ახალი ტალღა - მწვრთნელები, ვისიც გვეიმედება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ხიზანიშვილი სამწვრთნელო საქმეს შეეჭიდა და ერთბაშად ორი გამოწვევა მიიღო. ის უკვე მუშაობდა ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში, როცა თბილისის "ლოკომოტივის" შეთავაზებაზე დათანხმდა და საქმესაც შეუდგა...

ვერაფერს იტყვი, ძალიან კარგია - თუ არა ახალგაზრდა სპეციალისტების წინა პლანზე წამოწევა, სხვა ბევრი არაფერი დარჩენია ქართულ ფეხბურთს. საერთოდ, ტენდენცია სწორედ აქეთკენ მიდის...

მოდით, გადავავლოთ თვალი იმ ახალგაზრდა მწვრთნელებს, რომლებიც ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში საქმიანობენ...

ეროვნული ლიგა
კახა ჩხეტიანი
ის ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობს. ევროპულ ასპარეზზე "ტორპედომ" ორმატჩიანი დუელი უშანსოდ
დათმო სლოვაკურ "ტრენჩინთან", მაგრამ საქართველოს პირველობაზე ჯერ ყველაფერი რიგზეა. სწორედ კახა ჩხეტიანის "ტორპედოა" თბილისის "დინამოს" უპირველესი კონკურენტი შინაურ საჩემპიონო მარულაში.

ევროასპარეზზე მან პირველად დამოძღვრა გუნდი და, ალბათ, მისი საერთაშორისო გამოსვლა მთელი სიმკაცრით მომავალი სეზონიდან უნდა შეფასდეს, როცა იქ გარკვეული გამოცდილებით წარდგება...

გია ცეცაძე
"სამტრედიამ" ძალიან დაგვწყვიტა გული ევროპალიგაზე. რა თქმა უნდა, "ყარაბაღთან" მარცხი უაღრესად მტკივნეული იყო, თუმცა ვიყოთ რეალისტები - საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანის პირველ გუნდთან თითქმის უშანსოდ იყო ორმატჩიან დუელში და ეს ჯერ კიდევ წილისყრის დღეს ვიცოდით...

საქართველოს ჩემპიონატში გია ცეცაძემ ჯერ ოქროს მედლები მოაგებინა გუნდს, დღეს კი ეს გუნდი, ოღონდ, განახლებული სახით, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მისი ფეხბურთი შემტევი, გახსნილი და საცქერად ხშირად კარგია საქართველოს დონეზე, თუმცა მისმა გაწვრთნილმა "სამტრედიამ" ევროარენაზე ჯერაც ვერ გაგვახარა.

ალბათ, ეს რომ გააკეთო, უკეთესი შემადგენლობა უნდა გყავდეს. ცეცაძეს თავიდან მოუხდა გუნდის აწყობა საჩემპიონო სეზონის შემდეგ და ესეც სათვალავშია ჩასაგდები.

გიორგი დევდარიანი
"რკინიგზელებს" გიორგი დევდარიანი მოძღვრავს. მისი მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს და ამის დასტურად შაბათს მოგებული თბილისური დერბიც გამოდგება. რიგი ჩავარდნების მიუხედავად, დევდარიანის "ლოკომოტივი" მაინც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის საქართველოს ჩემპიონატში.

მის ასისტენტ ხიზანიშვილზე ზემოთ უკვე ვთქვით. ზოგადად, "ლოკო" ფართოდ უღებს კარს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული და არც გამოცდილი კადრები აკლია. დევდარიანიც ძალიან თვითმყოფადი, თავისებური მწვრთნელია. მან უკვე მიაღწია გარკვეულ ევროწარმატებას გორის "დილასთან" ერთად და არ არის გამორიცხული, თუნდაც მომავალ სეზონში, "ლოკომოტივთან" ერთადაც სასიამოვნოდ გაგვაკვირვოს.

გიორგი ჭიაბრიშვილი
მან უკვე იცის ქართული ტიტულების გემო. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით "ზესტაფონმა" ძალიან მაგარი საშინაო ევრომატჩი ჩაატარა ბელგიურ "ბრიუგესთან".

ამ ეტაპზე თბილისური კლუბისთვის პრიორიტეტს ახალგაზრდა ფეხბურთელების წინა პლანზე წამოწევა წარმოადგენს. ამ მისიას კლუბი თავს კარგად ართმევს - თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს, იქ მრავლად არიან "საბურთალოს" აღსაზრდელები. ისე ჩანს, ჭიაბრიშვილი მალე უნდა გადავიდეს თვისობრივად ახალ დონეზე...

გიორგი დარასელია
გორულ კლუბში ახალმისულია. შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან რთულია. ერთი, რაც შეიძლება დაიწეროს, ეს არის - დარასელიას გაწვრთნილი გუნდები სტაბილურობით გამოირჩევიან. თავის დროზე, სწორედ ამით დაგვამახსოვრა თავი მის მიერ გაწვრთნილმა გორულმა კლუბმა...

გელა სანაია
კარგად მუშაობს ფოთურ კლუბში. შედეგი განსაკუთრებული ვერ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც სანაიას უწევს მუშაობა. ყოველ ექვს თვეში მას ახალი გუნდის შენება უწევს.

საიდუმლო არავისთვისაა - "კოლხეთი" საქართველოში თვითმყოფად ფეხბურთს თამაშობს და ამ გუნდში ხშირად ჩნდებიან ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული ლეგიონერები.

გიორგი შაშიაშვილი
შაშიაშვილმა გარისკა. მართლაც სასწაული იქნება, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველის ხელმძღვანელობით ქობულეთურმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს ეტაპი მისთვის დიდი გამოცდილებაა.

"შუქურაში" ამბობენ, კლუბი გრძელვადიანი განვითარების პროექტს იწყებსო და, ალბათ, შაშიაშვილი არ იქნება წინააღმდეგი, ამ პროექტის ნაწილი იყოს, თან - წარმატებულიც.

ეროვნული ლიგა 2
გიორგი მიქაძე
ვისაც უნდა ჰკითხო, გიორგი მიქაძეზე ყველა კარგს იტყვის. "მერანი" აწყობილი და გემრიელად მოთამაშე გუნდია. უკეთესობა ეტყობა მარტვილის საფეხბურთო ინფრასტრუქტურასაც. ამაში, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მიქაძის წვლილიცაა. ზოგადად, მომავალზე მოფიქრალი მწვრთნელია.

ვარლამ კილასონია
წლებია, ვარლამ კილასონია კედლად უდგას რუსთავურ ფეხბურთს და ამჯერადაც ასეა. მისი ხელმძღვანელობით "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. ფაქტია: კილასონიას აქვს საქმისადმი ძალიან სპეციფიკური მიდგომა. ფეხბურთელებში მას ყოველთვის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ახლაც ასეა.

თენგიზ კობიაშვილი
"ვიტ ჯორჯია" წლების განმავლობაში ინარჩუნებს საკუთარ ნიშას. ეგაა, ველოდით, რომ ამ დროისთვის "ვეტერინარებს" უკეთესი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდათ, ვიდრე ახლა აქვთ. როგორც ჩანს, გუნდმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნების ამოცანა სამომავლოდ უნდა გადადოს.

გიორგი ჭელიძე
ტყიბულის "მეშახტეს" თავკაცი ცოტა ხნის წინ მოქმედი ფეხბურთელი იყო. ის ძალიან თავისებური ფორვარდი იყო და რატომღაც სულ მეგონა, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას დაიწყებდა. ასეც მოხდა.

გიორგი ჭელიძემ იმუშავა "საბურთალოს" სისტემაში და თბილისის "შევარდენში", ახლა კი მისთვის ახალ გამოწვევას შეეჭიდა - "მეშახტეს" ეროვნულ ლიგა 2-ში უნდა შეუნარჩუნოს ადგილი.

* * *
ამ დროისთვის, რამდენიმე ისეთი მწვრთნელია, რომელიც უმუშევარია.

უპირველეს ყოვლისა, უჩა სოსიაშვილი უნდა გამოვყოთ. მისი ხელმძღვანელობით "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ზოგადად, მაშინდელ "დილას" ნამდვილად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. დასანანი იყო სომხურ "შირაქთან" ევროპალიგაზე განცდილი მარცხი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მაშინ გორული კლუბი ყოველგვარი პირობების გარეშე ემზადებოდა ორრაუნდიანი დუელისთვის...

ლევან ხომერიკი სულ ცოტა ხნის წინ ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. აჭარულ კლუბს ჩავარდნა ჰქონდა, რაც მოულოდნელი სულაც არ იყო იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, რომლებსაც ეს გუნდი განიცდიდა. ხომერიკს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უმუშავია.

ასევეა აჭარული ფეხბურთის კიდევ ერთი წარმომადგენელი გელა შეყილაძე. ის არცთუ დიდი ხნის წინ ხორვატი პეტარ შეგრტის თანაშემწე იყო ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში და ამ გუნდმა, თავისი სტატუსის კვალობაზე, წარმატებით ითამაშა...

* * *
რა თქმა უნდა, დღეს ქართული სამწვრთნელო სკოლა ჩამორჩება უცხოურს, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც ჩვენი საფეხბურთო მეურნეობის სხვა სეგმენტები. მწვრთნელი გარკვეულწილად სხვაზეა დამოკიდებული - ის ვერაფერს იზამს, თუ მას კვალიფიციური კადრები არ მიუყვანე. ამის გაკეთება კი საქართველოში არავის უნდა.

რა თქმა უნდა, მწვრთნელი ჯადოქარი არ არის, ხელის ერთი აქნევით შეცვალოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება და უნდა ვაკრიტიკოთ კიდეც ისინი ევროთასებზე განცდილი კრახისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტიც: ჩვენი ყველა მოწინააღმდეგე რესურსით ბევრად სჯობდა თითოეულ ქართულ კლუბს.

საერთოდ, საქართველოში მწვრთნელი ძალიან ხშირად ითვლება დაბალ ღობედ. კლუბების ხელმძღვანელები ლამის ყოველთვის მხოლოდ მათზე ტეხენ ჯოხს. აღარ გვინდა იმის გამეორებაც, რომ არაერთ შემთხვევაში, ამა თუ იმ კლუბში, მწვრთნელი მხოლოდ იმიტომ ირჩევა, რომ ის ვიღაცის ახლობელი ან მეგობარია...

ეს ტენდენცია სასწრაფოდ უნდა მოისპოს, რადგან თავშივე გამორიცხავს ყოველგვარ პროგრესს. სწორედ ესაა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენი - ფეხბურთელები და მწვრთნელები ძალიან ხშირად "წრეზე" დადიან და ბევრი წარუმატებელი სპეციალისტია ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა დონეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
მე მგონი მე და ჟურნალისტები სხვა და სხვა ფეხბურთებს ვუყურებთ ჩვენი გუნდების შესრულებით
მურთაზი
21:01 03-08-2017
0
მწვრთნელებზე ცუდს რა ნამუსით იძახიით?! ან არ გესმით და ან სპეციალურად იძახით მაგას! თუ ხარისხიანი მასალა არ გაქვთ ნორმალური სახლის აშენებას საიდან შეძლებთ?! მოდით რააა, სანამ რამეს დაწერთ თქვენს თავზე გადაიტანეთ ეგ ყველაფერი და წამით წარმოიდგინეთ რომ გყავთ გუნდი და ისეთი ფეხბურთელები რომლებიც საჭიროზე დაბალი დონის არინ! მაგრად მაინტერესებს რას იზამდით...
levani
21:00 03-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული