ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი შესვენებაა: საქართველოს ეროვნულ და, ფაქტობრივად, ყველა ასაკობრივ ნაკრებს ამ დღეებში ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩები ელოდება! აი, რაც შეეხება პაუზამდე გამართულ ტურს, როგორც მოსალოდნელი იყო, ხუთივე მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზედიზედ მეორე ტურია, ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში არანაირი გადაადგილება არ ხდება. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატურნირო ცხრილს ინტრიგა მოაკლდა...

ვიდრე XXIV ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ, აშკარად თვალში საცემ ტენდენციაზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. სამსაჯო თემას ვგულისხმობთ, ტურიდან ტურამდე რომ
აქტუალური ხდება და ადვილი წარმოსადგენია, ფინიშის სწორთან როგორი სიტუაცია იქნება!..

ახალი მემარჯვენეები
ეროვნულ ლიგაში გამოცხადებულ პაუზას მშვენიერ განწყობაზე ხვდება ჩემპიონობის აშკარაზე აშკარა ფავორიტი თბილისის "დინამო": კახა კაჭარავას გუნდი ტურიდან ტურამდე ზრდის სხვაობას უშუალო კონკურენტებთან და, შინ თუ გარეთ, ყველა მატჩში მოსაგებად გადის მოედანზე.

ასე მოხდა ამჯერადაც, როცა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა არცთუ იოლ მეტოქესთან (ბათუმის "დინამოსთან") და არცთუ იოლ დაპირისპირებაში გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს და მორიგი 3 ქულით ლიდერობაც განიმტკიცეს. აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ამ გუნდებს შორის ჩატარებულ პირველი წრის მატჩში, თბილისურმა გუნდმა გამარჯვების მომტანი გოლი ამჯერადაც შეხვედრის ბოლო წუთებზე გაიტანა.

ეგ კი არა, ცოტაც და, "სცენარიც" მეორდებოდა: პირველი წრის მატჩში სტუმრებს გამარჯვება ბექა მიქელთაძის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა, რომელიც ამჯერადაც ბოლო წამებზე ცდილობდა გიორგი ჩაკვეტაძის მართლაც შთამბეჭდავი სოლო-რეიდის ზუსტად დაგვირგვინებას, მაგრამ ბათუმელთა გუნდის ახალგაზრდა და უდავოდ ნიჭიერმა მეკარე ლევან შოვნაძემ ახლო მანძილიდან ურთულესი ბურთი მოიგერია. თუმცა დამატებაზე ყველას აკაკი შულაიამ დაასწრო და უძლიერესი (გნებავთ - აუღებელი) დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს" 20 წლის მარჯვენა გარემარბმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავისი ახალი გუნდის მაისურით გოლის გატანა.

აი, რაც შეეხება თბილისელთა კიდევ ერთ ახალწვეულს, 23 წლის მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა სადებიუტო გოლი გაიტანა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის მაისურით, თანაც - რა გოლი!

თუმცა, ძველი მეტოქეების დაპირისპირებაში ყველაზე ეფექტური გოლი მაინც მასპინძლებმა გაიტანეს და ამ შემთხვევაშიც თავი ახალწვეულმა გამოიჩინა: 27 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა თავისი მშვენიერი სოლო-რეიდით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ნაკრებშიც გამოდიოდა. სხვისი რა მოგახსენოთ და, ჩვენი აზრით, ოპტიმალურ ფორმაში რომ შევა, მაშინ კი ელგუჯა გრიგალაშვილს მართლაც უნდა ჰქონდეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შანსი.

დაბოლოს, კიდევ ერთ სუბიექტურ მოსაზრებაზეც: ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან დღესდღეობით თუ ვინმე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, ეს გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც 18 წელი დღეს (29 აგვისტო) უსრულდება...

ფრე ლიდერის სასარგებლოდ
ამ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, იმერული "დერბი" იწვევდა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ხვდებოდნენ. აღარაფერს ვამბობთ დღესდღეობით არსებულ სატურნირო ინტრიგაზეც: "სამტრედია" და "ტორპედო" მიმდინარე სეზონშიც იბრძვიან ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად და რაც მთავარია, ეს ორი გუნდია, თბილისის "დინამოს" რომ უწევს კონკურენციას ჩემპიონობისათვის ბრძოლაში.

ცალკე საუბრის თემაა "უხერხული მეტოქის" ფაქტორი: წლეულს, სეზონის პირველ მატჩში "სამტრედიამ" იყოჩაღა და სუპერთასის მატჩში მოუგო "ტორპედოს". აი, ამის შემდეგ კი უკვე ქუთაისელთა გუნდი დომინირებდა: "ტორპედომ" საქართველოს თასის მერვედფინალშიც აჯობა "სამტრედიას" და, რაც მთავარია, ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ წინა ორივე მატჩში!

ეს კი არა, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი "ტორპედო" ამჯერადაც ძალიან ახლოს იყო, ზედიზედ მეოთხედ დაემარცხებინა მოქმედი ჩემპიონი, მაგრამ იმერული "დერბის" მიწურულს, ქუთაისელთა კარში დანიშნული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტის წყალობით, "სამტრედიამ" ქულის გადარჩენა შეძლო.

ამით კიდევ გაგრძელდა გია ცეცაძის გუნდის წაუგებელი სერია: "სამტრედიის" დამარცხებას უკვე 9 ტურია ვერავინ ახერხებს! თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "სამტრედიამ" ზედიზედ მესამე მატჩი ითამაშა ფრედ (სამჯერვე - 1:1) და თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა ხომ გაზარდა, ამას გარდა, მესამე ადგილისც უნდა გაუფრთხილდეს, რომელსაც ამ ბოლო დროს მშვენივრად ათამაშებული "ლოკომოტივიც" მიუახლოვდა...

მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად საკამათო სიტუაციები "ტორპედოს" მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებშია: ხან 100-პროცენტიან გოლს უუქმებენ ქუთაისელთა გუნდს, ხან - საკამათო პენალტ(ებ)ს ნიშნავენ ამ გუნდის კარში და ასე შემდეგ...

იმერული დერბის მეგოლეებზეც ვთქვათ: 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ პირველი გოლი გაიტანა "ტორპედოს" მაისურით. აი, "სამტრედიის" წაუგებელი სერიის შენარჩუნება კი გუნდის ახალწვეულის, ნიკა საბანაძის დამსახურებაა: 26 წლის ცენტრფორვარდმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ უზეიმია!

სხვათა შორის, "ტორპედოში" ასპარეზობის პერიოდში (I-II წრე), საბანაძემ 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ახლა კი, რაც "სამტრედიაში" გადავიდა, მართლაც მშვენიერი მაჩვენებელი აქვს: 6 მატჩი და 5 გოლი!

ადრე სუპერდუეტი, ახლა სუპერტრიო!
I წრეში და II წრის დასაწყისში "ლოკომოტივის" მეტოქეებს მართლაც თავსატეხი ჰქონდათ გაჩენილი: როგორ შეეჩერებინათ ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის სუპერდუეტი. შეგახსენებთ, რომ სიხარულიძეს და გავაშელიშვილს, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ლამის ყველა მატჩში გაჰქონდათ გოლები...

და ასე გრძელდებოდა 14 მაისამდე, როცა "საბურთალოსთან" მატჩის დასაწყისში მამია გავაშელიშვილმა ტრავმა მიიღო და ამის გამო, ფაქტობრივად, 3 თვე გაუცდა. 22 წლის შემტევი მხოლოდ წინა ტურში დაბრუნდა და შეცვლაზე შესულმა, ფაქტობრივად, პირველსავე შეხებით გოლი გაიტანა!

იგივე მოხდა ამ ტურშიც: მოედანზე გამოსვლიდან ორიოდ წუთში, გავაშელიშვილმა ზუსტი დარტყმით მე-10 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში!

აი, რაც შეეხება ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი სიხარულიძეს, 27 წლის ცენტრფორვარდმა შორეული და უზუსტესი დარტყმით "შუქურასთან" გასვლით მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოკლედ, სუპერდუეტი ისევ აღდგა, თუმცა გიორგი დევდარიანის გუნდს ახლა უკვე... სუპერტრიო ჰყავს: მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, 19 წლის შემტევმა ვატო არველაძემ მორიგი გოლი-შედევრი შემოგვთავაზა და სწორედ მისი უზადო ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გახსნა კიდევაც ანგარიში "ლოკომოტივმა" ამ მატჩში.

სიხარულიძე-გავაშელიშვილი-არველაძე - ამ მართლაც სუპერტრიოსგან კიდევ უნდა ველოდოთ შედეგიან თამაშსაც და საერთოდ, "ლოკომოტივისგანაც" უნდა ველოდოთ წარმატებულ და, რაც მთავარია, სტაბილურ ასპარეზობას.

აი, "შუქურაზე" კი ვერც იმას იტყვის ვინმე, მონდომება დააკლესო და ვერც იმას, რომ აუტსაიდერობას შეეგუა: მთავარ მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილის მისვლის შემდეგ ქობულეთელთა გუნდის თამაშში პროგრესი აშკარაა!

ისიც აშკარაა, რომ ახალწვეულებმაც მნიშვნელოვნად გააძლიერეს "შუქურა", რისი დასტურიც გამოცდილი ფორვარდის, 30 წლის დავით ჩაგელიშვილის შედეგიანი თამაშია: 6 მატჩი ქობულეთელთა გუნდის მაისურით III წრეში და 4 გოლი!

ნავსი გატყდა!
XXIV ტური ისეთი მატჩით მთავრდებოდა, ექვსქულიანს რომ ვუწოდებთ ხოლმე: "დილა" და "კოლხეთი" პლეი-აუტის ზონაში იმყოფებიან და ერთმანეთზე უარესი შედეგით ხვდებოდნენ ამ სანაკრებო პაუზას. საბოლოოდ კი, რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება: ზედიზედ 6 (ექვსი!) წაგების მერე "დილამ", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა!

ეს წარმატება გორელთა გუნდის თავკაც გიორგი დარასელიასათვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო: პირველი მოგება "დილაში" დაბრუნების შემდეგ! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩში მასპინძელთა შემადგენლობაში შვიდმა ლეგიონერმა იასპარეზა, რომელთაგან ერთ-ერთს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში: 22 წლის ბრაზილიელ მცველ გილერმე მორასს.

სწორედ მისმა თანამემამულემ, 25 წლის ფლავიო ნუბიომ გახსნა ანგარიში ამ "ექვსქულიან მატჩში", აი, ამის შემდეგ კი წინა პლანზე ქართველი ფეხბურთელები გამოვიდნენ: თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა "დილას" ახალწვეულმა, 23 წლის ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ, რომელსაც ასისტენტობა შეცვლაზე შემოსულმა დავით კირკიტაძემ გაუწია.

24 წლის დავით კირკიტაძემ საგოლე პასს მატჩის მიწურულს ზუსტი დარტყმაც მოაყოლა და სრულიად დაიმსახურა ადგილი XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც!

"კოლხეთის" წარუმატებელი სერია კი გრძელდება: ფოთელთა გუნდს უკვე 10 მატჩია, თამაში არ მოუგია! იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ გუნდს, ფაქტობრივად, მთელი სეზონის განმავლობაში თან სდევდა საკადრო თუ ფინანსური პრობლემები.

ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ "დილასთან" მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა გელა სანაიამ.

არადა, 39 წლის სპეციალისტზე აუგი არავის უნდა დასცდეს: ამდენი პრობლემის მიუხედავად, "კოლხეთმა" I და II წრეში რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა, თუმცა მერე გუნდის ყველა გამორჩეული ლეგიონერი (მიკოლა კოვტალიუკი, ვლადიმირ კორობკა, სტეფან სიკაჩი, არფანგ დაფე), სხვადასხვა მიზეზით "კოლხეთიდან" წავიდა და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა...

დაბოლოს, ტურის ერთადერთ უგოლო მატჩზეც. "ჩიხურას" არასტაბილური ასპარეზობა უკვე აღარავის უკვირს და სოსო ფრუიძის გუნდიც, დიდი ალბათობით, ძირითად აქცენტს საქართველოს თასზე გააკეთებს.

აი, "საბურთალომ" კი მეხუთე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და ისიც გამოსარჩევი ფაქტია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ ხუთ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით, რაზმაძე, რომელსაც როგორც ვეტერანს და ნაკრებში ნათამაშებ ფეხბურთელს პატივს ვცემ, სიმბოლურში შესაყვანი კიარა ტურის ანტიგმირად დავასახელებდი. ყრუაშვილს დროზე, რომ მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება ბოლქვაძე გადარჩებოდა ტრამვას. მანამდე უკვე წითელი ბარათი არაერთი ქმედებით დაიმსახურა.
gizog
14:36 29-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული