ევრო 2016. ვარსკვლავი: ფინალში გავიდა პორტუგალია და არა კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
ლიონში, ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა უელსი და ფინალში გავიდა.

ამ შეხვედრის გმირად კრიშტიანო რონალდო მოგვევლინა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ახლა "რეალის" სუპერვარსკვლავს სამი გოლი აქვს ჩემპიონატზე და ბომბარდირობის შანსს ინარჩუნებს.

რეკორდები
მატჩის 50-ე წუთზე მან თავურით გაიტანა და ეს კრიშტიანო რონალდოს მე-9 გოლი გამოდგა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. აქამდე ევროპირველობების ერთპიროვნული ბომბარდირი უეფას ყოფილი პრეზიდენტი, ფრანგი მიშელ პლატინი იყო 9 გოლით.

ახლა მას კრიშტიანო გაუთანაბრდა, მაგრამ თუ ფრანგმა ყველა გოლი ერთ ტურნირზე გაიტანა, რონალდომ
9 გოლი ოთხ ტურნირზე "გადაანაწილა". თუ კრიშტიანო ფინალშიც გაიტანს, მადეირელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის ჩემპიონატის სამ ნახევარფინალში ითამაშა.

ამასთან, კრიშტიანომ გაიმეორა ვიკტორ პონედელნიკის, ვალენტინ ივანოვისა და დრაგან ჯაიჩის მიღწევა და ევროპის ჩემპიონატებზე ორ ნახევარფინალში გაიტანა.

* * *
ახლა კი თავად ნახევარფინალის გმირს მოვუსმინოთ:

რა უთხრა ბეილს მატჩის შემდეგ
"მე და გარეთმა მშვიდად ვისაუბრეთ. მივულოცე მას ევრო 2016-ზე დიდებული თამაში. უელსმა მთელი მსოფლიო გააკვირვა - ყოჩაღ მათ! და სწორედ გარეთ ბეილი ლიდერობდა ამ გუნდს და მიჰყავდა ის დიდ გამარჯვებებამდე. ამის მეტს ჩვენს საუბარზე არ ვიტყვი, ტყუილად შემეკითხებით".

ფინალზე
"ტურნირის პირველივე დღიდან გვჯეროდა, რომ ჩემპიონატის ფინალში გავიდოდით. მადლობელი ვარ ნაკრების, ნაკრების ყველა თანამშრომლის. ყოველთვის ვოცნებობდი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად დიდი ტურნირის მოგებაზე. შენი ქვეყნის ღირსების დაცვას სულ სხვა ემოციები მოაქვს. დიახ, ვოცნებობ ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე.

ბევრი არ ელოდა პორტუგალიის ნაკრებს ფინალში... ამიტომ უფრო ფასეულია ჩვენი წარმატება. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს სურს, ოცნება აიხდინოს. ყველას გვინდა, მოვიგოთ ევრო. ჩემთვის ეს სულაც იდეალური სიუჟეტი იქნება - ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ევროპის ჩემპიონობა!"

პორტუგალიის ნაკრებზე
"ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს, დიახ, გუნდი. უბრალოდ, ვეხმარები ამ გუნდს, რომ უკეთ ითამაშოს, მეტი არაფერი. როცა ვუტევ ან ჩვენი კარის უსაფრთხოებას ვიცავ, ვიბრძვი ჩემი თანაგუნდელებისთვის, ფანებისთვის. პორტუგალია მხოლოდ რონალდოს გუნდი არ არის, სხვებსაც გააქვთ აქ გოლები. დღეს, უბრალოდ, ჩემი დღე იყო".

9 გოლზე
"მსიამოვნებს, რომ პლატინის დავეწიე ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი ბურთების რაოდენობით. კვლავ ვაგრძელებ რეკორდების დამყარებას. ეს დიდებულია... მაგრამ გუნდი უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია თითოეული ჩვენგანის სიხარული. ფინალში გავიდა პორტუგალია და არა კრიშტიანო რონალდო".

ევრო 2004-ის ფინალზე
"საბერძნეთთან ფინალური მატჩის დროს 18 წლის ვიყავი, ბიჭუნა. ახლა მე გამოცდილი, ფეხბურთში ბევრის მიმღწევი მამაკაცი ვარ. მე საკუთარ თავსა და ნაკრებში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ ყველამ ერთად - ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, ნაკრების სხვა თანამშრომლებმა და, რა თქმა უნდა, ფანებმა".

კრის კოულმენი რონალდოზე
"დღეს პორტუგალიის ნაკრებს 7 ნომერი ჰყავდა, რომელიც კარგად ურტყამდა კარში. არ მახსოვს მისი გვარი... სერიოზულად კი, რონალდო საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ ეს თქვენ ჩემგან არ გაგიგიათ. ვიცოდით, რამდენად სახიფათოა რონალდო "მეორე სართულზე", ერთი-ერთზე თამაშში, მაგრამ მაინც ვერ შევძელით მისი შეჩერება. დიდი ფეხბურთელების გაჩერება ყოველთვის ძნელია".

გარეთ ბეილი რონალდოზე
"რონალდო ნამდვილი ბომბარდირია და მან ისევ გაიტანა".

გარი ლინეკერი რონალდოზე
"ვინც რა უნდა თქვას კრიშტიანოზე, ის, უბრალოდ, დიდი ფეხბურთელია. არასოდეს მინახავს, ვინმეს შეეძლოს ასე მაღლა ახტომა და ჰაერში ამდენი ხანი გაჩერება, როგორც ეს რონალდოს გამოსდის. რა საოცარი ათლეტია".

რონალდოს სტატისტიკა უელსთან მატჩში
კარისკენ დარტყმა: 9
კარში დარტყმა: 2
გოლი: 1
საგოლე პასი: 1
პასი: 29
ზუსტი: 23
მნიშვნელოვანი პასი: 1
დრიბლინგი (მცდელობა): 1 (2)
საჰაერო ორთაბრძოლა: 3
ორთაბრძოლა: 1
whoscored.com-ის შეფასება: 8,0 ბალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რონალდო რომ დიდი ფეხბურთელია ამას არავინ უარყოფს მაგრამმმმ.... მაგრამ არც პორტუგალია და არც საფრანგეთი არ იმსახურებს ფინალში თამაშს და მითუმეტეს ევროპის ჩემპიონობას! პორტუგალია:ნახევარფინალამდე ისე მივიდა თამაში არ მოუგია))ნუ უელსი დამსახურებულად დაამარცხა რონალდოს კლასის ხარჯზე...... საფრანგეთი:ნახევარფინალამდე სერიოზული მეტოქე არ ჰყოლია, გერმანიის წინააღმდეგ დაცვაში ჩაჯდა და მსაჯის დახმარებით მოუგო გერმანიას რომელმაც თამაშით აშკარად დაჩაგრა ფრანგები... უკვე გასაგებია რომ საფრანგეთი მოიგებს ამ ტურნირს რადგან ყველანაირად ხელი შეუწყვეს რომ გაეჩემპიონებინათ! მე არასდროს არ ვგულშემატკივრობდი პორტუგალიას მაგრამ ხვალ კი მათ მხარეზე ვარ))
0
რამდენი მტერი ყოლია რონალდოს საქართველოში :D ბოღმა სასტაავვ რატო ხართ გაჩუმებულები
gaocebuli
12:44 09-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული