* მარკ ვილმოტსის 11-ეულის საშუალო ასაკი 24 წელი და 242 დღე იყო. ეს ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობაა 1968 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული.
* ეშლი უილიამსს ბოლო 39 სანაკრებო მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.
* უელსის ნაკრები 1958 წლის შემდეგ პირველად თამაშობს დიდ ტურნირზე.
* უელსი ყველაზე პატარა ქვეყანაა (მოსახლეობით), რომელიც ევროპის ჩემპიონატებზე ნახევარფინალში გავიდა - უელსში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ეს გუნდი არასოდეს ნებდება, საჭიროა რაიმე განსაკუთრებული ჩვენ შესაჩერებლად
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
კრის კოულმენმა ფლანგებზე ორი და ცენტრში სამი მცველით ითამაშა. უელსის ნაკრები წინ რობსონ-კანუსა და გარეთ ბეილის იმედად იყო, რომელთაც აარონ რემზი ეხმარებოდათ. კოულმენის შემადგენლობის გამოცნობა იოლი იყო. აი, მარკ ვილმოტსს კი მოულოდნელი პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი - იან ვერტონგენმა სულ ბოლო ვარჯიშზე კოჭი ძლიერ დაიზიანა; ამას დავუმატოთ ვერმალენის დისკვალიფიკაცია... სასტარტოში დენაიერი და უმცროსი ლუკაკუ ვიხილეთ. ნაინგოლანისა და ვიტსელის დუეტის წინ ფერეირა-კარასკო, დე ბრუინი და აზარი მოქმედებდნენ, ერთადერთი ფორვარდი კი რომელუ ლუკაკუ იყო. ფელაინი კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, ისევე, როგორც მერტენსი და ბატშუაი.
გოლები
0:1 - მე-13 წუთზე ედენ აზარმა ბურთი რაჯა ნაინგოლანს დაუგორა, რომელმაც შორი მანძილიდან საფირმო დარტყმა შეასრულა და ჰენესის შანსი არ დაუტოვა. 1:1 - 31-ე წუთზე აარონ რემზიმ კუთხური მოაწოდა, თავით კი ეშლი უილიამსმა იყოჩაღა.
2:1 - 55-ე წუთზე რემზიმ რობსონ-კანუ საჯარიმოში მოძებნა, მაგრამ ფორვარდი კართან ზურგით იდგა, ამის შემდეგ კი ჰასმა ერთი მოძრაობით სასწაული ჩაიდინა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
3:1 - 86-ე "ბრიტანული" გოლი - განტერის ჩაწოდებას ახლო ძელთან თავით შეცვლაზე შესული ვოუკსი გამოეხმაურა.
მატჩის შემდეგ
კრის კოულმენი (უელსი): "ეს საოცარია. როცა ჯგუფიდან გავედით, ვიცოდით, რომ შანსი გვქონდა, მაგრამ ახლა მეტოქე ბელგია იყო, ტოპ-გუნდი. საოცრად ვითამაშეთ, ბელგიელებს სიურპრიზი მოვუწყვეთ. ძალიან ვწუხვარ აარონის გამო, ის ამ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. რემზი გულაცრუებულია. მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა, რაზე მიდიოდა, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია და ყველამ ასე იმოქმედა. რემბო და ბენი ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება ნახევარფინალში. მათ ყველაფერი გაიღეს, რაც მათმა ქვეყანამ დღეს მათგან მოინდომა. ჩვენ მათ გარეშე ნახევარფინალში ვერ გავაღწევდით, მაგრამ წესები წესებია. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვფიქრობთ ტურნირის მოგებაზე. პირველი მისია ჯგუფური ეტაპიდან გამოსვლა იყო, შემდეგ ჩრდილო ირლანდიის დამარცხება, მერე ბელგიაზე უკეთ თამაში, ახლა ჯერი პორტუგალიაზეა. გარწმუნებთ, უახლოეს დღეებში არც მე და არც ჩემი ფეხბურთელები არ ვიფიქრებთ ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე, ჩვენ ვიფიქრებთ პორტუგალიაზე".
მარკ ვილმოტსი (ბელგია): "ვფიქრობ, კარგად დავგეგმეთ მატჩი. 20-25 წუთი ვდომინირებდით და უცბად, 15 მეტრით უკან დავიხიეთ. შეიძლება არ გვსურდა უკან დიდი სივრცეების დატოვება. მე ჯადოქარი არა ვარ, ვერავინ შეცვლის ერთ წამში გამოცდილებას, ის უნდა გქონდეს. ჩვენ ისედაც არ გვყავდა კომპანი და ლომბერტსი და მერე ვარჯიშზე დავკარგეთ უჭკვიანესი ვერტონგენი. ბოლო სამი მატჩი გოლები არ გაგვიშვია, ახლა კი საოცარ შეცდომებს ვუშვებდით. შეიძლება, ეს ახალგაზრდებს შიშით მოუვიდათ, მაგრამ მაინც მე ვარ პასუხისმგებელი ამის გამო.
ფელაინი თამაშში ჩავრთე და 15-20 წუთი ისევ ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. შემდეგ მეორე გაგვიტანეს, მაგრამ მაინც იყო 2:2-ის შანსი. ჩვენ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ამდენი შეცდომით წინ ვერც ერთი ფავორიტი ვერ წავა".
მატჩის გმირი
გარეთ ბეილი - ეს ბიჭი, უბრალოდ, ფანტასტიკურია, მისი ეშინიათ. სწორედ დიდწილად მის გამო დაიხია უკან ბელგიამ 1:0-ზე, რათა უელსის ნაკრებს სივრცეები არ შექმნოდა. ამის მერე ბეილმა სხვანაირად თამაში დაიწყო - ის ხშირად გვევლინებოდა ასისტენტის როლში, რამდენიმე მწვავე პასი საკუთარი ნახევრიდან გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ბეილს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია, მისი თამაში მაინც უმაღლესი კლასის იყო, ყველასგან განსხვავებული. აქვე ვიტყვით, რომ უეფას ოფიციალურმა საიტმა ჰან რობსონ-კანუ დაასახელა.
მსაჯი
სლოვენიელმა დამირ სკომინამ 6 ყვითელი ბარათი დაარიგა, აქედან ორი საბედისწერო იყო ბენ დევისისა და აარონ რემზისთვის. ისინი პორტუგალიასთან თამაშს გამოტოვებენ. 2-3-ჯერ ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არც ერთი შემთხვევა არ იყო საეჭვო. ანალიზი
ბელგიის ნაკრებმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და დიდებული გოლიც გაიტანა. თითქოს, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფავორიტმა უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც. უელსელებმა პირველივე ტაიმში შეცვალეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, პირველი ტაიმის ბოლოს ბურთის ფლობაში კოულმენის ბიჭები სჯობდნენ ბელგიელებს. მეორე ტაიმში ბელგიელთა ერთადერთი უპირატესობა ფელაინის თავურები იყო, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ მოიტანა. უელსის ნაკრების ფეხბურთელებს მეტი მონდომება და შემართება ეტყობოდათ, რაც ასეთ სიტუაციაში არასოდეს არის უკანასკნელი არგუმენტი.
დასკვნა
მოხდა ისე, რომ უელსის ნაკრები, რომელსაც არავინ განიხილავდა ტურნირის ფავორიტებში და სათვალავში მხოლოდ ბეილისა და რემზის გამო აგდებდნენ, საბოლოო ჯამში, საკმაოდ იოლად გაუმკლავდა ბელგიის ნაკრებს. ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი გამოემშვიდობა. whoscored.com-ის ტოპ-5
გარეთ ბეილი უელ. 8,6აარონ რემზი უელ. 8,2
ეშლი უილიამსი უელ. 7,8
ნილ ტეილორი უელ. 7,8
ჰალ რობსონ-კანუ უელ. 7,7
1-ლი ივლისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"
უელსი-ბელგია 3:1
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (13. აზარი), 1:1 ე. უილიამსი (31. რემზი), 2:1 რობსონ-კანუ (55. რემზი), 3:1 ვოუკსი (86. განტერი)
უელსი (3-5-2): ჰენესი - ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - განტერი, ალენი, ლედლი (78. კინგი), რემზი (90. კოლინზი), ტეილორი - რობსონ-კანუ (80. ვოუკსი), ბეილი
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, დენაიერი, ჯ. ლუკაკუ (75. მერტენსი) - ნაინგოლანი, ვიტსელი - ფერეირა-კარასკო (46. ფელაინი), დე ბრუინი, აზარი - რ. ლუკაკუ (83. ბატშუაი)
გაფრთხილება: დევისი, ჩესტერი, განტერი, რემზი - ფელაინი, ალდერვეირელდი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-14 (7-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 45 936
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"