ევრო 2016-ის ამბები: "მამლები" პირველ გვერდზე

AutoSharing Option
ფრანგები მამლებად გამოიყვანე
ავტორიტეტულმა პორტუგალიურმა გამოცემა "ო ჟოგომ" გამოცემის პირველ გვერდზე ფინალისტ საფრანგეთის სავარაუდო შემადგენლობა მეტად ორიგინალური ხერხით გამოაქვეყნა: მთავარ გვერდზე გამოხატულია პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო და მისი 11 მეტოქე, ოღონდ, გვარების გასწვრივ ფოტოების ნაცვლად მამლებია.

ჯერჯერობით, უცნობია, რა რეაქცია მოყვა ამას ფრანგების მხრიდან.

კრიშტიანოს მიწვევით
ევრო 2016-ის ფინალურ მატჩზე კრიშტიანო რონალდომ იტალიელი ფეხბურთელის, სტეფანო ბორგონოვოს ქვრივი შანტალი მიიწვია, - წერს "რეალ მადრიდ ინფო". ბორგონოვო 2013 წელს გარდაიცვალა ამიოტროფული სკლეროზით, ბოლოს ის მთლიანად პარალიზებული იყო. "სტეფანო ბრწყინვალე ფეხბურთელი და კარგი მებრძოლი
იყო მოედანზე, მას ფეხბურთი სიცოცხლესავით უყვარდა. მის შესახებ ბევრს მიყვებოდა კარლო ანჩელოტი, რომელიც ახლოს იყო ბორგონოვოს ოჯახთან", - განაცხადა რონალდომ.

ჰარტი აღარ შეცდება
"სტოკ სიტის" გოლკიპერმა ჯეკ ბატლენდმა განაცხადა, რომ ჯო ჰარტმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა ევრო 2016-ზე, მაგრამ ეს აღარ გამეორდება: "დიახ, ჰარტმა ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომლებიც აღარ გამეორდება. ის ჯერ კიდევ მაგალითია ჩემთვის, მსურს მასავით საიმედო მეკარე ვიყო. დარწმუნებული ვარ მის მებრძოლ სულში და მომავალშიც ის იქნება ტოპგოლკიპერი, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში მეც მოვხვდები", - განაცხადა ბატლენდმა, რომელიც ევრო 2016-ზე ჯო ჰარტის შემცვლელი იყო.

18 წლისააო...
პორტუგალიური "დიარიო დე ნოტისიასის" მიხედვით, სამშობიარომ, სადაც რენატო სანჩესი დაიბადა. "ოსპიტალ ამადორა სინტრამ" დაადასტურა, რომ სანჩესი 1997 წლის 18 აგვისტოს დაიბადა და შესაბამისი ცნობაც გამოაქვეყნა. ეჭვი კი იმან გამოიწვია, რომ მშობლების გაშორების გამო, სანჩესის დაბადების წელი პირველად მაშინ დაარეგისტრირეს, როცა რენატო უკვე 5 წლის იყო. ფეხბურთელის მამა რენატოს დაბადებიდან 5 თვის მერე ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში და მხოლოდ ხუთი წლის მერე დაბრუნდა პორტუგალიაში. შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა გი რუმ განაცხადა, რომ რენატო სანჩესი 18 წლის კი არა, 24-25 წლის იქნებაო, რის გამოც ვეტერან ფრანგ მწვრთნელს პორტუგალიელი ფეხბურთელი სასამართლოში უჩივის.

შილტონი: ლორისი საუკეთესოა
ლეგენდარული ინგლისელი გოლკიპერის, პიტერ შილტონის აზრით, ევრო 2016-ის საუკეთესო მეკარე ფრანგთა მეკარე უგო ლორისია, რომელიც "ტოტენჰემში" თამაშობს. "ლორისმა დიდი წვლილი შეიტანა ფრანგების წარმატებაში ამ ევროზე. ჩემი აზრით, უგო ტურნირის საუკეთესო გოლკიპერია", - განაცხადა შილტონმა.

ცრუ განგაში საეჭვო ჩანთის გამო
"გეტ ფუტბოლ ნიუს ფრანსის" ცნობით, საფრანგეთის ნაკრების სასტუმროსთან საეჭვო ჩანთა შეამჩნიეს. ჩანთაში აღმოჩნდა ტანსაცმელი. ჩანთა, როგორც ჩანს, ერთ-ერთ გულშემატკივარს შემთხვევით დარჩა. თუმცა პოლიციამ დაზღვევის მიზნით, ჩანთის საკონტროლო აფეთქება განახორციელა. ეს ევრო 2016-ის ფინალური მატჩის წინ ხდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქროს გული რომ ჰქონდა რონალდოს კი ვიცოდო მაგრამ თუ ამისთანა ბაჯაღლო ედო მკერდში ვერ წარმომედგინა.
ნოდარ დუმბაძე
13:35 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული