ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
* ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 10 ივლისს ერთმანეთს პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
* საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიას დიდ ტურნირებზე 1958 წლის მერე პირველად მოუგო.
* გერმანელებმა პირველი გოლი თამაშიდან ევრო 2016-ზე გუშინდელი მატჩის 72-ე წუთზე გაუშვეს (გრიზმანი).
* ანტუან გრიზმანი 6 გოლით ევრო 2016-ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.
* გრიზმანმა ერთ ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და ერთი თამაში რეზერვში აქვს. მასზე მეტი ერთ ჩემპიონატში მხოლოდ მიშელ პლატინიმ გაიტანა (9).
* გერმანიის ნაკრებმა პირველ ტაიმში უფრო მეტი პასი გააკეთა, ვიდრე საფრანგეთმა თამაშში.
* თუკი საფრანგეთის ნაკრები ფინალს მოიგებს, 1984 წლის მერე გახდება პირველი ნაკრები, რომელიც შინაურ კედლებში გაიმარჯვებს.

ევრო 2016-ის ფინალში ერთმანეთის პირისპირ საფრანგეთი და პორტუგალია წარდგებიან. დიდიე დეშამის გუნდმა ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო. საფრანგეთს სანუკვარ მიზნამდე ერთი ნაბიჯი აკლია.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
საფრანგეთთან მატჩს გერმანიის ნაკრები სერიოზული დანაკლისით შეხვდა. იოახიმ ლიოვს მატს ჰუმელსის, სამი ხედირას და მარიო გომესის გარეშე მოუწია ფონს გასვლა. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით მწვრთნელმა იტალიასთან აპრობირებულ 3-მცველიან ტაქტიკაზე უარი თქვა და საფრანგეთს იქამდე ნაცადი 4-2-3-1 ტაქტიკა დაუპირისპირა. გომესის არყოფნაში ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი თომას მიულერი იყო და არა მარიო გიოტცე, მის უკან კი დრაქსლერი, იოზილი და კროოსი მოქმედებდნენ. საყრდენ ხაზში ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად ემრე ჯანი ვიხილეთ, რომელიც სამი ხედირას ცვლიდა, დაცვაში კი ჰუმელსის ადგილი ჰიოვედესმა დაიკავა.

საფრანგეთის ნაკრებმაც 4-2-3-1 სქემით ითამაშა. შეტევის წინა ხაზზე ოლივიე ჟირუ მოქმედებდა, მის უკან კი - სისოკო, პაიე და გრიზმანი. ეს უკანასკნელი უფრო ახლოს იყო ცენტრფორვარდთან და პერიოდულად, თავდამსხმელთა ტანდემს ქმნიდა - მაშინ, როდესაც იგივე სისოკო უფრო ნახევარდაცვის დახმარებით იყო დაკავებული და შესაბამისად, ჩაშლაზე ორიენტირებული. ამ ტაქტიკამ თადარიგში დატოვა კანტე, რომელიც წინა შეხვედრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა "ლესტერის" საყრდენი მეორე ტაიმში მაინც ვიხილეთ მოედანზე.

გოლები
0:1 - პირველი ტაიმი სრულდებოდა, როდესაც ფრანგებმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, ევრას თავური დარტყმის შემდეგ კი ბურთი შვაინშტაიგერს ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი ზუსტად ანტუან გრიზმანმა შეასრულა.

0:2 - მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც პოლ პოგბამ მარცხენა ფრთაზე მუსტაფი გააბითურა, მის ჩაწოდებას კი მანუელ ნოიერის შეცდომა და გრიზმანის დუბლი მოჰყვა. გერმანელთა მეკარე არადამაჯერებლად გამოვიდა კარიდან, ბურთი უხეიროდ მოიგერია და გრიზმანს დაუგდო, რომელმაც პრაქტიკულად, დაუცველი კარი დალაშქრა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ეს არის დიდი სიხარული, დიდი ემოცია და დიდი სიამაყე. დავამარცხეთ ძალიან ძლიერი გუნდი და გავედით ფინალში. პირველ ნახევარში უფრო გაგვიჭირდა, მეორეში კი ვაკონტროლებდით თამაშს. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, ფინალში კი ნამდვილი საგიჟეთი იქნება. მე მჯეროდა იმ ფეხბურთელების, ვისაც დავეყრდენი და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას".

მატჩის გმირი
მატჩის გმირი უდავოდ ანტუან გრიზმანია, რომელმაც დუბლი შეასრულა და უბრალოდ, გააწამა გერმანელი მცველები. საფრანგეთის ნაკრების შემტევმა ნამდვილი ბენეფისი მოიწყო და თავისუფლად შეეძლო, რომ მინიმუმ, ჰეთ თრიკი შეესრულებინა. განსაკუთრებით, მეორე ნახევარში, როდესაც გერმანიამ დაცვაში ზონები მოაშიშვლა, გრიზმანმა ბოლომდე გაინავარდა და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დიდიე დეშამმა გრიზმანი შეცვალა და, რა გასაკვირია, რომ გულშემატკივრებმა მას ოვაცია მოუწყვეს.

მსაჯი
მატჩის ერთ-ერთი მთავარი პერსონა არბიტრი ნიკოლა რიცოლი გახლდათ, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს გერმანელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. შვაინშტაიგერს ბურთი მოხვდა ხელზე და სუფთა საფეხბურთო წესებით, მსაჯს უნდა დაენიშნა პენალტი, თუმცა ასეთ დარღვევებზე ხშირად არბიტრები თვალს ხუჭავენ.

იქნება საუბრები იმაზე, რომ რიცოლი იტალიელია და მან შური იძია "სკუადრა აძურას" გამოვარდნაზე; იქნება საუბარი იმაზე, რომ მსაჯი მასპინძელს დაეხმარა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რიცოლის ჰქონდა პენალტის დანიშვნის საბაბი.

ანალიზი
პირველი ტაიმი გერმანელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და გოლი, რომელიც ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა, ამოვარდნილი იყო თამაშის საერთო სურათიდან. ფრანგებმა თითქოს არაფრისგან მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება და გამოიყენეს კიდეც ეს შანსი.

მეორე ტაიმში ფრანგები გააქტიურდნენ და მეტოქის ნახევარს გაუშინაურდნენ, მათ მეორე გოლს კი ალოგიკურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ - ფრანგების იერიშები, ხშირ შემთხვევაში კი კონტრიერიშები იყო სწრაფი, აზრიანი და შესაბამისად, მწვავე.

მას შემდეგ, რაც მასპინძლები ორი ბურთით დაწინაურდნენ და კიდევ უფრო დაიხიეს უკან, გერმანელებმა შექმნეს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ ხან უგო ლორისი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ხან ლიოვის შეგირდები სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში. ერთხელ ლორისმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც 4-5 მეტრიდან თავურ დარტყმაზე მოახდინა რეაგირება და მოიგერია ბურთი. თქმა არ სჭირდება, რომ ლორისმა თავისი და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ფრანგების დამაჯერებელ გამარჯვებაში.

გერმანიის ნაკრებმა ბურთი გაუგორა საფრანგეთს, მაგრამ ამ გორებით ვერაფერს გახდა. როგორც ამ კონკრეტულ შეხვედრაში, ისე ზოგადად, ტურნირზე, გერმანელებმა სწორედ ბურთის ტოტალურ კონტროლზე გააკეთეს აქცენტი და ამით თითქოს ესპანური მოდელი გადაიღეს. არადა, დაიკარგა ის ტემპი და სიმძლავრე, რომელიც ლიოვის გუნდს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა.

გერმანია წააგავდა ესპანეთს და ეს მაშინ, როდესაც თვითონ ესპანეთი ცდილობს იპოვოს რაღაც ახალი, რადგან ტიკი-ტაკამ თავისი მოჭამა. იოახიმ ლიოვმა უნდა გამოიტანოს დასკვნები ამ მარცხისგან, რადგან ის რჩება პოსტზე და გაუძღვება გუნდს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისკენ.

საფრანგეთი არ არის იმ ტიპის გუნდი, რომ ნახევარდაცვა განგებ დაეთმო და თამაში კონტრშეტევაზე აეგო. საფრანგეთს ცენტრი დაათმობინეს, მაგრამ დეშამს აღმოაჩნდა სხვა იარაღიც - ეს სწრაფი კონტრშეტევები და ანტუან გრიზმანი გახლდათ...

დასკვნა
იოახიმ ლიოვმა ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს, რადგან მას დიდი ინფორმაცია აქვს განსჯისთვის, საფრანგეთს კი დიდ ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი აკლია. საფრანგეთი ფინალში ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთში რომ ფავორიტობა პირობითი ცნებაა, ამ ევრომაც ნათლად დაგვანახა...

whoscored.com-ის ტოპ-5
ანტუან გრიზმანი საფ. 9,8
უგო ლორისი საფ. 8,1
ტონი კროოსი გერ. 8,0
პოლ პოგბა საფ. 7,6
ლორან კოსიელნი საფ. 7,6

7 ივლისი. მარსელი. "სტად ველოდრომი"
გერმანია-საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (45-პენ.), 0:2 გრიზმანი (72)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი (61. მუსტაფი), ჰიოვედესი, ჰეკტორი - ჯანი (67. გიოტცე), შვაინშტაიგერი (79. სანე) - იოზილი, კროოსი, დრაქსლერი - მიულერი
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სანია, კოსიელნი, უმტიტი, ევრა - პოგბა, მატუიდი - სისოკო, გრიზმანი (90. კაბაი), პაიე (71. კანტე) - ჟირუ (78. ჟინიაკი)
გაფრთხილება: ჯანი, შვაინშტაიგერი, იოზილი, დრაქსლერი - ევრა, კანტე
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-11 (6-7); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 64 078

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დანკე დოიჩლანდ :)
0
რიცოლის დანახვაზე მეც ანალოგიური გავიფიქრე და გააკეთა კიდეც გასაკეთებელი მაგ მსაჯმა. რამდენიმე ეპიზოდში ჯარიმა არ დანიშნა, მეორე გოლზეც ჯარიმა იყო აშკარად ხელი შეუშალა ნიერს გამოსვლაში ჟირუმ. კაროჩე რიცოლიმ გაიყვანა საფრანგეთი და არა გრიზმანი და აფრიკის ნაკრები რა.
DAVID
15:06 08-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული