დიდი წვლილი შეიტანეს. მოკლედ, კონტეს შემადგენლობა, პრაქტიკულად, გაუნახევრდა და იტალია, რომელიც ისედაც არ ითვლებოდა ტურნირის ფავორიტად, თითქოს კიდევ უფრო დასუსტდა და მისი შანსებიც კიდევ უფრო დაეცა.

სიკვდილის ჯგუფში იტალიამ პირველი ადგილი დაიკავა და თანაც ისე, რომ უეფას მიერ განთესილ და ფავოროტად შერაცხულ ბელგიას შანსი არ დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ პირველი ადგილი დაიკავა, მერვედფინალურ ეტაპზე ურთულესი მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი შეხვდა. ამასთან, იტალიას კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი დააკლდა ანტონიო კანდრევას სახით, რომელიც ბელგიასთან შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. კონტემ აქაც მონახა გამოსავალი და იტალიის ნაკრებმა ესპანეთი პირწმინდად დაჯაბნა.

თანაც, ეს ისე მოახერხა, რომ არც ანდრეა ბარძალიმ, არც ლეონარდო ბონუჩიმ და არც ჯორჯო კიელინიმ ყვითელი ბარათები არ მიიღეს - არადა, რომ მიეღოთ, მეოთხედფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევდათ, იქ კი "სკუადრა აძურას" გერმანია ელოდება და როგორც თვითონ ამბობენ, წინ კიდევ ერთი ფინალია.

გიხაროდეთ
ცნობილი ამბავია, რომ როდესაც ელიზაბეტ II და მარგარეტ ტეტჩერი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ორივეს ლურჯი, ერთნაირი სამოსი ეცვა, რამაც დიდი უხერხულობა წარმოქმნა და შეხვედრა ლამის ჩაიშალა. დაახლოებით ასე დაემართათ "გაძეტა დელო სპორტს" და "ტუტოსპორტს", რომლებმაც სამშაბათის ნომერი ერთნაირად დაასათაურეს: GODEMOS - ანუ, გიხაროდეთ. ერთი ეგაა, რომ "ტუტოსპორტმა" სიტყვა იტალიის ფერებში შეღება და ამით გამოირჩა "გაძეტასგან".

იტალიელები მეცხრე ცაზე არიან და ძალიან ამაყობენ იმით, რასაც მათი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აკეთებს. მოდით, გავეცნოთ ცნობილი იტალიური გამოცემების მთავარ მესიჯებს...

გაძეტა დელო სპორტი
"შეუჩერებელ იტალიასთან ესპანეთი დაიშალა. კიელინის და პელეს გოლებმა იტალია მეოთხედფინალში გაიყვანა. წინ კიდევ ერთი ფინალია, ამჯერად გერმანიასთან".
SIAMO TUTTI CON...TE - "ჩვენ, ყველანი შენთან ვართ".

ტუტოსპორტი
"შეუდარებელი იტალია და სრული დომინირება ესპანეთზე.
კიელინის და პელეს ლოგიკური გოლები, წინ კი გერმანიაა.
კონტე დაგვპირდა, რომ გააოცებდა ევროპას და ის ამას ახერხებს".

კორიერე დელო სპორტი
"ტიკიტალია
იტალიის ნაკრების დიდი გამარჯვება! ესპანეთი, რომელიც ბურთის ფლობის დედოფალია, სრულ კრახს განიცდის. ევროპის ჩემპიონი დამარცხებულია, წინ მსოფლიოს ჩემპიონია. კიელინიმ და პელემ მეოთხედფინალი გვაჩუქეს, ბუფონი კი, უბრალოდ, გიგანტია. ეს იყო ვენდეტა ფინალში წაგების გამო, წინ კი გიგანტების ჯახია. შიშის გარეშე"!

ლეგენდების მხარდაჭერა
"სკუადრა აძურას" თამაშით აღფრთოვანებულნი არიან იტალიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთთან გამარჯვებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ...

ანდრეა პირლო: "რა გუნდი! - ყოჩაღ, ბიჭებო. ეს იყო მძიმე გამოცდა და ამის შემდეგ ჩვენი შეჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია".

პაოლო მალდინი: "Siiiiiiiii ("არის") - ეს იტალია აასრულებს ჩვენს ოცნებას. წინ, იტალია!"

ალესანდრო დელ პიერო: "ფორცა იტალია! - დიდი გამარჯვება და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია".

მარკო მატერაცი: "ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავიხოცოთ იტალიისთვის (იტალიის ჰიმნის ტექსტი) - წინ, იტალია! - რაც უნდა მოხდეს, მე ვამაყობ შენით".

ალესანდრო ნესტა: "წინ, იტალია, ველით კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს".

ჯანლუკა ძამბროტა: "ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ყველაფერი შეგვიძლია. წინ, ბიჭებო!".

კომენტარები
იტალიაში შესანიშნავი საფეხბურთო განწყობაა, "სკუადრა აძურა" კი ქალაქ მონპელიეშია დაბანაკებული და უკვე გერმანიასთან მატჩისთვის ემზადება. მწვრთნელი და ფეხბურთელები მაქსიმალურად ერიდებიან ჟურნალისტებთან კონტაქტს, თუმცა პრესაში ჯორჯო კიელინის და ჯანლუიჯი ბუფონის კომენტარები მაინც გავრცელდა...

ჯორჯო კიელინი: "აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან გაგვიჭირდა ბოლო 15 წუთი, როდესაც მეტოქემ მაგრად შემოგვიტია, მაგრამ რევანში გვქონდა ასაღები და ეს თამაში უნდა მოგვეგო. თანაც, კარში თვით წმინდანი გვიდგას, რომელმაც გადაგვარჩინა და მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანა. წინ კიდევ ერთი ურთულესი მატჩია და თუ გვინდა, რომ ისიც მოვიგოთ, კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშოთ".

ჯანლუიჯი ბუფონი: "ყოველთვის მზადყოფნაში უნდა ვიყო, რომ საჭირო დროს გუნდი გადავარჩინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თანაგუნდელების შრომა წყალში ჩავყარო, ეს კი არაფრით არ შეიძლება. შესაძლოა, ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები, მაგრამ გვყავს გუნდი, რომელიც მოედანზე არაფერს დათმობს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით არიან და რომელთა იმედები უნდა გავამართლოთ. ბუფონი თუ ნოიერი? - რა თქმა უნდა, ნოიერი, რადგან ის გაცილებით ახალგაზრდაა და უმაღლესი კლასის მეკარეა. წინ ურთულესი მატჩია, რომელშიც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ქაღალდზე გერმანია უკეთესი გუნდია, მაგრამ გამარჯვებული მოედანზე გამოვლინდება".

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "გვინდოდა, რომ ევროპა გაგვეოცებინა და ჯერჯერობით, ეს გამოგვდის. ესპანელებს ბრწყინვალე სტილში მოვუგეთ და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავედით. შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც იცის, როგორ უნდა ათამაშოს გუნდი. ვამბობდი, რომ საფრანგეთში ტიტულისთვის მოვდიოდით და რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები. ჩვენი მომავალი მეტოქე გერმანიაა, რომლისაც ყველას ეშინია, მაგრამ ვფიქრობ, რომ იტალიაა ერთადერთი გუნდი, რომლისაც თვითონ გერმანელებს ეშინიათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუფონი თუ ნოიერი? რა თქმა უნდა ნოიერი! ამ შეკითხვაზე ასეთი პასუხის გაცემა მსოფლიოში ერთადერთ ადამიანს შეუძლია და ეს ბუფონია
შაკო
18:17 29-06-2016
0
ფორცა აძურიიიიიიიიიი!!!
შაკო
18:16 29-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული