ევრო 2016. 1/2-ფინალი. პორტუგალია-უელსის წინ: სუპერვარსკვლავი VS სუპერვარსკვლავი

AutoSharing Option
* პორტუგალიის ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ბოლო 5 ჩემპიონატში მეოთხედ გავა ნახევარფინალში (მეშვიდედ ყველა დიდ ტურნირზე), მაშინ, როცა უელსის ნაკრები ამ ეტაპის დებიუტანტია.
* პორტუგალიის ნაკრების ბოლო 6 თამაში ევროპის ჩემპიონატზე ფრედ დასრულდა ძირითად დროში - 5 ამ პირველობაზე და ერთიც ესპანეთთან ევრო 2012-ის ნახევარფინალში.
* ლიონში პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3:3 ითამაშა უნგრეთთან. რონალდომ დუბლი შეასრულა.
* უელსის ნაკრებს ან უელსურ კლუბს არასოდეს უთამაშია ლიონში.
* გუნდების ლიდერები, კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი კლუბში (რეალი) თანაგუნდელები არიან.

გარეთ ბეილი და
კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ორი ყველაზე ძვირად ნაყიდი ფეხბურთელია - ერთად ლამის ორასი მილიონი ევროა გადახდილი. ამიტომ, მიუხედავად ბეილის მტკიცებისა, ეს დაპირისპირება სულაც არ არის ბეილი-რონალდოს დუელიო, სწორედ ამ ორი ვარსკვლავის თამაშს ექნება გადამწყვეტი როლი დღევანდელ ნახევარფინალში.

პორტუგალიის ნაკრები ერთადერთი გუნდია ევრო 2016-ზე შემორჩენილთაგან, რომელსაც ჯერ არ მოუგია თამაში 90 წუთში. ასე რომ, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას პირველი გამარჯვების შანსი მიეცა, რადგან გარეთ ბეილის უელსთან ფავორიტად ითვლება.

ურთიერთშეხვედრები
(3 თამაში: +2=0-1, 7:4)
ამ ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია მწირია. ისინი ერთმანეთს სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ. პორტუგალიამ ორჯერ იმარჯვა, ერთხელ კი - უელსმა. სამივე თამაში ამხანაგური იყო და აქედან ორი ძალიან დიდი ხნის წინათ გაიმართა. 1949 წელს პორტუგალიამ 3:2 დაამარცხა უელსი, ორი წლის მერე კი კარდიფში 1:2 დამარცხდა.

თითქმის ნახევარი საუკუნის მერე, 2000 წელს შავეშში პორტუგალიამ 3:0 გაანადგურა უელსი და მას მერე 16 წელიწადია, ეს გუნდები ერთმანეთს არსად გადაყრიან. მოკლედ, ლიონში მათი პირველი ოფიციალური დაპირისპირებაა და თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ისტორია ახლიდან იწერება.

გზა მეოთხედფინალისკენ
პორტუგალიელებმა ისლანდიასთან მოულოდნელი 1:1-ით (ნანი) დაიწყეს. ისინი შემდეგ ავსტრიას დაუზავდნენ - 0:0. ჯგუფის ბოლო მატჩში პორტუგალია უნგრეთს 3:3 ეთამაშა (რონალდო 2, ნანი).

მერვედფინალში ხორვატიასთან მატჩის ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა, მაგრამ საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდა - რიკარდო კვარეჟმამ 117-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი. მერვედფინალში კი ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა - პოლონელთა ფორვარდმა ლევანდოვსკიმ დააწინაურა თავისიანები, მაგრამ პორტუგალიის ნაკრების სენსაციამ, რენატო სანჩესმა გაათანაბრა და საქმე სერიამდე მივიდა, სადაც პორტუგალიელებმა პირნათლად შეასრულეს პენალტები და 5:3 იმარჯვეს.

უელსის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სლოვაკეთის დამარცხებით დაიწყო - 2:1 (ბეილი, რობსონ-კანუ). ამას მოჰყვა მარცხი ინგლისთან - 1:2 (ბეილი). ბოლო შეხვედრაში ვალიელებმა რუსები მოსრეს - 3:0 (რემზი, ტეილორი, ბეილი) და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მერვედფინალში უელსის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას - 1:0 (მაკოლის ავტოგოლით). მეოთხედფინალში უელსის ნაკრები აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მაგრამ კოულმენის ბიჭებმა ნაინგოლანის ბრწყინვალე გოლს სამით უპასუხეს - ეშლი უილიამსმა, რობსონ-კანუმ და ვოუკსმა შეაგდეს.

მატჩის წინ
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "ჩვენ თავად ვწერთ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიას. რა თქმა უნდა, ისტორია და გამოცდილება ბევრს ნიშნავს და ხშირად გეხმარება კიდეც, მაგრამ ახლა ახალი თავი უნდა დავწეროთ. მეტოქე ძალიან ძლიერია, ამიტომ ურთულესი დაპირისპირება გველის, მაგრამ გამარჯვების რესურსი ნამდვილად გვაქვს. არ მგონია, რომ მატჩის ბედს ბეილისა და კრიშტიანოს დაპირისპირება გადაწყვეტს.

ახლა ნახევარფინალის ოთხივე ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ერთი მიზანი აქვს - ფინალში გასვლა. უელსის ნაკრებში ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. მე ბევრი რამ ვისწავლე ჯიმი ჰაგანისგან, რომლისგანაც კარგი ბრიტანული სკოლა გავიარე "ბენფიკაში". ბრიტანული სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი კი უელსის ახლანდელი გუნდია. არ დაგვავიწყდეს, რომ უელსმა 3:1 დაამარცხა ევროპაში ნომერ პირველი გუნდი რეიტინგით - ბელგია!

კრის კოულმენს დიდ პატივს ვცემ, მე მასთან ერთი-ორჯერ მისაუბრია კიდეც, საბერძნეთში ყოფნისას. კარგად მესმის, რატომ ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში ჩვენ ვართ ფავორიტები. დარწმუნებული ვარ, თავის ბიჭებს იმავეს არ ეუბნება".

კრის კოულმენი (უელსი): "ბიჭებს ერთმანეთის სჯერათ და მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიისთვის ნახევარფინალში თამაში ჩვეული რამ არის, ჩვენ კი პირველად ვართ ამ ეტაპზე, ბიჭებს არ ადარდებთ წყვილში აუტსაიდერობა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე არც კი მიფიქრია ნახევარფინალზე.

მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან გასვლას ვგეგმავდი, რისი იმედიც ნამდვილად მქონდა. როცა გუნდი იგებს, ყოველთვის კარგი სიტუაციაა, მაგრამ ჩვენი გუნდური სული უელსის ნაკრებისთვის შავ დღეებშია დაბადებული და ბევრი გასაჭირი გამოიარა. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელიც რომ იყო, თუ ფეხბურთელები ხელს არ გიწყობენ, ვერაფერს მოიგებ. ამ მხრივ, გამიმართლა".

ჩვენი აზრით
კრის კოულმენმა მეოთხედფინალში დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია და ბელგიის ნაკრებში მის ვიზავის პირწმინდად მოუგო დუელი. ახლა მისი ამოცანა კიდევ უფრო რთულია, რადგან გუნდი ისეთ ეტაპზე თამაშობს, სადაც გამოცდილება კიდევ უფრო მეტად ფასობს, უელსს კი ასეთი გამოცდილება საერთოდ არ აქვს, რასაც ნაკრების ორი მთავარი ვარსკვლავიდან ერთ-ერთის, აარონ რემზის დისკვალიფიკაცია ემატება. "რემბოს" ჯონათან უილიამსი შეცვლის, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს თანაბარძალოვანი ცვლილება არ არის. პლუს ამას, დისკვალიფიცირებულია მცველი ბენ დევისი, რომელიც კოლინზმა უნდა ჩაანაცვლოს.

პორტუგალიის ნაკრებს არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ვილიამ კარვალიო, მაგრამ ჩვენი აზრით, გაცილებით დიდი დანაკლისი იქნება, თუ პეპე მართლა ვერ შეძლებს გამოჯანმრთელებას, რადგან რიკარდო კარვალიოს კლასი კი ძველებურად შერჩა, მაგრამ სიჩაუქე ვეღარ მოსდევს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ რას შემოგვთავაზებენ გუნდების ლიდერები. თუ გარეთ ბეილი ყოველ თამაშში საუკეთესო იყო თავის გუნდში, კრიშტიანო რონალდო სტაბილურობით ვერ გამოირჩევა.

whoscored.com-ის 3-3 საუკეთესო
პორტუგალია
32. პეპე პორ. 7,35
40. სედრიკ სოარეში პორ. 7,30
42. ჟოზე ფონტე პორ. 7,27

უელსი
1. გარეთ ბეილი უელ. 8,41
10. აარონ რემზი უელ. 7,70
21. ჯეიმს ჩესტერი უელ. 7,45

რეკორდები, რომელთა დამყარებაც რონალდოს შეუძლია
* დიდი ალბათობით, ის გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელიც მესამე ნახევარფინალს ითამაშებს ევროპის ჩემპიონატებზე.

* რონალდოს შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი 1964 წლის მერე, ვინც ორ ნახევარფინალში შეძლებს გატანას.

* თუ რონალდო გოლს გაიტანს, ის მე-9 იქნება მისთვის ევროპის ჩემპიონატებზე და ამ მხრივ რეკორდსმენ მიშელ პლატინის დაეწევა.

6 ივლისი. ლიონი. "პარკ ოლიმპიკი"
პორტუგალია-უელსი 23:00
დისკვალიფიკაცია: ვ. კარვალიო - დევისი, რემზი
ტრავმა: პეპე (?) -
პორტუგალია (სავარაუდო): რუი პატრისიო - სედრიკი, ფონტე, რ. კარვალიო, გერეირო - დანილო, მარიო, ა. სილვა, რ. სანჩესი - ნანი, რონალდო
უელსი (სავარაუდო): ჰენესი - ჩესტერი, ე. უილიამსი, კოლინზი - განტერი, ალენი, ლედლი, ჯ. უილიამსი, ტეილორი - ბეილი, რობსონ-კანუ
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამათ იმაში მაინც გოუმართლათ, რომ მესი ევროპელი არაა
ჯეკო
21:36 06-07-2016
0
ნახევარფინალში არაა უკვე?
dolari
16:44 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული